Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სუნამი"


"იბანავეთ... იბანავეთ!"
ილია II

"სამშობლო ტუალეტიდან იწყება"
დ. ტურაშვილი


შეუძლებელია არ დაეთანხმო, ერთი მხრივ, უწმინდესს, მეორე მხრივ კი - მწერალს.

ახლაც ყურში ჩამესმის პატრიარქის მორიდებული შეგონება: "იბანავეთ... კვირაში ერთხელ მაინც".

ალბათ, როგორ მძიმდება ზოგჯერ "სამებაში" ჰაერი...

თუმცა ვშიშობ, მარტო შეგონება ვერაფერს შეცვლის... დაწყევლით დამუქრება მეტ შედეგს მოიტანდა: "ვინც კვირაში ერთხელ მაინც არ იბანავებს, წყეულიმც იყვნეს!"

ნუ, თუ მთლად ასე მკაცრად არა, შედარებით რბილად: "შხაპი გადაივლეთ, ხალხო, თუნდაც მხოლოდ თვეში ორჯერ... თორემ ზიარების უფლებას არ მოგცემთ".

ჰო, როგორმე უნდა შევაგონოთ ადამიანს, რომ დაუბანლობაც ცოდვაა! ცოდვაა, რადგან სხვას ვნებ... ჰკლავ, ნუ, ფაქტობრივად, მორალურად.

უწმინდესის მეშვეობით თუ სხვა ავტორიტეტთა შემწეობით, მოქალაქემ აუცილებლად უნდა შეიგნოს, რომ პრინციპში არა საკუთრივ შენთვის, არამედ სხვისთვის ბანაობ; რომ ეს არა იმდენად ინდივიდუალური (თუმცა არც უმაგისობაა), არამედ სოციალური აქტია.

იბანავე მოყვასისთვის!

არის ხალხი, რომელთაც არავინ არ სთხოვს ბანაობას, ანუ მათი დაბანილობა არავის სჭირდება, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ქოთი - როგორც რეალობა - არ არსებობს. მიმთითებელი ყველა შემთხვევაში საჭიროა! აუცილებლად უნდა მოგვიწოდოს ვიღაცამ! თან ისეთმა, ვისგანაც არ გვეწყინება. პატრიარქი კი უეჭველად გახლავთ ასეთი.

შესაძლებელია დიპლომატების მოშველიებაც... გავლენიან უცხოელებს უფრო გავუწევთ ანგარიშს.

ამ მხრივ, ანუ ასოციალური ჰიგიენის კუთხით, ყველაზე სახიფათო ადგილები ტაქსები, ავტობუსები და სამარშრუტოებია...

ეს სუნი არცაა, ესაა დიდი და მრავალსაათობრივად ნაზარდი ეგოიზმი!

ფსიტისა და ზეზეული (საუკუნოვან-გენეტიკური), ურბანულ ფუნად ქცეული განავლის სუნი ტალღებად გამოდის ჭიშკარ-სადარბაზოებიდან... და პირდაპირ გცელავს და წელში გამტვრევს ეს ბოღმითა და ჭმუნვით ნაზარდი "სუნამი"... ეს კი შავ დეპრესიაზე უარესია: მაშინვე კარგავ სიცოცხლის ხალისს.

ხსენებული მწერლის არ იყოს, როგორი ტუალეტებიც გვაქვს, ისეთია ქვეყანაც! ტუალეტები კი ან არ გვაქვს, ან საშინელი გვაქვს.

ქართველი ადამიანი ჯიუტად ფსამს არცთუ იმდენად ბნელ სადარბაზოებსა და ლიფტებში. მოქალაქე შედის უცხო სადარბაზოში (საკუთარში, არა მგონია, იკადროს), პოულობს შედარებით ბნელ კუთხეს და საკაცობრიო ზიზღით ატანილი ცლის შარდის ბუშტს.

სხვათა შორის, დადასტურებულია, რომ ასეთი მოქალაქის გამოჭერა პრაქტიკულად შეუძლებელია. მათ ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ "უხილავი მფსმელები", ან "შარდის ბუშტის უჩინარი რაინდები".

აქ ყველაზე მეტად შეიგრძნობა სამშობლოს სუნი!

ფიტულოვანი განავლისა და ჯერ კიდევ საბჭოურ დროს შეწამლული ფსოვანი ნივთიერების სუნი დგას მიწისქვეშა გადასასვლელებში...

და თუკი სწრაფად არ გაივლი ამ ჰადესს, შესაძლოა ოსვენციმის გაზივით მოგტაფოს სამშობლოს სუნთა სიდიადემ!

ეს დიდი სევდაა... მესმის, დიდი ტკივილია... ადამიანი ტყუილად არ შვრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - მას მიზეზები აქვს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ხალხო: ეს ცოდვაცაა! "უცოდველი არ ჰქოთს".
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG