Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი მარგველაშვილს შეხვდა


საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტი
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი მარგველაშვილს გაუმხილა დეტალები მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, რომელზეც მან განცხადება 21 ივლისს გააკეთა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, ამ ამბავს ის „არ გაუკვირვებია“, რადგან მსგავსი „საშიში ტენდენციები“ ქვეყანაში დიდი ხანია შეინიშნება. ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს რეაგირებისკენ მოუწოდებს, გიორგი პაპუაშვილი კი შეხვედრას პრემიერ-მინისტრთანაც აპირებს, თუმცა როდის, ჯერ დაზუსტებული არ არის.

პაპუაშვილი მარგველაშვილს შეხვდა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:41 0:00
გადმოწერა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი არ ამხელს იმ მოსამართლეთა ვინაობას, რომლებზეც მისი მტკიცებით ზეწოლაა, თუმცა, როგორც ამბობს, პრეზიდენტ მარგველაშვილს კონკრეტული შემთხვევების შესახებ ესაუბრა.

„ვინ, რამდენი მოსამართლე, ამაზე ინფორმაციას მაშინ გავავრცელებ, როდესაც საქმე დაიძვრება“.

მე მზად ვარ შევხვდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ამ საშიშ ტენდენციებს, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩნდება, გავცე სწრაფი, ადეკვატური და აზრიანი პასუხი...
გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილმა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა საქმე გამოიძიონ, რადგან, მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები იშვიათი არ არის. პრეზიდენტმა თქვა ასევე, რომ ერთი თვის წინ იყო სამართალდამცავების ჩარევით მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობაც:

„მე მზად ვარ შევხვდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ამ საშიშ ტენდენციებს, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩნდება, გავცე სწრაფი, ადეკვატური და აზრიანი პასუხი“.

მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ განცხადება გიორგი პაპუაშვილმა 21 ივლისს გააკეთა. ის ირწმუნება, რომ დაშანტაჟების მიზნით უთვალთვალებენ ძირითადად იმ მოსამართლეებს, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებს განიხილავენ, მიზანი კი, პაპუაშვილის მტკიცებით, არის ამ საქმეების გაჭიანურება ან ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ, პაპუაშვილის განცხადებას „სახელმწიფოსთან დაპირისპირებული“ განცხადება უწოდა.

„ჩვენს სახელმწიფოში ასეთი არ არსებობს და თუკი არსებობს, იგი [პაპუაშვილი] ვალდებულია, წარმოადგინოს რამე, დამადასტურებელი“.

ამ განცხადების შემდეგ 4 დღე გავიდა, მაგრამ პროკურატურაში საქმე ჯერ არ აღძრულა, არც გიორგი პაპუაშვილი დაუკითხავთ, თუმცა, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი, გიორგი გოცირიძე, განმარტავს, ეს სატელევიზიო განცხადება უნდა გამხდარიყო პროკურატურისთვის გამოძიების დაწყების საფუძველი. ამასთან, გიორგი გოცირიძე შენიშნავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე აღიძრა, გამოძიება ჩემთვის სანდო ვერ იქნებაო:

გიორგი გოცირიძე
გიორგი გოცირიძე

„საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი გამოძიების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, რადგან გამოძიება შეიძლება აწარმოოს იმ ადამიანმა, ვინც თავად განახორციელა ამგვარი ზეწოლა. არც ერთი ასეთი ფაქტი, რაც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ზეწოლას ეხებოდა, არათუ გამოძიებული არ იქნა, არავინ დაინტერესებულა გაერკვია, რა შედეგები დადო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პროკურატურამ“.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 21 ივლისსვე გამოაქვეყნა განცხადება, რომ მზად არის გამოძიება დაიწყოს, თუ გიორგი პაპუაშვილი დაკითხვაზე გამოცხადდება და დეტალურ ინფორმაციას წარადგენს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე კი ამბობს, რომ მზად არის შეხვდეს მთავარ პროკურორს, თუ ჩათვლის, რომ ისინი მზად არიან გამოძიების დასაწყებად „არა როგორც ადრე, როდესაც არანაირი რეაგირება არ ყოფილა და, პირიქით, მდგომარეობა გაუარესდა“.

გიორგი პაპუაშვილს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაც უნდა, თუმცა, მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის ადმინისტრაციიდან ჯერ პასუხი არ მიუღია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აპირებს შეხვდეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG