Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ხმა


რამდენჯერაც მის ხმას გავიგონებ - სამწუხაროდ, უკვე გაბანალურებულს და არა ისევე მომნუსხველს, როგორც ადრე, - სულ იმას ვფიქრობ: სად იყო და სად აღმოჩნდა, ან რატომ დაიმდაბლა ასე თავი…

დაიმდაბლა, რადგან ვინც რა უნდა თქვას, მაინც ასეა: პოლიტიკა დამდაბლებაა.

რაზე უწევს ლაპარაკი, რაზე უწევს ხმის იოგების დაღლა და დაცვეთა, რომლებიც, როგორც ჩანს, სასიმღეროდ აღარ სჭირდება, რაზე უწევს წინასწარ წაგებული პოლემიკა, როცა ოდესღაც თავისი ვეებერთელა ხმით თრგუნავდა თუნდაც ფილიპე ესპანელს…

ერთი ხმა
please wait

No media source currently available

0:00 0:07:17 0:00
გადმოწერა

ადრე ესკორიალში მიდიოდა ევროპულ პოლიტიკაზე სამღერლად, ახლა თბილისის პროკურატურაში უწევს სიარული…

სადაა მისი დიდი ინკვიზიტორი? ან ბორის გოდუნოვი? ანდა ატილა?

სადღაა ვერდის ტრანსცენდენტალური მუსიკა? რატომ უღალატა ამ სამყაროს, ან რისთვის, რის სანაცვლოდ?

ჯერ თითქოს იმ საეჭვოდ გასხივოსნებული ქალის სიზმრით შთაგონებულმა აგროვა ფული მახათას მთაზე ასაშენებელი პატივმოყვარეობის მორიგი მონუმენტისთვის (თქვენი არ ვიცი და, ამ ახლადაშენებულ პატივმოყვარეობის მონუმენტებს მე ვერაფრით აღვიქვამ ეკლესიებად), მერე კი სულ მთლად დამდაბლდა პოლიტიკამდე, ან შეიძლება ეს უნდოდა ყოველთვის და, უბრალოდ, უნიკალურმა ხმამ და იღბალმა აქცია ლეგენდარულ მომღერლად… თუკი ოდესღაც მეოცე საუკუნის ბოლო დიდ ტენორებს ედგა გვერდით (თუნდაც პავაროტის და დომინგოს, ვისთან ერთადაც “აიდას” მღეროდა “ლა სკალასა” და “მეტროპოლიტენ ოპერაში”), ახლა დაბალი რეგისტრის, უინტერესო და, რაც მთავარია, მიზან და იდეალებგამოურკვეველ ვითომ პოლიტპარტნიორებთან ერთად მიისაჯა დგომა (ისე კი, ვეღარ გამიგია, ბოდიში ამ სიტყვისთვის და, მახათას იდეოლოგიის ხალხს რა ესაქმება ე. წ. მემარიხუანეებთან და ან მემარიხუანეებს რა უნდათ ე. წ. მახათელებთან? რატომ არიან ერთად? ფონეტიკური მსგავსების გამო?).

ამ დროს, სად იყო, რა სიმაღლეზე! ვისაც ოპერა უყვარს და მისი ხმა შთააგონებდა, ის კიდევ უფრო მეტად განიცდის ამ ხმოვან დანაკარგს

ეს ხმა ნოტებს ჰერბერტ ფონ კარაიანის სადირიჟორო ჯოხის მოძრაობით აძლევდა ფორმას: როცა მოცარტის “რეკვიემს” მღეროდა კარაიანთან; როცა კომანდორის ქვის ხმით გრგვინავდა ზალცბურგის “დონ ჯოვანიში”, და ეს კაცი, გენიოსი, ყველა დროის დირიჟორთა შორის საუკეთესო, მას “მეორე შალიაპინად” მოიხსენიებდა… შალიაპინს, ანუ ბასების მეფეს ადარებდა… ჰო, სწორედ ბასების და არა “მსოფლიო ბანების”, როგორც ზოგიერთი გაუნათლებელი ქართველი ჟურნალისტი უწოდებს ამ ხმებს: “მსოფლიო ბანი” - ასეთი ცნება არ არსებობს.

და ახლა სადაა? ის, რაც პატივმოყვარეობის სიმბოლოდ უნდა აშენებულიყო მახათას მთაზე, პოლიტიკაში აღიმართება?

ვისთვის, რომელი ხელოვანისთვის ყოფილა ტრიუმფალური პოლიტიკაში გადასვლა, ძველ დიდ ხმას რომ გაუმართლოს ახლა? კარგი, აქ არ ვგულისხმობ უიღბლო მხატვარ შიკლგრუბერს და ბანალურ ლირიკოს სოსელოს… ვგულისხმობ ხელოვნებაში რეალიზებულებს… ჩვენ ხომ უშველებელი კოლექცია გვაქვს ხელოვნებაში ხელმოცარული და პოლიტიკაში ჩაფლავებული კულტურის მუშაკების: გინდა რეჟისორების, გინდა მსახიობების, გინდა პოეტების…

ის, ვინც პოლიტიკაში გადაბარგდა ხელოვნებიდან, ყველამ სამასხარაოდ და სამარცხვინოდ გაიხადა თავი… ისევე, როგორც სპორტსმენებმა, რომელთაც უკლებლივ ყველას დაავიწყეს თავიანთი ოდინდელი გმირობები პოლიტიკაში აგრესიული გადასახლებით: ჩვენ აღარ ვამაყობთ ამ ადამიანებით.

ისტორიულადაც ასე იყო, აბა გაიხსენეთ:

მაგალითად, ვერდი. ხვეწნა-მუდარით რომ შეიყვანეს გაერთიანებული იტალიის სამეფოს პირველ პარლამენტში…

ან პადერევსკი - პოლონელი პიანისტი და მინისტრი… ემიგრაციაში წასვლა რომ მოუწია ბოლოს?

კიდევ ვინ?

დანარჩენები ხომ სულ ძალით შეათრიეს პოლიტიკაში: როგორც სამუდამოდ დამფრთხალი შოსტაკოვიჩი, რომელიც ლენინგრადის ბლოკადის პლაკატურ გმირად აქცია სტალინმა (შოსტაკოვიჩის თავი, ზედ მეხანძრის ჩაფხუტით, “ტაიმმაც” კი გაიტანა ყდაზე), თუ როგორც სამარადისოდ ხაფანგში გახვეული და ავტორიტეტშებღალული გერგიევი, რომელიც პროპაგანდისტ-დირიჟორად ჩამოაქვეითა პუტინმა: ჯერ ცხინვალში ადირიჟორებინა 2008 წელს, როგორც ოსს წარმოშობით და მერე მიწასთან გასწორებულ სირიაში, როგორც გამარჯვებული და მშვიდობიანი რუსეთის არადამაჯერებელ მუსიკალურ სიმბოლოს…

გენიალურ დირიჟორ ვილჰელმ ფურტვენგლერს წლობით აეკრძალა სცენაზე გამოსვლა ნაცისტების დამარცხების მერე და მას დღემდე, მისი სიკვდილიდან ათწლეულების გასვლის შემდეგაც არ უვიწყებენ, როგორ უდირიჟორა ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრს ფიურერის დაბადების დღეზე (სადაც ბოლოს მას ხელს ართმევს პროპაგანდის მინისტრი გებელსი).

სხვა, დიდი ხელოვანის და პოლიტიკის თანაარსებობის მაგალითები არც მახსენდება (უინტერესო და მდარეების - რამდენიც გნებავთ: აგერ, ერთ-ერთის ოქროს ქანდაკება, მამალოდ წოდებული, თავისუფლების მოედანზეც კი გვიდგას), თუმცა, ცხადია, ჩვენს ხმას არც შოსტაკოვიჩს ვადარებ, არც ფურტვენგლერს და არც, მით უმეტეს, ზემოთ ჩამოთვლილ ვერგახელოვანებულ და გაავტორიტარებულ პოლიტიკოსებს, ისტორიის გაკვეთილი მხოლოდ ისაა, რომ სცენაზე მიღწეული ტრიუმფები პოლიტიკაში მუდმივ და გამოუსწორებელ ფიასკოდ იქცევა ხოლმე. რომც მოვიდეს წარმატება, ის მხოლოდ დროებით მოვა, რადგან ეს ქვეყანა არც სათამაშოა და არც საქველმოქმედო საღამოების ტელეტრანსლაცია, სადაც ძალიან ადვილია წარმატების ილუზიის დადგმა, ეს ქვეყანა კი არა ილუზორული, არამედ რეალური პრობლემებითაა გადავსებული და თუკი ვინმეს მხოლოდ ამბიცია აქვს და არა ცოდნა (რაც იშვიათობა არაა საქართველოში), ეს ნიშნავს, რომ ვერც ვერაფერს შეცვლის (რამდენი სიზმარიც არ უნდა ნახონ გასხივოსნებულმა ადამიანებმა), პრობლემები პრობლემებად დარჩება და გამოუსწორებელ სიძულვილად იქცევა ძველი სიყვარული… წყალში ჩაიყრება თუნდაც საქველმოქმედო სიკეთე, რომელსაც ისედაც ფასი დაუკარგეს საქართველოში, რადგან, როგორც ეს ყველაზე ცნობილმა ქართველმა მილიარდერმა გვასწავლა, არც უნდა გვჯეროდეს უანგარო ქველმოქმედების: სიკეთე პოლიტიკურ ხმებად უნდა ტრანსფორმირდეს და კეთილმა მეფისტოფელმა ერთ მშვენიერ დღეს ვალის დაბრუნება უნდა მოგთხოვოს… განა სულ ამაზე არ მღეროდა დიდი ბასი?

ჰოდა, ვინ რისი მომგვარებელი ხართ საქართველოში? საიდან ეს ფუყე თავდაჯერებულობა?

თუ, იქნებ, ეს არცაა თავდაჯერებულობა და მხოლოდღა გავლენის და დამატებითი შესაძლებლობების მოპოვების ინფანტილური ვნებაა, დამაბრმავებელი ჟინი, მეფისტოფელის მიერ ნაჩურჩულები სიგიჟე, რომ, ბოლოს და ბოლოს, მართო, გაუფროსდე და გაიბერო საპნის ბუშტივით…

და, რაც მთავარია, მოგეჩვენოს, რომ როგორც იქნა, იმით ხარ დაკავებული, რაც ყოველთვის გეძახდა, რაც ყოველთვის გიზიდავდა…

ამ დროს, განა არ ჯობია, რომ რაც იცით და რაც იცოდით, ის გააგრძელოთ და სანამ ჯერ კიდევ არის დრო - და თუკი ხმაც შეგრჩათ - თქვენს ნამდვილ მოწოდებას მიჰყვეთ?!

თუმცა, ვიცი, რამეს რომ მივხვდეთ და ის დავაფასოთ, რაც გაგვაჩნდა და რისი დათმობაც თურმე ასე ადვილად შეგვძლებია, ცხოვრებამ - ამ შემთხვევაში, თუნდაც ფსევდოპოლიტიკურმა - ჭეშმარიტი ფიასკო უნდა გვაგემოს, კიდევ ერთხელ აახარხაროს მეფისტოფელი და საკუთარი შეცდომისგან სასოწარკვეთილს ამოგვაძახებინოს ბასების მიერ არცთუ იშვიათად ამომღერებული: Maledizione!

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG