Accessibility links

(მკითხველის რჩევა)


1. რა წავაკითხოთ მოქმედ ("დაკოჭლებულ იხვად" ქცეულ) პრეზიდენტს?

შექსპირის "რიჩარდ მეორე" (და არა "რიჩარდ მესამე"), - "თავს რითიღა შევიქცევ, როცა მეფობას ჩამომართმევენ!"; მ.გორკის "მაქსიმეს ბავშვობა" და ჟან-ჟაკ რუსოს მემუარების პირველი ორი თავი ("ბავშვობაში ყველაფერზე უარს მეუბნებოდნენ"); ასევე - ე.შევარდნაძის მემუარების უკანასკნელი 18 გვერდი. ვფიქრობ, უკვე დროა...

2. რა არ წავაკითხოთ ახალ პრემიერ-მინისტრს?

სხვადასხვა სახეობის ინტელიგენტთა ხელმოწერილი წერილები. მით უფრო არ ღირს იმ უსტართა კითხვა, რომელთაც ათზე მეტი სული ან პატივცემული გვამი აწერს ხელს.

3. რა წავაკითხოთ მარადპარლამენტარ გ.ბარამიძეს?

მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის კალენდრები. და ვთხოვოთ, ზეპირად შეგვახსენოს ის ისტორიული ვადები, როცა მისივე დათქმით, ნატოსა და ევროკავშირში უნდა შევსულიყავით. ეს პოლიტაჰასფერი ხომ ყოველკვარტლურად გვისახელებდა ზეორგანიზაციებში შესვლის ზუსტ თარიღს.

4. რა წავაკითხოთ იუსტიციის (თუ რაც იყო) ექსმინისტრ ზ.ადეიშვილს?

ერთმნიშვნელოვნად - "გალობანი სინანულისანი". და კიდევ: გოგოლის "მკვდარი სულების" მეორე ტომი (თუკი იპოვის...).

5. რა არ წავაკითხოთ მგზნებარე პოპულისტ დიმიტრი ლორთქიფანიძეს?

პლატონის დიალოგები. იქ სოკრატე ცოტა მიუღებელ პირებთან ერთად ჩნდება... ასევე, გთხოვთ, ნუ მიუშვებთ მიქელანჯელოსა და ჩაიკოვსკის პირად წერილებთან... საერთოდ, რა წესია პირადი წერილების კითხვა! თან ვგრძნობ, აუცილებლად დაწვავს...

6. რა წავაკითხოთ გაზეთ "ასავალ-დასავალის" რედაქტორს?

მხოლოდ და მხოლოდ "ასავალ-დასავალი". მეტის ღირსი არცაა.

7. რა წავაკითხოთ ქალაქის მერს?

მოდით, ეს საკრებულოს თავმჯდომარემ უთხრას... სხვა რა საქმე აქვთ. ოღონდ ისიც ვთხოვოთ, მაინცდამაინც ნაგავში ქექვას ნუ დაიწყებენ.

8. რა წავაკითხოთ მოძველბიჭო და აგრესიულ მღვდლებს?

თუ კითხვა იციან, ცხადია, სახარება.

მერე - თუმცა, ვშიშობ, ვერც ამას დაძლევენ - დოსტოევსკის "დიდი ინკვიზიტორი" (სულ 5-6 გვერდია, მეტი არა) "ძმები კარამაზოვებიდან".

9. საშემოდგომო:

ვინ ვინაა საქართველოში? (2004 წლის გამოცემა; რეფრენად ბრძენთა სიტყვებით: "კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა")

10. გადასამეორებლად (უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკოსებისთვის):

ვაცლავ ჰაველის "დღიურები".
XS
SM
MD
LG