Accessibility links

logo-print
გუშინ, სანამ ჩემ სახლამდე მოვაღწევდი, არც მეტი, არც ნაკლები, ხუთი საზვერე გავიარე. ჰო, საზვერეები იყო, აბა სხვა რა!

ჯერ ექვსსულიან ნაწილობრივ ფეხზე მდგომთა ჯგუფს შევეფეთე, მერე სიმეტრიულად ჩაკუზულთა სამკაცეულს, დარჩენილ გზაზე კი სულ ბაყაყურად დაკუზულთა რაზმებს წავაწყდი...

დგანან ისევ ისე, როგორც ადრე იდგნენ და როგორც მთელი ცხოვრება იდგებიან - სოკოებივით, შავ-ნაცრისფერში გამოწყობილები და დროსთან და ვითარებასთან შეუსაბამოდ ხმამაღლა მობაასენი...

ნაციონალური ანსამბლებივით არიან... თითო ქუჩაზე - თითო მცირე ჯგუფი. სახასიათო მანერებით, ხმით, მზერით, რეფლექსებით... რომ შეკრიბო, მართლაც მშვენიერ სახალხო-ეროვნულ კაპელას ჩამოაყალიბებ!

დიახ, მეგობრებო, ვერ გეტყვით, იმატეს თუ არა კრიმინალურმა შემთხვევებმა (ამბობენ, საქარე მინათა პარვა გახშირდაო), მაგრამ ქალაქს რომ ისევ დაუბრუნდა თავისი გემრიელი პეწი, ფაქტია...

თითქოს რაღაც აკლდა ჩვენს სოციალურ ყოფას და აჰა, მივხვდი - ეგრეთ წოდებულ "ბირჟათა" სიმცირე! ეს დიდებული ტყუილად დგომები, ეს გიჟივით თვალის ცეცებები, ეს ხელთა ჩაწყობები ჯიბეებში, ეს ჩაბრეცილ-ჩაჩაჩული შარვლები, ეს სასიამოვნო და უშრეტი ფურთხება, ეს უფუნქციობა და უფულობით სასოწარკვეთილ-შეშფოთებული ფიზიონომიები... ნეტა ის გამაგებინა, სად ნახულობენ ასე ერთნაირ ტანსაცმელს! ან ხმას როგორ იყენებენ ასეთ მსგავსს! ან ეს სტანდარტულად შეშინებულ-ქედმაღლური ბღენძვა-ბღვერა როგორ გამოუმუშავეს ასე ერთგვაროვნად! ეს ჩაკუზულობა მაინც რაღაც სასწაულებრივი ფენომენია! ნიჭი და ცოდნა უნდა ასეთ ჩაკუნცხვას - ყველა ვერც შეძლებს... ან ძალიან ელასტიკური ტანი უნდა გქონდეს, ან გენეტიკურად მოგდგამდეს! თან რამდენი ხანი ძლებენ ამ პოზაში! მარტო საათი ან დღე კი არა, მთელი ცხოვრება!

მაგრამ საინტერესოა, მაინც რამ შექმნა ეს "ბირჟები"? ნაადრევმა და კონტრასტულმა გაზაფხულმა ხომ არ გამოყარა და შეაქუჩა ეს ხალხი ასე? თუ ალბათ მაინც უსაქმობამ, ნიჰილიზმმა და მუდმივი, მტანჯველი უპერსპექტივობის განცდამ!

ჰოდა, რა ვქნათ, დრო რითი შევუვსოთ ამდენ თავისუფალ ვარდნაში ჩაშვებულ-ჩაკუზულს? სად მოვუძებნოთ სასაუბრო თემები? როგორ დავაკავოთ ისე, რომ თავისუფლებაშეზღუდულებად არ იგრძნონ თავი? როგორ და რა არგუმენტით შევაწყვეტინოთ ნაწყენი და შეუკავებელი ფურთხება? სად მოვუნახოთ ოდნავ მოსიყვარულე ცოლები (ჩვენდა ჭირად და მათდა საუბედუროდ, ახლა გოგოებსაც კი აღარ მოწონთ ასეთი ასოციალური მთხლეები)? რა საქმეები გავარჩევინოთ, როცა თავად საქმეების მოპოვება გახდა რთული? რა ვუყოთ ამდენ ხარივით ჯანმრთელ ტყუილად მდგომს?

ეს ხალხი თუკი რამემ არ დაღალა, ვშიშობ, მხოლოდ საქარე მინებზე არ მოგვიწევს ვიშვიში.
XS
SM
MD
LG