Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესია ტელედებატებში


ჩვენ რომ ისეთ კულტურაში ვცხოვრობთ, სადაც ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელებად მესიებს ირჩევენ და არა უბრალო მოკვდავებს, ამაზე ბევრი დაწერილა და კიდევ უფრო მეტი თქმულა, მაგრამ, ვფიქრობ, ჯერჯერობით არავის განუსაზღვრავს, ზუსტად რა არ ეკადრებათ და რისი გაკეთებაც სრულიად არასავალდებულოა რეგიონალური მესიებისთვის.

უპირველეს ყოვლისა, მესიებს არ ეკადრებათ პოლიტიკურ ტელედებატებში მონაწილეობის მიღება.

სად ტელედებატები და სად პოლიტ-მესია! რანაირად უნდა იკადროს მესიამ პოლიტიკურ კონკურენტთან კამათი!

მერე რა, რომ პირდაპირი ეთერია!

მერე რა, რომ მესიის მომლოდინე (თუ არმომლოდინე) ხალხს საშინლად აინტერესებს, როგორ ეპაექრებიან ერთმანეთს დიდი თუ მცირე კალიბრის მესიები!

მერე რა, თუკი არჩევნების წინ ისიც მნიშვნელოვანია, მოუგებ თუ არა შენს ოპონენტს (ან ოპონენტებს) თუნდაც ლაპარაკში, შენი არგუმენტებით (თუკი, რასაკვირველია, გაქვს)!

მერე რა, თუკი ამ დებატებს მთელი ქვეყანა უყურებს და ნებისმიერ შემთხვევაში კარგია (როგორც, ზოგადად, პოლიტიკური კულტურის ასამაღლებლად, ასევე პირადად შენი პოპულარობისთვის), რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენო...

მესიებს გარანტირებული გამარჯვება სჭირდებათ... თუნდაც მხოლოდ ტელევიზორში! რადგან, როგორც წესი, ჩვენი დიდი რეგიონის პატარა მესიები ყოველთვის წაუკომპლექსებენ.

ექს-მესია სააკაშვილს (პრეზიდენტობის ჟამს) ერთხელაც არ უკამათია ოპონენტებთან პირდაპირ ტელედებატებში! აბა, რა, ამას როგორ იკადრებდა! ვიღაც ორღობის მმართველ ობამას, მერკელს, ოლანდს ან რაიმე ამგვარ წვრილფეხობას ხომ არ მიბაძავდა! აგერ, რუსთ-მესია პუტინის სახით, მშვენიერი მისაბაძი გვყავდა, გვყავს და კიდევ დიდხანს გვეყოლება ზეჩრდილოეთში - ხომ ფაქტია, რომ არც ის კადრულობს დებატებში მონაწილეობას!

ეს ხომ პოლიტიკური ბუნების კანონია: ბოლოს და ბოლოს, აუცილებლად ემსგავსები შენს მტერს!

და აჰა, თურმე, არც ახალი სამესიო კანდიდატი ფიქრობს თანასწორთა შორის პირველობის მოპოვებაზე! აბა, რა, ეს რა საკადრისია! თან, მით უმეტეს, საქართველოში... პოლიტიკური კულტურის ამ ბრწყინვალე სავანეში! განა ახალმა მესიამაც ძველ მესიათა ტრადიცია არ უნდა განაგრძოს? რა საჭიროა ქცევის ახლებური ნორმების დანერგვა! ამ დროს, როგორი საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნებოდა ორი ძირითადი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის კამათის ყურება და შემდეგ, ბუნებრივია, შესაბამისი დასკვნის გამოტანაც.

მერე რა, თუკი მთავარ მოწინააღმდეგედ ოპოზიციისთვის მოქმედი პრეზიდენტი ითვლება - განა ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებლობა არ გამოიყენო? და თუკი გაგაჩნია, დაამტკიცო შენი უპირატესობა!

მოვრჩეთ მესიობანას თამაშს, ვიყოთ ჩვეულებრივი ადამიანები!

ეს ქვეყანა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთრივ ჩვენი ამბიციები.

დაკომპლექსებულ ადამიანს კიდევ აიტან, მაგრამ დაკომპლექსებულ მესიას - ვერაფრით. ბევრი ვნახეთ ასეთი. გვეყო.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG