Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაბაძე შევარდნაძეს


შევარდნაძე იყო სულ.

იყო, სანამ დავიბადებოდი, იყო, როცა დავიბადე და იყო, როცა იძულებული შევიქენი, მზრუნველი მშობლის მოწოდება-შეწევნით პირველად გამეპარსა წვერ-ულვაშად წოდებული ღინღლი.

შევარდნაძე იყო მერეც, აგერ როდემდე, მაგრამ სახელდობრ ჩემში ის 1990 წელს აღმოჩნდა.

აღმოჩნდა მოულოდნელად და უეცარი დამაჯერებლობით, ჯერ ხელისგულზე მიბჯენილი ცერა თითით - თითებს შორის მისებრ მოქცეული სამი ცალი წათლილი ფანქრით და მერე ფრაზით, სიტყვებით: “ნასტუპაიეტ დიკტატურა...”

ეს იყო და ეს, იმ დღიდან შევარდნაძედ გარდავისახე: სახლი იყო, ეზო იყო, სამეზობლო, პანაშვიდი თუ დაბადების დღე, ყველგან მისი ხმით ვლაპარაკობდი და ყველა მხრიდან ეს სიტყვები მესმოდა: “გაბაძე შევარდნაძეს”.

ჩემი ხმა 12 წლის ასაკში დავკარგე.

ჩემში მყოფმა შევარდმაძემ მომიპოვა პირველი ჰონორარიც.

ჩემი ნათესავი, რომელიც ცეკას მდივნობის დროს, შევარდნაძეს 15 წელი ესვა ციხეში, გათავისუფლების აღსანიშნავ დიდ წვეულებას იხდიდა სახლში და მეც თან გამიყოლეს ჩემმა მშობლებმა. იმ საყვარელ და გატანჯულ კაცს, ციხიდან გამოსულს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხმის მატარებელიც ვიყავი და როცა სხვა მცოდნეები შემომიჩდნენ, შევარდნაძე გააკეთეო და მეც დიდი სიამოვნებით ავლაპარაკდი ჩემში არსებული სსრკ საგარეო მინისტრის სიდინჯით, ბედნიერების, შოკისა და დაბნეულობისგან, არ ვაჭარბებ, ცრემლები წასკდა თვალებიდან და იმდენი ხანი მამყოფა შევარდნაძედ, რამდენ ხანსაც მისი თავისუფლების პირველი სუფრა გაგრძელდა.

მერე უარესი: მისი გათავისუფლების სუფრები საქართველოს სხვა ქალაქებშიც უნდა გაშლილიყო და ჩემებს შეუჩნდა, თქვენი შევარდნაძეც თან გამაყოლეთო, რასაც თავდაპირველად უხერხული უარი მოჰყვა ჩემზე მზრუნველთაგან. უხერხული კი იმიტომ, რომ არავის უნდოდა ამ მართლაც გატაჯული კაცის წყენინება და, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ერთგან გაყოლაზე, შევარდნაძედ ფოთში ყოფნაზე დათანხმდნენ.

ეს იყო ჩემი პირველი პოლიტიკური გასტროლები საქართველოში. ზედ ბებიაჩემის მეთვალყურეობით.

მთელი ორი კვირა ვიმუშავე ინტენსიურ შევარდნაძედ.

მართალია, გარეგნობით არ ვგავდი - მსუქანი და თმახშირი ბავშვი გახლდით, მაგრამ არსით და ტემბრით შევარდნაძე ვიყავი.

ჩემი ნათესავიც, სანამ უშუალოდ მისი მტანჯველის ხმით დავიწყებდი ლაპარაკს, გვერდით მიხმობდა და იმის თქმას მთხოვდა, რისი მოსმენაც შევარდაძისგან ენდომებოდა: “გეხვეწები, ბუტირკა ახსენე, იქ ვიჯექი”, ან “ესა და ეს მიქე მისი ხმით, იცინებენ”.

მეც ვლაპარაკობდი და ვლაპარაკობდი… ხოლო დიდი ქალები ლოყებზე მკოცდნენ. შევარდნაძეს კოცნიდნენ.

იყო ოცდახუთმანეთიანების შემოჩუქების მცდელობა, როგორც უფროსებმა იცოდნენ ძველ დროს. მე ზრდილობიანი ბავშვი ვიყავი და უარს ვამბობდი, მაგრამ მერე ჯიბეში მაინც ვპოულობდი ჩაჭმუჭნილ ლენინებს.

ეს ლენინები მერე თვალით არ მინახავს - ბებიაჩემი ტყუილად კი არ მყავდა ზედამხედველად მოჩენილი.

შევარდნაძე ვიყავი მოსკოვის პუტჩის დროს და მოგვიანებითაც, როცა ის სახელმწიფოს მეთაურად დაბრუნდა.

აქ უნდა გავიხსენო ჩემი მეორე ბებიის იუბილე, სადაც ერთ მცირე სადაბადებისდღეო სუფრაზე შეიყარნენ მისი ზვიადისტი და პუტჩისტი მეგობრები, რომლებიც დიდი გაბუტულობისა და ჩხუბების მიუხედავად, მაინც ბოლომდე შერჩნენ ამ ყვირილიან დაბადების დღეებს. სასაჩუქრედ თუ სხვა მიზეზით, მე და ჩემმა მეგობარმა, რატიმ, მაგნიტოფონის კასეტაზე ჩავწერეთ ედუარდ შევარდნაძისა და ზვიად გამსახურდიას არარსებული კამათი და დიდი განცვიფრებით წარვუდგინეთ ბებიაჩემის დაქალებს - ვითომ როგორც მოულოდნელი მონაპოვარი.

რატი უკვე დიდი ხანია ზვიად გამსახურდიად იყო ქცეული და რაიმენაირ ეჭვს სრულიად გამორიცხავდა: იმისი ხმა იყო, იმისი სიტყვები, იმის პაუზები…

ხოდა, ერთმანეთს შეება ჩვენში მყოფი ჩამოგდებული და ჩამოსაგდები ორი პრეზიდენტი და ამან წარმოშვა დიდი შეცხადება, დიდი წამოკივლება და დიდი გაოგნება ბებიაჩემის დაქალთა შორის: “სად შეხვდნენ? როდის შეხვდნენ? სად ილაპარაკეს?”

ჩვენ რატომღაც ვპასუხობდით: “გროზნოში, ფარულად”.

მართალია, ეს მხოლოდ პირველ რამდენიმე წუთს გაგრძელდა (მერე კი მიხვდნენ, რაც ხდებოდა), მაგრამ ის წუთები მაინც დაუვიწყარი იყო, როგორც მათთვის, ასევე შევარდნაძისა და გამსახურდიასთვის, რადგან ეს იყო ყველაზე აქტუალური და ისტორიული ვერშემდგარი დიალოგი იმ ხანად.

რა უცნაური და დამაფიქრებელია - ვუყურებ ჩემს ბიოგრაფიას და შევარდნაძე მახსენდება.

და კიდევ რამდენი რამ გამახსენდება.

შევარდნაძე, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩვენი იდენტობის ნაწილად ქცეულა.

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG