Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორფეოსი ჯოჯოხეთში ჩადის


ოდესღაც ხანძარი გაჩენილა ვენის საოპერო თეატრში, და თან მაინცდამაინც სპექტაკლის წარმოდგენის დროს! ხალხი ჟაკ ოფენბახის კონტექსტუალური სახელწოდების მქონე ოპერეტას - "ორფეოსი ჯოჯოხეთის ჩადის" - ესწრებოდა და ხანძრის დროს, არც მეტი, არც ნაკლები, ათას კაცზე მეტი დაღუპულა. მსმენელი დარბაზშივე გაგუდულა. რიხარდ ვაგნერს კი ასეთი საშინელი სიტყვები უთქვამს: "ის ხალხი, ვინც ოფენბახის უნიჭობის მოსასმენად იყო მისული, შებრალების ღირსი არ არის".

ჰო, ამორალური და საზიზღარი სიტყვებია, არაადამიანური და ეგოისტური (უნდა გავუგოთ, ვაგნერიც ცუდად იყო იმ დროს: ვალები, წარუმატებლობა, თვითმკვლელობის მცდელობა), მაგრამ როგორ ვთქვა, სადღაც მესმის ამ კაცის... უფრო სწორად, მას შემდეგ გავუგე, როცა ის შევიტყე, თუ რა თავპირისმტვრევა ყოფილა ვინმე (თუ რაიმე) აგუტინ-ვარუმის კონცერტის ბილეთებზე. ბილეთს ვერ იშოვიდი თურმე. არც ერთ კონცერტს არ მიწყდომია ამდენი ხალხი, როგორც ამ ორისას. ნემსს ვერ ჩააგდებდი დარბაზში. თან ყველაზე უცნაური ისაა, რომ უმეტესობას ზეპირად სცოდნია ამათი სიმღერების ტექსტი! აი, ჭეშმარიტი პარალელური რეალობაც ესაა - სად იყო ეს ხალხი? სად უსმენდა ამ ორს? რომელ მიღმიერ გალაქტიკაში?

არა, ცხადია, ვაგნერივით მთლად გასაგუდად ვერ გავიმეტებ ჩემ საწყალ გზააბნეულ და ყურზე სპილოდაბიჯებულ ქართველებს, მაგრამ რა ვქნა, კი არიან ცოტა გაწვალების ღირსები. და წვალობენ კიდეც. ოღონდ ჩვენც მათთან ერთად...

თქვენ გესმით, რა ცხოვრება აქვს იმ ხალხს, ვინც აგუტინ-ვარუმის კონცერტზე ბილეთის მოსაპოვებლად იხვითქება რიგში (ან მერე დარბაზში)? წარმოგიდგენიათ, რა ხდება იმათ სულში, ვინც ზეპირად და უნისონში ბღავის ამათ სიმღერებს? ვინც რაღაც სათუთს პოულობს ამათ ლირიზმში და ვინც ბედნიერი ბრუნდება შინ ამ ორის კონცერტიდან? ღირს კი საერთოდ ამის მერე სადმე მიბრუნება (იხ. რ. ვაგნერი)?

რა მოსაწყენია საშუალო-სტატისტიკურ ქართველ წყვილთა სინამდვილე: წასვლა აგუტინ-ვარუმის კონცერტზე, ლოდინი, როდის მოგინათლავს მესამე შვილს პატრიარქი (პირველ ორს ჰა, როგორმე მოუძებნი შენნაირ დეკანოზს), ღამე სამკვდრო-სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დისპუტის ცქერა იმის თაობაზე, თუ რა ფერის სახურავი უნდა ჰქონდეს რაბათის "ქრისტიანულ მეჩეთს" და რა ტემპერატურის წყალი (ნაკურთხი ან უკურთხი) უნდა ესხას ჯერ აუშენებელ აბანოებში...

ღმერთო, რა მელანქოლიაა...

რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი მეტრით ჩამოაჩოჩებენ საზღვარს ქართლში რუსი სალდათები (აგერ, ორასი მეტრით გადმოუწევიათ), მთავარია, ცარიელი სკამები არ დახვდეთ მოსკოვიდან ჩამოსულ ვარსკვლავებს... უხერხული იქნება.

საინტერესოა, ასე თუ ვენატრებოდით და ამდენი მსმენელ-დამზეპირებელი თუ ჰყავდათ, მანამდე რაღატომ არ გვკადრულობდნენ? ისე კი, კარგი იქნებოდა, რუს სალდათთა მიერ მოზომილ იმ ორას მეტრშიც შეესრულებინათ ჩვენთვის მოძღვნილი სასიყვარულო დუეტი! იქ ვერ ავყვებოდით თუ რა?

თუ მაინცდამაინც ორფეოსს უნდა ველოდოთ? რატომღაც არა მგონია, ამგვარ მსმენელებთან მოუნდეს შეხვედრა. ჯოჯოხეთში უკვე ნამყოფია.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG