Accessibility links

logo-print
იდეალური ვარიანტი

მშვიდობიანად ტარდება არჩევნები. პარლამენტში ხვდებიან სერაფიმები და ქერუბიმები. პრემიერად ირჩევენ ნახევრად ანგელოზს. პრეზიდენტად - ნამდვილ მესიას (ამდენი ცრუმესიის შემდეგ). მათი გვარ-სახელები არც ვიცით - პრობლემებს უხმაუროდ გვიგვარებენ. სინდისშეწუხებული პუტინი ტირილით (და ინკოგნიტოდ) ჩადის კასპში; ამჯერად, მხოლოდ დედის მოსანახულებლად. საქართველო ნოემბრის ბოლოსკენ ბრწყინდება (ნუ, რაღაცნაირად მაინც). სააკაშვილი მიდის მონასტერში; წერს პოემას "მონანიე შადრევანი". საქართველოში ყველაზე აგრესიულ პოლიტიკოსად გიგი წერეთელი სახელდება. პატრიარქი, ბოლოსდაბოლოს, ნამდვილად ახდენს ერთ ცალ სასწაულს: ბაგრატის ტაძარს აღდგენამდელი სახე უბრუნდება. უშიშროების მდივნის ცოლი არამოტივირებული და ხმამაღალი სიცილით დარბის თბილისის ქუჩებში.

იდეალთან მიახლოებული ვარიანტი

მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად ტარდება არჩევნები. ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ აყალიბებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. ძალთა გადანაწილება 50x30-ზეა. ოპოზიციონერები უფრო მეტნი არიან. პრემიერად ირჩევენ ჩვეულებრივ ადამიანს. პრეზიდენტად (ცოტა მოგვიანებით) - კიდევ უფრო ჩვეულებრივს. შესაძლებელი ხდება არაეფექტური, მაგრამ მაინც ქმედითი კოალიციური მთავრობის ფორმირება. სააკაშვილი უხმაუროდ და მორჩილად ელის საპრეზიდენტო ვადის გასრულებას. პარლამენტში განსახილველად შედის მის მიერ ინიცირებული კანონი საპენსიო ასაკის 50 წლამდე ჩამოწევის შესახებ. გაზეთებში წერენ: "სააკაშვილს ისევ საკუთარ თავზე უნდა კონსტიტუციის მორგება". ქვეყანა მეტნაკლებად მშვიდად (რამდენადაც ეს შესაძლებელია ქართველების პირობებში) ემზადება თვითმმართველობისა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. უშიშროების მდივნის ცოლი არამოტივირებული და ხმამაღალი სიცილით დარბის თბილისის ქუჩებში.

არაიდეალური ვარიანტი

არჩევნები ტარდება მრავალგვაროვანი დარღვევებით. უმრავლესობით მოდის ამჟამინდელი მმართველი პარტია. ოპოზიცია და ხალხის დიდი ნაწილი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ეწყობა დემონსტრაციები. ოპოზიციაში ვერ გადაუწყვეტიათ, უნდა გაიმეორონ თუ არა ძველი შეცდომა და თქვან თუ არა უარი საპარლამენტო მანდატებზე. ნაწილი შესვლაზეა ყაბულს, ნაწილი დემონსტრაციების გაგრძელებას ემხრობა. უცხოელი დიპლომატები არაერთგვაროვან და აბსტრაქტულ კომენტარებს აკეთებენ ("გამოვთქვამთ შეშფოთებას მძიმე დარღვევების შესახებ, თუმცა ვაღიარებთ შედეგებს"). დემონსტრანტთა ჯგუფი ახალი პარლამენტის სხდომის ჩაშლას გეგმავს (ამაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები მიუთითებენ). ვრცელდება ინფორმაცია რუსული სამხედროების გადაადგილების შესახებ აფხაზეთსა და ოსეთში. ტელევიზორში ნაწყვეტ-ნაწყვეტ აჩვენებენ დაუსრულებელ სერიალს: "ქართული ნაძირლობა. კომპრომატების ომი: ნუ ენდობი თანამებრძოლს!". სპეცრაზმი დემონსტრაციას შლის - ცხადია, ჩვეული მეთოდით. სააკაშვილი ტრადიციული ღრიალითა და მუქარით გამოდის ახალ პარლამენტში. სოფიო ნიჟარაძე პარლამენტის გახსნის ცერემონიაზე მღერის, ამჯერად - იოსიფ კობზონთან ერთად. უშიშროების მდივნის ცოლი არამოტივირებული და ხმამაღალი სიცილით დარბის თბილისის ქუჩებში.

იდეალისგან საშინლად დაშორებული ვარიანტი

არჩევნები არ ტარდება.

უშიშროების მდივნის ცოლი არამოტივირებული და ხმამაღალი სიცილით დარბის თბილისის ქუჩებში.
XS
SM
MD
LG