Accessibility links

logo-print
არის ასეთი ძირძველი ქართული სიტყვა (სამწუხაროდ, ვერმიკვლეული სულხან-საბას მიერ), რომელიც ნარკოტიკის მოპოვება-შესყიდვის პროცესში ჩაბმული ეგზალტირებული ჯგუფების ქმედებას აღწერს: “დვიჟენია”.

გვაქვს მეორე ქართული სიტყვაც, რომელიც კიდევ უფრო ძველია და მემატიანენი მას ყველაზე ხშირად ხმარობენ: “შპანა”.

აი, ეს ორი სიტყვა გამახსენდა, როცა ეს უცნაური ვიდეო ვიხილეთ, სადაც ჩვენი მეტამორფოზირებული ძველი ბიჭები (არ დავწერ “ძველი მთავრობის წარმომადგენლები”) ევროპული საქართველოს სასახელოდ ეძებდნენ მტრულ გვამებს.

იქ, სადაც პარანოიდალურ-ჰალუცინაციურმა გონმა აწ თითქმის მივიწყებული “მოდელირებული ქრონიკა” შვა, არაა გამორიცხული, ის “ორი რუსი” ამ ხალხს, არც მეტი, არც ნაკლები, მედვედევ-პუტინის წყვილი ჰგონებოდათ, “დვიჟენია” ტყუილად კი არ გამხსენებია!

თუმცა ამ ჩანაწერის შემთხვევაში, ალბათ, სხვა რამეა მთავარი: ეგზალტირებულ “შპანას” თავის გამოჩენის საშუალება ეძლევა, მთავარსარდალი იქვე დაძრწის და წარმატების შემთხვევაში პრემიებია მოსალოდნელი!

“პრემიები იქნება”!

ქართული პრემიები!

და იქნება ახლაც! და იქნება ყოველთვის! მარტო წარსულში კი არ დარჩა ეს დაპირება!

“შპანა” უკვდავია. შესაბამისად, “პრემიალურიც”.

ადვილია მათი შეფასება, ვისაც სახეზე ვცნობთ, მაგრამ ვისაც ვერ ვცნობთ და ვინც უსახელოდ დაგვიდის გარშემო, ისინი ხომ ახლაც პრემიების მოლოდინში არიან.

და რას აღარ იზამენ პრემიებისთვის.

ისეთ ღატაკ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სახელმწიფო ჩინოვნიკების უმრავლესობა, ხელფასის გარდა თვიდან თვემდე პრემიალურებს იმატებს და განსაზღვრულ ხელფასზე ხუთჯერ მეტს იღებს.

რადგან პრემია წმინდაა!

პრემიალური წმინდაა!

რადგან თუკი “პრემიალური” არ მოვა, მაშინ იძულებული შეიქნება, სამართლიანად და დამსახურებულად მოიპაროს ფული, ანდა პატიოსნად და წესიერად მიიღოს თავისი კუთვნილი ყოველთვიური ჯილდო.

“ორი გვამი მინდა... პრემიებია...”

სად? ან რომელი ამდენ გვამში?

თუმცა რიტორიკა იქით იყოს და, პირადად მე (ისევე, როგორც, ალბათ, ბევრ თქვენგანს) სულ სხვა ამბავი გამახსენდა ამ უცნაური ვიდეოს ცქერისას:

“ორი რუსის” ძებნისას რა ბაკქანალია ხდებოდა და, წარმომიდგენია, რა უბედურება სჭირდა ამ აცაბაცა მარბენალ-მოქაქანე ეგზალტირებულ “შპანას” 2008 წლის ომის დროს!

მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა “პრემიები” ნამდვილად არ იყო გარანტირებული.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG