Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ გავაღიზიანოთ


სამწუხაროდ, თვალი ვეღარ მივადევნე, ჩააღწიეს თუ არა მოსკოვამდე ცეკვის ჟინით შეპყრობილმა ანსამბლ "ერისიონის" მოცეკვავეებმა. ბოლოს სადღაც როსტოვის მახლობლად იყვნენ, როცა მათ შესახებ მომწვდა ინფორმაცია. იმედია, ვსეხსვიატსკოეში არ დაასრულებენ თავიანთ ეგზისტენციალურ ტურნეს და რუსეთის მიწებს არ შერჩებიან ვახტანგ მეექვსეს ამალასავით. დიდი ჯგუფებით მოგზაურობას ყოველთვის ახლავს ამგვარი საფრთხე: შესაძლოა ანსამბლს გზადაგზა შემოეცალონ მოცეკვავეები და კრემლის საკონცერტო დარბაზში მხოლოდ ჯემალ ჭკუასელს მოუხდეს სოლო-ნომრის შესრულება... "ქართული ლეგენდა: ცეკვავს ხელმძღვანელი პირი". ჰოდა, თუკი ვინიცობაა და მართლაც მარტო ბატონმა ჯ. ჭკუასელმა ჩააღწია მოსკოვამდე, ასეთ შემთხვევაში მას აუცილებლად მოეთხოვება ისეთი ნომრის შექმნა-შესრულება, რომელიც ნათლად წარმოაჩენდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთშერიგების მეტად მტკივნეულ და რთულ პრობლემას. ცხადია, ქართულ ცეკვებს კონტექსტის შესაბამისად უნდა გადაერქვას სახელი. მაგალითად: "მწკრივი ბუფერულ ზონებში" (ცეკვა ქართული), "ჩურკინის ხელები" (სამაია), "შაიგუს ღიმილი" (ოსური), "პუტინის წელკავი" (ხორუმი).

მართალია, ბატონი ჯ. ჭკუასელი და მისი ანსამბლი ქართველებმა მიიწვიეს (თუმცა გაუგებარია, რანაირად - უკანასკნელი ქართველი, ვისაც კრემლში შეეძლო ვინმეს მიწვევა ზუსტად 60 წლის წინ გარდაიცვალა), მაგრამ მან მაინც რუსი პოლიტიკოსების გულის მოსალბობად უნდა გაშალოს ხელები: თავზე "ბორჯომი" გადაისხას (რათა დაამტკიცოს, რომ გოგირდმჟავასავით არ წვავს), - და კარგი იქნება, თუკი ამას სოლო-ხორუმის ცეკვისას იზამს - ღვინის კასრში ჩაცუროს (კოლხური წესით ოღონდ, რათა რუსები დარწმუნდნენ, რომ ჩვენ კისრამდე შეგვიძლია მათთვისვე გაგზავნილ "ფეკალიებში" ჩაწოლა) და რუსული აქცენტით იმღეროს მრავალჟამიერის ერთი სტროფი მაინც: მრავალდჟამიარ... რათა ჩანდეს, რომ ქართველობას ვინარჩუნებთ, მაგრამ თან მთლად გამომწვევადაც არ გამოვთქვამთ იდენტობის ხაზგამსმელ ჟ-ს.

ამ ეტაპზე, ფაქტია, ნამდვილად არაა საჭირო ისე ცეკვა და სიმღერა, რომ კრემლის საკონცერტო დარბაზის მსმენელ-მაყურებელს უხერხულობა შეექმნას - ამათ რაღაც სხვაც ხომ არ უნდათ, ჩვენთან შემორიგება-შემოთამაშების გარდაო... პრინციპში, ანსამბლის ხელმძღვანელის ადგილზე მე ქართულად სიმღერისაგანაც შევიკავებდი თავს... რა საჭიროა ამ ხალხის გაღიზიანება? რა მოვიგეთ, როცა ვაღიზიანებდით? ვუცეკვოთ უსიტყვოდ, მრავალმნიშვნელოვანი და საყვედურიანი გამომეტყველებით (ოღონდ არა ბოღმიანი და ჩაჯინებული მზერით).

თუმცა იმდენად დიდია კრემლის საკონცერტო დარბაზის მაყურებლის ანერვიულების საფრთხე, რომ პირადად მე, ბატონი ჯ. ჭკუასელის ადგილზე, ქართული ცეკვების შესრულებაზეც ვიტყოდი უარს (ღმერთო ჩემო, რატომ უნდა შევიქმნათ დამატებითი პრობლემები): გამოვიდეს ბატონი ჯემალი და შესარულოს არა ქართული, არამედ რაიმე არამკაფიო, ინტერნაციონალურ-ევრაზიული ცეკვა... მაგალითად, რაღაც ირლანდიური "უხელებოს" მსგავსი (ისევ და ისევ "კოლხური ცურვის" მანერით). მაგრამ აქ კიდევ ერთი დეტალია: შესაძლოა ზოგადად ცეკვაც არ იყოს ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსისთვის მისაღები (მაინც ქართველი ცეკვავს, ასე თუ ისე), ამიტომ ამას ისევ ის სჯობს, ბატონმა ხელმძღვანელმა მხოლოდ რამდენიმე აკრობატული ილეთი შეასრულოს (ოღონდ მუშტის ხელაღმართვა - არავითარ შემთხვევაში! უაღრესად გამაღიზიანებელი და ნაციონალისტური ჟესტია) და მორიდებით, ტაქტიანად გაეცალოს სცენას... თუმცა არაა გამორიცხული, ამაზეც შარი მოგვდოს ვინმემ (ასეა თუ ისე, მაინც რაღაცნაირი აქტიურობაა, თუნდაც ფიზიკური, და როცა ქართველი აქტიურობს, პრობლემა ისევ პრობლემად რჩება), ამიტომ რეალურად ყველაზე სწორი იქნება, თუკი ბატონი ჯ. ჭკუასელი საერთოდ არ გამოვა სცენაზე... ბოლოს და ბოლოს, კულისებში მაინც იცეკვოს (მისი მომწვევი ქართველების თანდასწრებით) ან თვითმფრინავის ტრაპთან... თუმცა, მე რომ მკითხო, არც კულისებში ყოფნაა ახლა ჭკვიანური (ესე იგი, სადღაც მაინც არსებობ, თუნდაც როგორც უჩინარი ქართველი), ამიტომ რათა ყველანაირად გამოვრიცხოთ რუსი პოლიტიკოსების თეორიული გაღიზიანებაც კი, ანსამბლის ხელმძღვანელი სასწრაფო წესით - ოღონდ სრულიად შეუმჩნევლად - უნდა დავაბრუნოთ ადვილად გამაღიზიანებად სამშობლოში...
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG