Accessibility links

logo-print

27 ივლისს მთავარმა პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. პროკურატურაში გამოძახების უწყება გაეგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე მოსამართლეს. საქმე შეეხება პაპუაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას მოსამართლეების შანტაჟისა და მათზე ზეწოლის შესახებ, რაზეც საგამოძიებო ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრეს. გიორგი პაპუაშვილი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა - მისი მოთხოვნა, შეხვდეს ჯერ პრემიერ-მინისტრს, უცვლელია. 27 ივლისს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში შეხვდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში, თბილისის დროით, 13.00-ზე იყო დაბარებული, თუმცა იქ მას ტყუილად ელოდნენ. პაპუაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე სასაუბროდ ჯერ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას მოითხოვს. მისი განცხადებით, პროკურატურა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, რომ სასწრაფოდ გამოცხადდნენ დაკითხვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებით ემუქრება:

„პროკურატურამ მოსამართლეების სახლებთან და სამუშაო ადგილებზე, ფაქტობრივად, შტურმი განახორციელა, რომ უწყებები სასწრაფოდ ჩაბარებოდათ. ეუბნებოდნენ, რომ სასწრაფოდ გამოცხადებულიყვნენ პროკურატურაში, ხოლო გამოუცხადებლობის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებით ემუქრებოდნენ. ეს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს და ეჭვს, რომ ეს საქმე სასწრაფოდ მიიფარცხოს და არ იქნას სერიოზულად გამოძიებული. ამიტომ ველი, რომ მას შემდეგ, რაც მთავარი ხელმძღვანელობა აიღებს პასუხისმგებლობას, მერე გვექნება შეხვედრა მთავარ პროკურორთანაც და რაღაც რეალური შანსი გაჩნდება, რომ ეს საქმე მართლა გამოიძიონ“.

27 ივლისს პროკურატურაში მივიდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი, რომელმაც მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მას პირადად არავისგან ზეწოლა არ განუცდია, ხოლო პაპუაშვილის განცხადება ამ თემაზე მოულოდნელიც კი იყო. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ყოველთვის იყვნენ დამოუკიდებლები.

პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტ მარგველაშვილის სიძეც, მინდია გოგოჭური, რომლის მიმართ ზეწოლაზე მარგველაშვილი ორი დღის წინ საუბრობდა. მისი სახლის ჩხრეკის კომენტირებისას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ეს იყო ჩვეულებრივი საპოლიციო მოქმედება, რომლის მსგავსიც დღეში ათობით ტარდება“. დანარჩენს, მისი თქმით, გამოძიება დაადგენს.

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

პოლიტიკურ წრეებში კი ისევ განხილვისა და შეფასების საგანია როგორც პრეზიდენტის, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები. 27 ივლისს პაპუაშვილის პროკურატურაში მისვლაზე უარს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რადგან პაპუაშვილი ასეთ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს, უნდა გამონახოს დრო და, თუნდაც მისთვის სასურველ ჟამს, მივიდეს პროკურატურაში:

„რადგან ის იცლის არასამთავრობოებთან შესახვედრად, სხვა პირებთან შეხვედრებისათვის, მაშინ მან, პირველ რიგში, იმისთვის უნდა მოიცალოს, რომ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუკი მას, ცხადია, ამგვარი რამ საერთოდ გააჩნია, მიაწოდოს ის საგამოძიებო ორგანოებს“.

საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობა ქვეყანაში მისი უმოქმედობის გამო თითქმის დავიწყებული მქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წავუყრუოთ იმ პრობლემებს, რაზეც გიორგი პაპუაშვილი საუბრობსო, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამბავს. მოსამართლეთა პროკურატურაში დაბარების თაობაზე კი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ „პროკურატურაში არავის დაბარება ზეწოლა არ არის, ეს არ არის სწორი მიდგომა“:

„ეს სასამართლო ჩვენ დაგვავიწყდა არა იმიტომ, რომ იქ არავინ მიდიოდა და არ ჩიოდა, არამედ იმიტომ, რომ მათ თავად დაავიწყდათ საკუთარი ფუნქციები. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაჩნდა ამ ქვეყანაში, როგორც ფაქტორი. რაც შეეხება გიორგი პაპუაშვილს, მის ობიექტურობაზე მე მაღალი აზრი დიდი ხანია არ მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს აბსოლუტურად არაფერს იმ ტიპის პრობლემებთან მიმართებით, რაზეც ის დღეს საუბრობს“.

ამ ფაქტებზე თუ არ ისაუბრეს კონკრეტულმა პირებმა, თავად ბატონმა პაპუაშვილმა და იმ მოსამართლეებმა, რომელსაც ის გულისხმობს, არ ვიცი, გამოძიებამ როგორ უნდა დაადგინოს სიმართლე - იწინასწარმეტყველოს? იმკითხაოს? თუ რა ფორმით ჩაატაროს გამოძიება?..

თუ კითხვები არსებობს, მათ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაეცეს პასუხი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და დაამატა, რომ კარგი იქნებოდა, თუ არჩევნებამდე დარჩენილ დროში ქვეყნის პირველი პირები რამდენიმე სამუშაო შეხვედრას გამართავდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციისათვის კი საკითხი ასე დგას: უმრავლესობის დეპუტატები ფიქრობენ, რომ თუ პაპუაშვილმა პროკურატურას არ მიაწოდა ინფორმაცია, რა ზეწოლაზეა საუბარი, მაშინ გამოძიება ეფექტურად ვერ წარიმართება. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა ხელისუფლების იარაღია. ასე ფიქრობენ ეკა ბესელია „ქართული ოცნებიდან“ და სერგო რატიანი „ნაციონალური მოძრაობიდან“:

„პროკურატურამ უნდა გაიგოს, რა ტიპის ზეწოლა ხდება, ვისზე ხდება, საიდან მოდის ეს ზეწოლა - ბრიუსელიდან, საქართველოდან, ოდესიდან თუ საიდან. ამ ფაქტებზე თუ არ ისაუბრეს კონკრეტულმა პირებმა, თავად ბატონმა პაპუაშვილმა და იმ მოსამართლეებმა, რომელსაც ის გულისხმობს, არ ვიცი, გამოძიებამ როგორ უნდა დაადგინოს სიმართლე - იწინასწარმეტყველოს? იმკითხაოს? თუ რა ფორმით ჩაატაროს გამოძიება?“

„დღეს პროკურატურა გადაქცეულია პოლიტიკურ იარაღად „ქართული ოცნების“ ხელში და, ბუნებრივია, როდესაც პაპუაშვილი ამბობს, რომ ის ჯერ დაელაპარაკება პრემიერს და არა პროკურატურას, ეს ლოგიკურია, რადგან ელაპარაკებიან მას, ვისაც ეს იარაღი უჭირავს და არა იარაღს“.

27 ივლისს ქვეყნის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას მოსამართლეებზე ზეწოლის თაობაზე და ასევე პროკურატურის იმ განცხადებას, რომლითაც ყველა მოსამართლე და, მათ შორის, გიორგი პაპუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. პრემიერ-მინისტრს უცნაურად ეჩვენება გიორგი პაპუაშვილის პროკურატურაში მიუსვლელობა, თუმცა იქვე დასძენს, რომ უახლოეს მომავალში შეხვდება მას და მის პრეტენზიებს მოისმენს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG