Accessibility links

logo-print

(არააქტუალური კომენტარი)

მოგეხსენებათ, ვერდის “ტრავიატას” მთავარი გმირის, ვიოლეტა ვალერის ლიტერატურული პროტოტიპი დიუმა-შვილის “ქალი კამელიებით” - მარგარიტა გოტიეა, ხოლო მარგარიტა გოტიეს ნამდვილი, ცხოვრებისეული პროტოტიპი პარიზელი კურტიზანი მარი დიუპლესი იყო, ქალი, რომლის სიკვდილის შესახებ, როგორც ამბობდნენ, პარიზელები სრული სამი დღის განმავლობაში ლაპარაკობდნენ. მარი დიუპლესი დღე-ნახევრით ჩამორჩებოდა მასზე თითქმის ოცი წლით ადრე მოკლულ (შესაძლოა, ნაპოლეონ I-ის ბრძანებით) ენგიენის ჰერცოგს, რომლის დაღუპვის ამბავიც პარიზში ექვსი დღე, ანუ თითქმის ერთი კვირა ყოფილა აქტუალური, მაგრამ უკვე ნაპოლეონ III-ის დროს ერთი ტყვიით განგმირული ჟურნალისტი ვიქტორ ნუარის ტრაგიკულ ეპიზოდს პარიზში ორი კვირის განმავლობაში არჩევდნენ. სხვათა შორის, ამ ვიქტორ ნუარს პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე მეტად უცნაური ქანდაკება უდგას, უფრო სწორად, უწევს, რადგან ძირს განრთხმულ ახალგაზრდა კაცს (მოკლულს იმპერატორის ნათესავის მიერ) ხილულად უბზინავს ქვის შარვლიდან უხერხულობამდე ამობურცული სარცხვინელი. ჟურნალისტზე ჰყვებოდნენ, რომ ის დიდი წარმატებით სარგებლობდა პარიზელ ქალებში და ირონიულ თუ მადლიერ მოქანდაკეს მისი საფლავის ქანდაკების დეტალისთვის არც მასალა დაუკლია და არც გამომსახველობა, ჰოდა ნუარის ქანდაკებას თურმე ერთმნიშვნელოვნად მოუხსნია ყველა რეკორდი - ქვაში გამოხატული სკანდალური დეტალი თითქმის ერთი წლის განმავლობაში მთავარი სალაპარაკო თემა ყოფილა მეცხრამეტე საუკუნის საფრანგეთის ელიტურ წრეებში. მის მბზინავ სარცხვინელს დღემდე ხელს უქლასუნებენ უიღბლო სიყვარულისგან გათანგული პილიგრიმები.

რატომ ვყვები ამ ამბავს?

ვყვები იმიტომ, რომ მაინტერესებს, კიდევ რამდენ ხანს დარჩება (ან არ დარჩება) აქტუალურად ერთ-ერთ ტელეარხზე ამოთქმულ-ამოძახებული უხამსობა, რომელიც სულელური თავდასხმებისგან დაღლილ ყველაზე ცნობილ ქართველ მებაღეს დასცდა? კიდევ რამდენ ხანს ვილაპარაკებთ (ან არ ვილაპარაკებთ) ამ თემაზე? სამი დღე (როგორც მარი დიუპლესიზე)? ექვსი დღე (როგორც ენგიენის ჰერცოგზე)? ერთი წელიწადი (როგორც ჟურნალისტის მარადიულად ერიგირებულ ქვის პენისზე)? თუ უკვე მოვილიეთ ეს თემა? ალბათ, უკვე მოვილიეთ.

როგორც ვატყობ, ჩვენს საზოგადოებას, რომლის საზოგადოებრივი აქტიურობა უმეტესად სოციალური ქსელის სალონური სივრცით შემოიფარგლება (ისევე, როგორც დიუმა-შვილის გმირების აქტიურობა შემოიფარგლებოდა პარიზული სალონებით) მხოლოდ რამდენიმე დღით შეუძლია მისთვის საინტერესო და ასე თუ ისე მნიშვნელოვანი თემის ერთგულება. რაც ყველაზე უფრო უცნაურია, თემის ერთგულებას ისიც კი ვერ ახერხებს, ვისაც სამოქალაქო ან ვირტუალურ-სოციალური აქტივისთვის ფუნქცია მიუნიჭებია საკუთარი თავისთვის.

ეს სოცქსელ-აქტივისტები არანორმალური სიმძაფრით არჩევენ ყველა საჭირბოროტო თემას, ეხმაურებიან მსოფლიო და რეგიონულ კატასტროფებს (“ვგმობ ნიცაში მომხდარ ტერაქტს…” - ორასი „ლაიქი“; “ნუ უძახიან ჟურნალისტები კორკოტას, რუსეთი დაიშლება” - ხუთასი „ლაიქი“; “აღარ დაიღალეთ ისევ ამაზე ლაპარაკით?” - თოთხმეტი „ლაიქი“), აწყობენ გასართობ აქციებს (ერთგვარ სათამაშო მიტინგებს), გულის წასვლამდე ეკამათებიან ერთმანეთს, მაგრამ მანამდე არიან რაიმე თემით მოცულები, სანამ ესა თუ ის თემაა აქტუალური და არა პრობლემა, რადგან თემამ შესაძლოა მალე დაკარგოს სიახლისთვის დამახასიათებელი მიმზიდველობა, მაგრამ პრობლემა არათუ დარჩეს პრობლემად, არამედ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს, ოღონდ ამჯერად უკვე საზოგადოება იყოს სხვა აქტუალური თემით აგზნებული.

ასე, მაგალითად, რამდენი ვწერეთ და ვიქოთქოთეთ შვილის და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ ქალზე, ასეც ვარჩიეთ და ისეც, მაგრამ გამოუტანეს თუ არა ამ ქალს განაჩენი, მისი ბედი (თუ უბედობა) ხელად დავიკიდეთ ფეხებზე. გეგონება, გაქრა. გეგონება, მისი საკითხი გადაწყდა. ამ დროს, რა გადაწყდა, ან რა გაირკვა? კი არ გაირკვა რამე, უბრალოდ, ის მაღალრეიტინგული საინფორმაციოებიდან და ზარმაცი სოცქსელ-აქტივისტების ინფანტილური პოლემიკიდან აორთქლდა, თორემ ტრაგედია ისევ ისე ბუნდოვანი დარჩა, როგორიც განაჩენის გამოცხადებამდე იყო.

შესაძლოა ძალიან მძიმე იყოს ამის აღიარება, მაგრამ ასევე გაქრება - თუ უკვე არ გამქრალა - თვითმკვლელი ბიჭის თემა, რომელსაც პოლიციელი აშანტაჟებდა, რადგან მისი ტრაგიკული სიკვდილი უკვე შთანთქა თბილისის მერის პენსიონერულმა უზრდელობამ (“ვირიშვილო მაიმუნო”) და სამართლიანად აღშფოთებული პარტიზანი მებაღის ამოძახილმა. ჩვენ უკვე მასზე აღარ ვლაპარაკობთ, მხოლოდ ინერციით თუღა ისმის ახლა შეკითხვები (და, სავარაუდოდ, ესეც მალე შეწყდება): დაიჭერენ თუ არ დაიჭერენ არამზადა პოლიციელს? იქნებ ახლა სხვებსაც აშანტაჟებენ გარდაცვლილი ბიჭის მსგავსად? რას ამბობს მედია? რას გვიყვებიან აქტუალური და ზედაპირული აწმყოს მისტიკით მოცული სოცქსელ-აქტივისტები? მოკვდა და მოკვდა? ეს ამბავი ასე დასრულდა? გაიხსნა კვანძი თუ როგორც საუკეთესო ქართულ ტრადიციებშია, სამუდამოდ გაუხსნელად დარჩა?

იმ ახლაგაზრდა გოგოს რა ბედი ეწია, მისი უშუალო ტელე-უფროსი რომ უპირებდა გაუპატიურებას? ბოლოს და ბოლოს, მართლა უპირებდა, თუ ამ გოგოს მოეჩვენა, რომ უპირებდა? თუ ერთი ბრაზიანი პრესკონფერენციით დასრულდა სექსუალურ-სამოხელეო ჩაგვრის ისტორია?

ან იმ ტრასას რა ბედი ეწია, ამდენს რომ ვლაპარაკობდით მასზე ორი-სამი კვირის წინ, როცა ამხელა მსხვერპლი მოჰყვა ცნობილ - საშინლად ცნობილ - ავარიას? რამე შეიცვალა ამ მხრივ (ან რა უნდა შეცვლილიყო, იკითხავს ვიღაცა)? რას ამბობენ სოცქსელ-ექსპერტები, რომლებიც ამდენს ლაპარაკობდნენ, ჩხუბობდნენ და ვიშვიშებდნენ ამ თემაზე სამი კვირის წინ და ახლა კი ამდენს ლაპარაკობენ, ჩხუბობენ და ვიშვიშებენ სამართლიანად აღშფოთებული პარტიზანი მებაღის უცენზურო ამოძახილზე?

ან ახლა რა შეიცვლება, როცა უკვე მებრძოლი ქალის მიერ ამოძახებული სიტყვის ამბავიც არააქტუალურია? ხვალიდან რაზე ვიქოთქოთებთ, რა თემის გამო დავუგზავნით ერთმანეთს „ლაიქს“ თუ „ანფრენდს“? რომელ ერთ თემას ვუერთგულებთ ერთი, ორი ან სამი დღით?

ცხადია, ვერც ერთს, რადგან ცოტა ხნით მაინც რომ ვუერთგულოთ გაჩეხილი ხეების მომაკვდინებელ თემას (ოღონდ მხოლოდ თემას ვუერთგულოთ და არა, ვიმეორებ, პრობლემას, თორემ პრობლემის გადაჭრა რა ჩვენი საქმეა - აგერ ეს სამართლიანად გაბრაზებული ქალი მიხედავს ამ საკითხს, ან, ყოველ შემთხვევაში, შეეცდება მაინც, მიხედოს), მერე ყველა თემას ერთიანად გადაყლაპავს არჩევნების გამო ჩხუბების, წყევლების, სიხარულების, აპათიის, იმედიანობის და უიმედობის დიდი ოკეანე: ერთ თვეში, მეგობრებო, სულ რაღაც ერთ თვეში არავის ემახსოვრება არც გაგუდულ-ჩაბეტონებული გაზის კამერა-თბილისი, არც ქმრის და შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალი და არც თვითმკვლელი ბიჭი, რომელიც პოლიციელის მუქარამ შეიწირა, და რომც გაიხსენოს ვინმემ ძველი თემა, შეკითხვის დასმა დაეზარება, რადგან არავის ექნება არც იმის დრო და არც იმის თავი, რომ არააქტუალურ, ემოციებისგან დაცლილ თემებს მიუბრუნდეს. მით უმეტეს, არჩევნების დროს, როცა კომიკურობამდე წინასწარ განჭვრეტადი პოლიტიკოსები აკრობატული ვირტუოზულობით შეეცდებიან ახლებურად გადაწყობ-გადმოწყობას და ჩვენ კი მათ გამო შევასკდებით და, რაც მთავარია, ამ შესკდომით გავართობთ ერთმანეთს.

ჩვენ ისტორიულად ვფლობთ მივიწყების უნიკალურ უნარს, რადგან ნერვები არ გვყოფნის, რომ თუნდაც ჩვენი სინამდვილისთვის და ისტორიისთვის მნიშვნელოვან თემებს ვუერთგულოთ. როგორც ჭეშმარიტი პოსტმოდერნისტებისთვის, ჩვენთვისაც მხოლოდ აწმყოა, მიმდინარეა ანგარიშგასაწევი და არა ისტორია; ის, რაც მხოლოდ აწმყოში საჭიროებს რეაგირებას და აღშფოთების გამოხატვას, და არავითარ შემთხვევაში (ან ძალიან იშვიათ შემთხვევაში) ხვალ და ზეგ.

ჰოდა, რახან ვერც ერთ პრობლემას ვერ მივყვებით ბოლომდე (ჩვენ-ჩვენი ფუნქციის, პროფესიის, ცოდნის, ინტელექტის ან, გნებავთ, ტემპერამენტის შესაბამისად) ამიტომაც ვერ ვცვლით ისტორიას - ანუ თუ ვცვლით (ან თუკი ცვლიან), მხოლოდ ქალაქის კონკრეტულ მერებს, მაგრამ ვერ ვცვლით ხეების გამჩეხავ და ხეების მაგივრად ბეტონის კორპუსების ჩამრგავ განკარგულებებს, რომლებიც, სახეების და სახელების ცვლილების მიუხედავად, ისევ ქმედითად რჩებიან ფურცელზე დატოვებული ხელმოწერების გამო.

ამიტომ, რაკი უმეტესად ზედაპირზე დავტივტივებთ, ისევ იმ ილუზიით ვაგრძელებთ ცხოვრებას, რომ საარჩევნო უბანზე, მუხლებამდე ჩამოწვდენილი ნახევარფარდის უკან მდგომები გადავწყვეტთ ყველა მნიშვნელოვან ქართულ პრობლემას - მათ შორის, თბილისის გაუდაბნოების უკვე არააქტუალურ და, ამ დროს, მუდმივად ზე-აქტუალურ საკითხს.

მაგრამ, ვშიშობ, არჩევნების მერე მხოლოდ „ანფრენდების“ დაგზავნაღა დაგვრჩება გულების მოსაოხებლად, რადგან, არა მგონია, ჩვენში ან ჩვენს გარეთ შინაარსობრივად, ანუ ისტორიულად შეიცვალოს რამე.

თუმცა მერე ხომ ახალი არჩევნებიც მოვა…

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG