Accessibility links

1. მმართველი პარტიის რომელიმე დაბნეული წარმომადგენლის ვერსია:

არავის არავინ არ გაუყვანია ციხიდან... ჩემი რწმენით. გაყვანები ადრე იყო... და თუკი გაიყვანეს, ეს იმათ სინდისზე იყოს, ვინც ამბობს, რომ გაიყვანეს. გამოძიება აუცილებლად უნდა დაინიშნოს, მაგრამ არაა გამოძიების დანიშვნა აუცილებელი. არ ვარ ქალაქში... ობიექტზე ვარ გასული, მეტ კომენტარს ვერ მოგცემთ. გილოცავთ ახალ წელს.

2. სამართლიანობის “ლინჩის წესით” აღდგენის სურვილით შეპყრობილი რადიკალის (სავარაუდოდ, რომელიმე ე. წ. ყოფილი პოლიტპატიმრის) ხედვა-ვერსია:

სამართლიანობა მანამდე არ აღდგება, სანამ ქ-ნ ნანა კაკაბაძეს არ ჩააბარებენ ციხეებზე მეურვეობას. ეგეთი მთხლე გაყვანები კი არ იქნება მერე. მთელი ერი უნდა გაერთიანდეს ამ ლოზუნგის ქვეშ: “ნანა - ციხეზე! ნანა - ციხეზე!”. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დადგინდეს სამართლიანობის აღდგენის ფორმულა: ნანა კაკაბაძე - სასჯელაღსრულების მინისტრად, სოსო ჯაჭვლიანი - ბალნეოლოგიურ ცენტრში (ძირს სააკაშვილის მამის სისხლიანი დიქტატურა!), გიორგი უშიკიშვილი - პენსიაზე (დაუთმოს გზა ახალგაზრდებს - თუნდაც ბ-ნ ანზორ ერქომაიშვილს), ალექსი ინაური - უშიშროების მინისტრად (გარდაცვლილია, მაგრამ არ იყო ცუდი კადრი, არ ღირს დაკარგვა. სამინისტროც აღსადგენია), აიკრძალოს ბალეტი (“ნინო ანანიაშვილო, მოეშვი ხალხის გარყვნას!”).

3. პარანოიდალური “მიშიზმით” დაავადებული (შედარებით ახალი ავადმყოფობაა და ზუსტი დეფინიცია ჯერ არ არსებობს) მოქალაქის ვერსია:

ვანო მოკლულია. სასამართლოზე მისი ორეული ლაპარაკობს. ის პირსახოცი, რომელიც თავზე ჰქონდა გადაფარებული, მოწამლული ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, თუკი არ მოკლეს, უეჭველად უნდა მოკლან. ეს მათი ვალია. ყველაფერი უნდა განადგურდეს და დაიქცეს, რაც “9 წელიწადში” აშენებულა. შეუძლებელია ქუჩაში გასვლა - ვინც აქ ვცხოვრობთ, უკვე ერთი წელია, აღარ გავდივართ, ხოლო ვინც უცხოეთიდან დავტირით სამშობლოს, მანამდე არ ჩამოვალთ, სანამ სააკაშვილი არ დაიბრუნებს აწ უკვე სამუდამო პრეზიდენტობას... ცხადია, ჩვენი დემოკრატიის განმტკიცების მიზნით! ბათუმი თოვლში ჩამარხეს, დაანგრიეს თბილისი და ამ ერთ წელიწადში პირწმინდად გააღატაკეს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უზრუნველად ცხოვრობდნენ მანამდე. ახლა ყველა უნდა დახოცონ ან პუტინს გაუგზავნონ ეშელონებით. დედებს შვილებს მოაკვლევინებენ, ხოლო ბებიები შვილიშვილებს მოუღებენ ბოლის. ლაპარაკია ასევე სასტუმრო “ივერიის” აღდგენაზე. აიყრება ყველა ასფალტი. უახლოეს წლებში ვერ გათხოვდება ვერც ერთი ქალი. აღარ იარსებებს დაზღვევა. სტრესული ფსორიაზით დაავადდება ყველა კაცი. ერთმანეთს დაამოყვრებენ ნინო ბურჯანაძისა და ბაგრატიონთა დინასტიის შთამომავლებს. მერეღა მოგენატრებათ ჩვენი პრეზიდენტი. მაგრამ თუკი იმ დროისთვის ემიგრაციაში იქნება, ჩვენთან დავიტოვებთ, ჩვენთან გამოვკეტავთ და აღარასდროს მოგცემთ. თუ საჭიროა, დავაბამთ კიდეც.

4. ი. მერაბიშვილის ვირეშმაკობის ვერსია:

“მიმიყვანეთ მთავარ პროკურორთან, მე დეტალურად მოგიყვებით მიხეილ სააკაშვილის აღვირახსნილი და კრიმინალური ცხოვრების შესახებ. მაქვს უტყუარი ფაქტები, გამაჩნია ვიდეომასალა (კოდური სახელწოდებით - როგორ გადავაფიქრებინე პირადად მე “ვერის უბნის მელოდიებში” მონაწილეობა)”. შეთავაზება მიღებულია; ი. მერაბიშვილს თავზე აფარებენ ქურთუკს (სხვა ვერსიით, პირსახოცს) და მთავარ პროკურორთან მიჰყავთ. პროკურორები ფიქრობენ: “გაიხსნება ახალი საქმეები, იქნება დაწინაურება, იქნება პრემიები, უწმინდესი გვარებს დაგვილოცავს.” თუმცა მოლოდინი არ მართლდება: ი. მერაბიშვილი მთავარ პროკურორთან შესვლისთანავე ამბობს: “მომიტაცეს, მკლავენ”, პროკურორები ბრაზობენ: “აბა, ფაქტებიო? ვინ მოკლა სააკაშვილმა? ბოტოქსს მართლა იკეთებდა?”, მერაბიშვილი იმავეს აგრძელებს: “რა ფაქტები, წარმოდგენა არა მაქვს! მომიტაცეს, მკლავენ!”, მთავარი პროკურორი მდაბალ პროკურორებს უყვირის: “კრეტინებო, ეს გასწავლათ ადეიშვილმა?”

ეჰ, სადღაა პრემიები, სადღაა დალოცვა, სადღაა დაწინაურება...

5. არდაწყებული გამოძიებისა და შეუვსებელი ფურცლის ვერსია-შედეგი:

ვეჭვობ, ვიღაცას თანამდებობის დატოვების შესახებ მოუწევს განცხადების დაწერა.
XS
SM
MD
LG