Accessibility links

logo-print
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი საინფორმაციო გადაცემის ჟურნალისტმა დამირეკა და მთხოვა მეთქვა, თუ რა თვისებები უნდა ჰქონოდა (და საერთოდ, როგორი უნდა ყოფილიყო) საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი. მე ვისაუბრე ვრცლად, ქვეტექსტებითა და უქვეტექსტოდ, ნიშნისმოგებითა და სარკაზმით, ცოტა წუხილითა და რამდენადაც შესაძლებელია, რიხით... მოკლედ, ვეცადე, მაგრამ სიუჟეტში, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე (თუმცა ამჯერად მაინც უნიკალურ შემთხვევასთან მქონდა საქმე), ჩემი ქადაგებიდან (მადლობა ღმერთს, არა აბორტების შესახებ) მხოლოდღა ხველება (დამეხველა მე საწყალს), შემცბარ-ნაწყენი ღიმილი და ერთი-ორი არაფრის მთქმელი შორისდებულიღა დარჩა...

ჰოდა, რაკი იქ არ მომეცა მომავალ პრეზიდენტებზე საუბრის საშუალება, გადავწყვიტე აქ ჩამოვთვალო დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატთა პლუს-მინუსები. ვინძლო თქვენშიც ვპოვო მონათესავე აზრი.

მოდი, ჯერ "ქართული ოცნების" კანდიდატებს გადავხედოთ:

1. საპრ. კან. ბ-ნი ახვლედიანი - ამ კანდიდატის პლუსიც და მინუსიც ისაა, რომ მის გარდა, ვფიქრობ, დიდად ვერც ვერავინ შეამჩნევს (და, პრინციპში, არც არავის ეცოდინება) პრეზიდენტი რომ გახდა. ანუ ეს იქნება პრეზიდენტი, რომლის გაპრეზიდენტებაც მხოლოდ მის ნათესავებს და ჰა-ჰა, ერთ-ორ მეზობელს თუ ეცოდინება. მგონი, შესანიშნავია. მომწონს.

2. საპრ. კან. ქ-ნი ზურაბიშვილი - კარგი კანდიდატურაა, ვერაფერს იტყვი. პირადად მე, არ დავმალავ, ძალიან მინდა ქალი პრეზიდენტი. ოღონდ ამ კანდიდატის მთავარი მინუსი ისაა, რომ მას, როგორც წესი, საშინლად ბრაზიანი სახით დაჰყვება უკან ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი (და კიდევ რამდენიმე იგივე მძვინვარე გამომეტყველების მქონე მანდილოსანი). შეთავაზება:ან მისმა თანმხლებმა ქ-მა ნ. მაჭავარიანმა შეიცვალოს განწყობა (ნუ, ხელოვნურად გაიღიმოს მაინც), ან კანდიდატის დაახლოებულთა "წრე" გაფართოვდეს: შევაგდოთ ვინმე, ვინც სულ იღიმება და ყველას მიმართ კეთილგანწყობილია. მაგალითად, ნიკა მემანიშვილი.

აქვე იმასაც დავსძენ, რომ ეს კანდიდატი აუცილებლად შეასკდება (და სავარაუდოდ, ფატალურად) პრემიერ-მინისტრს, რაც, ალბათ, მისი პლუსიცაა და მინუსიც.

3. საპრ. კან. ბ-ნი კალაძე - ეს პოლიტიკოსი ისე სწრაფად ვითარდება, ვფიქრობ, უკვე პრეზიდენტობაზე მეტს იმსახურებს. უფრო სტაბილურ და უფრო მადლიერ სფეროს. ამიტომ ჩემი მოწოდებაა: კალაძე - წმინდა სინოდში! დაიმსახურა!

უკვე მომავალი საგაზეთო სტატიების სათაურებსაც კი ვხედავ:

"ფეხბურთელობიდან - პატრიარქობამდე!"

"მილანიდან - მახათაზე!"

"აგვკენწლე ამბიონიდან!"

4. საპრ. კან. ბ-ნი ხმალაძე - რომ წარმოვიდგენ, თუ როგორ ჩაწერს დასახელებული კანდიდატი თავის CV-ში: "ვახტანგ ხმალაძე - საქართველოს პრეზიდენტი", მზად ვარ, ამ პერსონალური ბედნიერებისთვის უყოყმანოდ მივცე მას ჩემი ხმა. ხომ ხვდებით, რამხელა სიხარული იქნება ამ შესანიშნავი კაცისთვის! გავუკეთოთ საჩუქარი, რა დაგემართათ, რა გახდა ეს პრეზიდენტობა, რას ვღორობთ!

5. საპრ. კან. ბ-ნი მარგველაშვილი - ამ შემთხვევაში თუკი რამე მაგონდება, მხოლოდ კლასიკოსის სიტყვები:

"მიკვირს, უკვირს, სხვა რაღა დარჩა, გასაკვირიც არაფერია!".

6. საპრ. კან. ბ-ნი ალასანია - პრემიერს არ უნდა, ამიტომ მგონი განხილვაც არ ღირს. ჩვენ კი, უმრავლესობა, რაკი როგორც წესი, ცხვრებივით მივყვებით რეალური უფროსის ნებას, ცხადია, მხოლოდ იმას მივცემთ ხმას, ვისზეც ეს უფროსი გასცემს კურთხევას.

კიდევ ფიზიკოსი და პოეტიც დაუსახელებიათ, თუმცა ეს, ალბათ, ჩვენი პრემიერის იუმორის სპეციფიკის სფეროა, სადაც აღარც ფიზიკოსი ჰგავს ფიზიკოსს და აღარც პოეტი პოეტს...

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასახელებულ კანდიდატებს, ნუ გამიწყრებით, მაგრამ მათზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით: "პლუსების და მინუსების მიღმა" არიან.
XS
SM
MD
LG