Accessibility links

logo-print

პანკისში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვენ


სოფელი დუისი

სოფელი დუისი

26 მაისს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სპეციალურ წარმომადგენელ სიმონე უოლკენთან ერთად პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები მოინახულა. უსაფრთხოება და მძიმე სოციალური ყოფა - ეს ის მთავარი პრობლემებია, რომელთაც ხეობაში დღემდე შემორჩენილი ჩეჩენი ლტოლვილები უჩივიან. ეს წლების წინ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან იძულებით ჩამოსული ჩეჩნების ის ნაწილია, რომელმაც ფინანსური გაჭირვებისა და საჭირო დოკუმენტაციის უქონლობის გამო საქართველო ვერ დატოვა.

პანკისის ხეობაში - კერძოდ კი, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში - ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე მისი მინისტრად ყოფნის რანგში პირველად ჩავიდა და იქ მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილებს შეხვდა - გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (გლუკის) ფინანსური მხარდაჭერით გახსნილი მცირე საწარმოებიც მოინახულა და იქ მცხოვრებთა პრობლემებიც მოისმინა. ჩეჩენი ლტოლვილებისათვის, ისევე როგორც წლების წინ, დღესაც აქტუალურია უსაფრთხოების პრობლემა. უსაფრთხოება, მათივე განცხადებით, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მძიმე სოციალურ ყოფასაც ფარავს. დავით დარახველიძე აცხადებს, რომ ამ ადამიანებს კანონი იცავს და მათი უსაფრთხოება საქართველოში დაცულია:

”ის, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების გზას ადგას, არ ნიშნავს იმას, რომ ლტოლვილებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში კანონიერად არიან და მათ ჩვენი სახელმწიფოს მიერ ლტოლვილის სტატუსი აქვთ მინიჭებული, რაიმე საფრთხე ემუქრებათ. მათ ნაწილს უკვე მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, სწორედ ეს არის მათთვის უსაფრთხოების სახელმწიფო გარანტია და როგორი დათბობაც არ უნდა იყოს სხვა ქვეყანასთან, ეს მათ პრობლემებს არ შეუქმნის”.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანა რუსეთის ფედერაციიდან ლტოლვილ ჩეჩნებზე ზრუნვაცაა. ისინი მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობენ...
მინისტრს ჩეჩენ ლტოლვილებთან შეხვედრაზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი სიმონე უოლკენიც ახლდა თან.

”ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანა რუსეთის ფედერაციიდან ლტოლვილ ჩეჩნებზე ზრუნვაცაა. ისინი მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობენ და მათ ნაწილს უკვე საქართველოს მოქალაქეობაც აქვს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს სამინისტროსთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს - ჩვენ ერთობლივად ვცდილობთ ამ ადამიანების დახმარებას, განსაკურებით კი შემოსავლის მოპოვების წყაროების დაფინანსებაში. ამ პატარ-პატარა პროექტების გარეშე ძალიან რთული იქნებოდა მათთვის პანკისში დარჩენა და ცხოვრება, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ადგილია საქართველოში”, - განაცხადა სიმონე უოლკენმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ პანკისში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების უმეტესობა, ვისაც კი ფინანსური საშუალება ჰქონდა და დოკუმენტებიც მოაწესრიგა, მესამე ქვეყანაში წავიდა, მათ შორის, თურქეთსა და ავსტრიაში. ბევრი მათგანიც გაუსაძლისი სოციალური პირობების გამო დედაქალაქში გადასახლდა. დღეს პანკისის ხეობაში დარჩენილი ჩეჩენი ლტოლვილების უმრავლესობა კომპაქტურად არის ჩასახლებული 4 საერთო საცხოვრებელში. მათმა ნაწილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, რის შემდეგაც მათ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებლის შესაძენად და მცირე ბიზნესის წამოსაწყებად გარკვეული ოდენობის თანხა გადაეცათ. თუმცა ამას მათი პრობლემები ბოლომდე არ მოუგვარებია:

”გააკეთეს პატარა საწარმოები, ზოგმა ბლოკის საამქრო, ზოგმა სილამაზის სალონი გახსნა, ზოგმა ფეხსაცმლის შემკეთებელი პუნქტი, მაგრა რადგან იქ ყველას უჭირს, მაინც ძნელად ამუშავებენ”.

გელა მთივლიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ კითხვის ნიშნები არსებობს მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც:

ზუსტად იმის გამო, რომ ისინი წლებია საქართველოში ცხოვრობენ და მათ გამო ქვეყანას რამდენჯერმე გარკვეული პრობლემები შეექმნა, საკმაოდ მოკრძალებულად არიან და ზედმეტად არავის აწუხებენ თავიანთი პრობლემებით - ეკონომიურ მდგომარეობაზე არც საუბრობენ...
”მე რაც მათგან ვიცი, ის არის, რომ უსაფრთხოდ თავს არ გრძნობენ - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორი მოჯაჰედი გაუჩინარდა. მერე რა, რომ ისინი ჩეჩნები არ არიან და დაღესტნელები არიან. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ხელისუფლებისგან ლტოლვილის სტატუსს ითხოვდა და მის მიღებამდე გაუჩინარდა. ჩემთან პირად საუბარში სულ მეკითხებიან, ხომ არ არის საფრთხე, რომ ისინი ხელისუფლებამ რუსეთის ხელისუფლებას გადასცეს”.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს მთავარი მრჩეველი მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ პანკისის ხეობაში დაახლოებით 300-მდე ჩეჩნეთიდან ჩამოსული ლტოლვილი დარჩა. მათი სოციალური ყოფა, ადგილობრივი მოსახლეობის მსგავსად, საკმაოდ მძიმეა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ხედავენ, თუ როგორც ცხოვრობენ მათი მეზობლები, მექა ხანგოშვილის თქმით, მათგან პრეტენზიები ნაკლებად ისმის. უმთავრესი პრობლემა მათთვის დღემდე მაინც უსაფრთხოება რჩება:

”ზუსტად იმის გამო, რომ ისინი წლებია საქართველოში ცხოვრობენ და მათ გამო ქვეყანას რამდენჯერმე გარკვეული პრობლემები შეექმნა, საკმაოდ მოკრძალებულად არიან და ზედმეტად არავის აწუხებენ თავიანთი პრობლემებით - ეკონომიურ მდგომარეობაზე არც საუბრობენ, იმდენად მნიშვნელოვანია მათთვის უსაფრთხოების საკითხი. რეალურად მათ არაერთი პრობლემა აქვთ. ადრე თითქოს იყო მცდელობა ამ პრობლემების მოგვარებისა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოჩვენებითი - აი, თუნდაც სამგზავრო დოკუმენტები რომ დაურიგეს, რომლითაც აზერბაიჯანში გადასვლაც კი ვერ შეძლეს. ბევრმა მათგანმა სწორედ იმიტომ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, რომ მეზობელ ქვეყანაში გადასვლა შეძლებოდათ“.

მექა ხანგოშვილი იმასაც გვეუბნება, რომ საქართველოში დღეს ის ჩეჩენი ლტოლვილები არიან დარჩენილი, ვისაც არც ერთ ქვეყანაში წასვლა არ შეუძლია - საამისოდ მათ არც საჭირო ფინანსები გააჩნიათ, არც დოკუმენტაცია. ამიტომ მათ ისღა დარჩენიათ, დაელოდონ, რომ ოდესმე საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG