Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეუტენლობა


პუტინის რუსეთი აქამდე მხოლოდ აუტანელი იყო, ახლა კი შეუტენელიც გახდა.

ზოგად აუტანლობას კონკრეტული შეუტენლობა დაემატა.

რაღაც უცნაურ ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე: ერთი მხრივ, უნდათ, რომ შევეტენოთ, მაგრამ მეორე მხრივ, ვერ გვიტენიან. შეხედეთ, რა სჭირს მათ ეგზოტიკურ სანიტარს: “მეზიზღებით, მძმარავს, მაგრამ მაინც მომეცით თქვენი დამპალი ღვინო, რომელიც ბავშვობიდან მკლავს! არ მივიღებ, თუმცა გამოგზავნეთ!”

ჩვენი რუსოფილებიც გატყდნენ: ნამდვილად არ მოელოდნენ ასეთ უგვან შეუტენლობას. დააკვირდით, პარადოქსთან გვაქვს საქმე: როცა ვლანძღავდით, შეურაცხყოფას არ გვაყენებდნენ - უბრალოდ, გეგმაზომიერად აგრძელებდნენ ჩვენთვის პრობლემების შექმნას, ახლა კი, როცა თითქმის აღარც ვლანძღავთ, შეურაცხყოფების კასკადი მოდის მათგან. რა არის ეს?

შეტენვა აბნევთ?

ვინ-ვინ და პუტინმა შესანიშნავად იცის, რომ როგორც არ უნდა ვეტენებოდეთ, ქართველები არასდროს დავუვიწყებთ 2008 წელს - ოდესმე შეიძლება თვით ბ-ნი ხუბუტიაც კი გატყდეს და ოდნავ შეზარხოშებულმა, პუტინს სუპში ჩაუგდოს მოწამლული ბაყაყი. ინსტინქტი ინსტინქტია: კაცმა არ იცის, როდის და რა ვითარებაში ამუშავდება ეროვნული გენეტიკა.

ისტორია გვასწავლის (უფრო სწორად, არ გვასწავლის - მტერთან ტენვის პრეცედენტი პრინციპში არც მახსენდება): მაქებარი მაგინებელზე ბევრად სახიფათოა. ფაქტია, მიხეილ სააკაშვილის აშკარად არ ეშინოდათ, ხოლო მოსკოვში ჩასულ ჩვენს უწმინდესს რაღაცნაირი ძრწოლით და ეჭვით უყურებდნენ… სათნო და კეთილი კია, მაგრამ როცა არ ელოდები, შეიძლება სწორედ მაშინ გდრუზოს კვერთხი.

ანდა, წარმოვიდგინოთ უფრო მძიმე არტილერია: პუტინთან ჩადიან მძლეოსანი მქებელები - მარადიულ ამრევად წოდებული ქ-ნი ბურჯანაძე, ჩვენი ჭადრაკის სიამაყე დიდი ნონა და, ვთქვათ ფეთქებადი, მაგრამ ამ შემთხვევაში დიპლომატიური თავშეკავებით ატანილი ბ-ნი ბათიაშვილი.

პუტინი რომ პუტინია, ისიც კი ვერ გაუძლებს ამათგან წამოსულ ურთიერთობის დათბობის აგრესიულ მოწოდებებს. დარწმუნებული ვარ ქ-ნი ბურჯანაძე ისეთი პრინციპულობით მოითხოვს ურთიერთობების დალაგებას, რომ ეჭვი მაქვს, იმ შეხვედრაზევე მიიღებს ტონობით შეურაცხყოფას. დიდი ნონაც ჩვეულ სტილში, მტკიცედ და ბრაზიანად მოსთხოვს ძველებური ძმობის აღდგენას.

ჰოდა, პუტინის ნერვებისშლა მერე ნახეთ. ამიტომ რუსულ-ქართული ურთიერთობის სრული გააბსურდულებისთვის, მგონი, მართლაც სჯობს ამ ჯგუფის გააქტიურება.

სააკაშვილმა პუტინი სრულიად თანმიმდევრული გახადა თავის ბოროტებასა და სიძულვილში, მაქებლებს კი უფრო იოლად შეუძლიათ მისი დაბნევა.

დაბნევა და ქება, ქება და დაბნევა - აი, ჩვენი გამარჯვების ფორმულა!

გეგმა ასეთია: სააკაშვილმა არაადეკვატური სიხარულით უნდა აქოს, ვთქვათ, შაიგუ (27 ოქტომბრამდე კიდევ აქვს დრო) და კიდევ უფრო არაადეკვატური სიხარულით ეტენოს ქართული პუბლიკის ფავორიტ მსახიობ ბეზრუკოვს. თუმცა შესატენად არც კობზონი იქნებოდა ცუდი.

სოჭში მიღება უნდა გავუმართოთ “2008 წლის ომის გმირ მეჩირაღდნე ნიჩაევს” და ჩვენი მეცეცხლეები შევაგებოთ აქედან: მაგალითად, იგივე ბ-ნი ლაშა ჟვანია, რომელსაც წესით, რაიმენაირი ცეცხლი კი უნდა ჰქონდეს შარშანდლიდან შემორჩენილი…

ვაქოთ უაზროდ და უპასუხისმგებლოდ, გულისრევამდე ბევრი…

და მადლობებიც ვუხადოთ - ყოველ შეურაცხყოფაზე უფრო და უფრო ხმამაღლა - რადგან ქება მონსტრებსაც კი აჩლუნგებს…

აბა, რუსეთთან ჯერჯერობით ვერცერთმა სხვა სტრატეგიამ ვერ გაამართლა.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG