Accessibility links

უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო

ქართული ანდაზ


მაგინებენ, მეგობრებო.

მაგინებენ მრავალფეროვნად და დიდი ვნებით.

ცოცხალსა და მკვდარს აღარ მიტოვებენ - მაგინებენ პიროვნულად და მაგინებენ გენეტიკურად...

მეძახიან მამათმავალს, პედერასტს (და პიდარასტსაც კი), მეტრაკეს (ასეთიც წავიკითხე) და, თქვენ წარმოიდგინეთ, პიდარმონსაც... ოღონდ ეს კი რაღაა, არ ვიცი.

მაგინებს ყველა, ვისაც არ ეზარება და ვისაც ლათინური ან ქართული ასოებით შეუძლია წერა.

თუმცა მარტო მე არ მაგინებენ, აგინებენ და ემუქრებიან ყველას, ვინც შავ შარვალში, შავ პერანგსა და შავ ფეხსაცმელ-რეიტუზში არ შემოსილა ("მართლმადიდებლური მოდა - 2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონი").

გაოგნებული ვარ, რა გინება სცოდნიათ ქალებს! ზოგი გოგონა ისეთი საყვარელია ფოტოზე, მაგრამ ისე საშინლად, ზიზღით და ტკბობით იგინება, ლამისაა მათ მშობლებს დავურეკო.

რა გაათხოვებს ამათ!

ვინ მოიყვანს ამათ ცოლად?

ვის უნდა ასეთი, ჰა, ვთქვათ, მორწმუნე, მაგრამ "შოფერივით" ენამყრალი რძალი!

ეს რა შვილს გაზრდის!

არ მჯერა მე ასეთი მორწმუნეების...

რა სწამთ ამათ? როგორია ამათი ღმერთი? მაგინებელ-მოძველბიჭო-მოსადისტო-მოკაგებეშნიკო-ჯადოქარ-გაუნათლებელი ქართველი?

რა ვქნა, მეგობრებო, არ არსებობს ასეთი ღმერთი!

ახლა ეწყინებათ, ამას რომ ვიტყვი (და უფრო დიდი წყრომით მაგინებენ), მაგრამ ერთხელ მაინც რომ ჰქონდეთ სახარება წაკითხული, ეცოდინებოდათ, რომ ქრისტიანების ღმერთი სხვანაირია.

ეს ამბავი გასცდა 17 მაისის კონტექსტს, ანკი რაღა შუაშია საერთოდ 17 მაისი!

ესაა ბრძოლა განათლებულობასა და გაუნათლებლობას შორის!

თუმცა რა უნდა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც სიტყვები "პასუხისმგებლობის აღება" და "პასუხისგებაში მიცემა" ერთი და იგივე ჰგონია...

ჰო, პირადად მე სწორედ ამის გამო მაგინებენ. ერთგან ვთქვი (ვფიქრობ, სავსებით ლოგიკური რამ), რომ პატრიარქი პასუხისმგებელია იმაზე, რაც ეკლესიაში ხდება და რომელიღაც საიტზე კი ეს ტექსტი ამგვარად მოთარგმნეს: მწ. ლ. ბუღაძე პატრიარქის დაპატიმრებას ითხოვსო...

ჰოდა, მაგინებენ, აბა, რას იზამენ!

მაგრამ მართლაც ასეა: იმ სიბნელეზე, რითიც ეს გაბოროტებული, სისხლმოწყურებული და დაყრუებული მრევლი იკვებება, ჩვენი ეკლესიაა, ჩვენი პატრიარქია პასუხისმგებელი!

ამ დღეებში მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირი თუ გამოვიდა და ღიად დაგმო ძალადობა.

მხოლოდ მათ სცადეს რეალურად ქრისტიანობის დაცვა წარმართებისგან, რომელნიც ქრისტიანებს უწოდებენ საკუთარ თავს.

მაგრამ დეკონაზი იაკობ მახნიაშვილი, დეკანოზი თამაზ ლომაძე, დეკანოზი თეოდორე გაგნიძე (მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ წარმოუდგენელ რამეებს ამბობს), დეკანოზი ლევან მათეშვილი თუ დედა სიდონია ახლა სრულ უმცირესობაში არიან. მათი ხმა არ ისმის.

ყვირიან (და ამათი რიცხვი კი ლეგიონია) ფულისა და გავლენის მანიით შეპრყობილი ექსტრემისტ-პოლიტიკანი ფსევდო-სასულიერო პირები, რომელნიც ქრისტეს ჯვარმცმელ მღვდელმთავარ კაიაფასა და დოსტოევსკის დიდ ინკვიზიტორს უფრო ჰგვანან, ვიდრე ქრისტიან მოძღვრებს!

რატომ გვავიწყდება, ვის მიმართავს მეორედ მოსვლის ქრისტე იოანეს გამოცხადებაში (წაკითხვა გვეზარება, მამაოები გვიკრძალავენ თუ მოციქულ იოანეს არ ვცემთ პატივს)? ვის სთხოვს უპირველეს პასუხს? ჰო, გვავიწყდება... ეკლესიებს! ეკლესიებს, სადაც ღმერთი უარყვეს და საიდანაც ღმერთი გამოდევნეს...

ეს გინების მოყვარული მრევლი სუსტია, ამათ ყველა შეაშინებს (უვიცის შეშინება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მცოდნესი), მხოლოდ ესენიღა თუ შერჩნენ ეკლესიას, მალე მარტო ზომბები გედგებიან აზრგამოცლილ წირვებზე...

სასულიერო პირებო (და არა კარიერისტებო და წარმართებო, ვისაც თანამდებობა გგონიათ სასულიერო პირის წოდება), გამოჩნდით! ამხილეთ სიბნელე! დაიცავით ეკლესია ამ ჭეშმარიტად აპოკალიპტურ მხეცად ქცეული "საბჭოთა ქრისტიანობისგან!"

თქვენ კი, ვაჟკაცო გოგოებო და ბიჭებო, განაგრძეთ გინება!

წინ - გინებით - სასუფევლისკენ!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG