Accessibility links

logo-print

ხელისუფლების წარმომადგენლები პანკისიდან სირიაში ექსტრემისტულ დაჯგუფებებში გასაწევრიანებლად წასული ახალგაზრდების შესახებ საუბრობენ. ვიცე-პრემიერ კახა კალაძის თქმით, ამ პრობლემის გარშემო ყველა უნდა გაერთიანდეს - ოჯახით დაწყებული და სახელმწიფოთი დამთავრებული. პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მსხვერპლთა სოლიდარობის აქციები. რა გზით შეიძლება აღკვეთოს ხელისუფლებამ ახალგაზრდების ექსტრემისტულ დაჯგუფებებში გაწევრიანება?

მას შემდეგ, რაც აპრილის დასაწყისში პანკისის ხეობიდან ორი არასრულწლოვანი წავიდა სირიაში, 16 აპრილს პანკისის ხეობაში კიდევ ერთი ახალგაზრდის, 19 წლის ჯამლეტ ბორჩაშვილის, გაუჩინარების ამბავი გავრცელდა. ჯამლეტის დედა თინა ბორჩაშვილი ამბობს, რომ მისი ვაჟი სამი დღის წინ წავიდა სახლიდან და აღარ გამოჩენილა: „თავისი ზურგჩანთა აიკიდა, გავიდა გარეთ, მითხრა, მივდივარო და აზრზეც არ ვიყავი, სად მიდიოდა“.

ნამდვილად სირიაში წავიდა თუ არა ჯამლეტი, ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. რაც შეეხება 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილსა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილს, მათი სირიაში წასვლიდან რამდენიმე დღის თავზე, ინტერნეტში ფოტო გავრცელდა, რომლის თანახმადაც, პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრნი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) რიგებში ჩაეწერნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის გავლით სირიაში გადასული ახალგაზრდების შესახებ 16 აპრილს კომენტარი გააკეთა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. მისი თქმით, საკმაოდ ძნელია გაკონტროლდეს საქართველოდან თურქეთში სრულწლოვანი ადამიანის გასვლა, არასრულწლოვანის მიერ საზღვრის გადაკვეთის მოკვლევა კი დასრულებულია და ამჯერად მესაზღვრის სასჯელის ფორმას გენერალური ინსპექცია განსაზღვრავს:

„საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც ამოწმებდა ამ ბავშვს, შეცდომა დაუშვა. ის მიიღებს შსს-ს შიდადებულებით დადგენილ ადმინისტრაციულ სასჯელს. პანკისის ხეობაში მოკვლევა დაწყებულია, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, თუ ვინ მოუწოდებს ახალგაზრდებს სირიაში წასვლისკენ“.

გასულ წელს სირიაში პანკისის ხეობის ათამდე მკვიდრი დაიღუპა. ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოქალაქეა წასული საზღვარგარეთ ექსტრემისტულ სამხედრო დაჯგუფებებში საბრძოლველად, არ არსებობს. სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ძნელია ქვეყანამ გააკონტროლოს თურქეთში წასული მოქალაქეების შემდგომი მარშრუტი. ერთ-ერთი გზა, თუ როგორ აღკვეთოს სახელმწიფომ, მაგალითად, პანკისის ხეობიდან ექსტრემისტულ დაჯგუფებებში საკუთარი მოქალაქეების გადინება, მისი თქმით, ხეობაში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, თუმცა ეს შედარებით შორეული პერსპექტივააო, იქვე დასძენს, და ამ გზით პრობლემა მოკლე ხანში ვერ გადაიჭრებაო. ამიტომ ის გამოსავლის მეორე გზაზე მიუთითებს:

„რა თქმა უნდა, აუცილებელია სპეცსამსახურების ოპერატიული მუშაობა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც პოტენციური წამსვლელია ISIS-ის რიგებში საბრძოლველად, დროულად იყოს გამოვლენილი. რა თქმა უნდა, ეს ახალგაზრდები ერთ დღეში არ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს. მათ ჰყავთ ის ადამიანები, რომლებიც ხვდებიან ახალგაზრდებს თურქეთში, ასწავლიან გზებს და ა.შ. სწორედ, აი, ეს კავშირებია გამოსავლენი“.

პანკისში მცხოვრები ქისტების ინტეგრირების აუცილებლობაზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე. მისი თქმით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც პანკისის ხეობა მდებარეობს, პანკისელები მინიმალურად არიან წარმოდგენილნი და ასევე მინიმალური კონტაქტი აქვთ ქართულ მოსახლეობასთან. ამას ემატება ისიც, რომ, ალეკო კვახაძის თქმით, „ისლამურ სახელმწიფოს“ საკმოდ კარგად აქვს აწყობილი პროპაგანდისტული სისტემა და არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ ევროპული ქვეყნებიდან თუ აშშ-დანაც ახერხებენ ადამიანების გადაბირებას:

„სპეცსამსახურებმა შესაძლოა ეს პროცესი კონტროლირებადი გახადონ, მაგრამ მას ვერ აღკვეთენ. ანუ ჩვენ შედეგს კი არა, მიზეზს უნდა ვებრძოლოთ. ანუ ყველაფერი ისევ და ისევ მიდის ეკონომიკაზე და რეგიონის ინტეგრაციაზე ქართულ საზოგადოებასთან. ანუ თუკი თითოეულ მცხოვრებს ექნება იმის პერსპექტივა, რომ საქართველო არის მისი სახელმწიფო და მას თავისი გამოცდილება და ცოდნა შეუძლია მოახმაროს ქართულ სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებ ადამიანს გაუჩნდება იმის განცდა, რომ წავიდეს რომელიმე სხვა კონფლიქტში საბრძოლველად“.

პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლის ფაქტს 17 აპრილს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ პრობლემის გარშემო ყველა უნდა გაერთიანდეს - ოჯახით დაწყებული და სახელმწიფოთი დამთავრებული.

მაშინ როდესაც პანკისის ხეობიდან ახალგაზრდები ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ჩასაწერად მიდიან, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ამ დაჯგუფების მსხვერპლთ სოლიდარობას უცხადებენ. როგორც 17 აპრილს გამართული სოლიდარობის აქციის ორგანიზატორები, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრები, ამბობენ, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე - მათ შორის, სირიასა და ერაყში - ადგილი აქვს ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკ მოპყრობას, რელიგიურ ნიადაგზე დევნას, წამებას, გოგონებისა და ქალების გაუპატიურებას, სიკვდილით დასჯას. სწორედ ამ ქმედებებს აპროტესტებენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში შეკრებილი ადამიანები, სწორედ „ისლამური სახელმწიფოს“ მსხვერპლთ უცხადებენ მხარდაჭერას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG