Accessibility links

logo-print

შეიძლება მე გამომრჩა რამე, მაგრამ არც 7 აგვისტოს და არც 8 აგვისტოს, არც ერთ ინგლისურენოვან თუ დიდენოვან საინფორმაციო სააგენტოს, ან, გნებავთ, საინფორმაციო გამოშვებას არ უხსენებია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი.

უცხოელ პოლიტიკოსთაგანაც, მგონი, არავის უთქვამს რამე ჩვენი ტრაგედიის შესახებ (თუ არ ჩავთვლით ამ ტრაგედიის ერთ-ერთ ფორმალურ განმახორციელებელს, რუსეთის პლასტმასის პრემიერ მედვედევს, რომელიც დღეს ნიშნის მოგებით იქებდა თავს სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში დამყარებული მშვიდობით).

ამ დროს ის, რაც 2008 წელს მოხდა საქართველოში, ახლა, ფაქტობრივად, უკრაინაში ხდება და ეს ყველაფერი ძალიან მკაფიოდ, ლოგიკურად და შემაძრწუნებლად ებმის ერთმანეთს. ამიტომ დღევანდელ კონტექსტში, წესით, აუცილებლად უნდა გახსენებოდათ ჩვენი 2008 წლის აგვისტო...

მაგრამ ბევრს არავის გახსენებია.

ან, უფრო სწორად, ჩვენ ვერ გავახსენეთ.

ჰოდა ვინ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ საქართველო კონტექსტიდან არ ამოვარდეს მისთვის და უკვე მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან დღეებში?

რას აკეთებს ჩვენი მთავრობა იმისათვის, რომ მიჩუმათებული და დავიწყებული არ იქნეს დრამატული 2008 წლის ზაფხული?

განა ვინმეს, თუნდაც მტრის თვითმიზნურ, მატრაკვეცულ და შიდასაჩვენებელ-მოსახმარ გინებას ვითხოვ, უბრალოდ, სულ ცოტა, დამაბნეველია ამ დღეს მხოლოდ პოლიტიკური ცოდვებით დამძიმებული ექს-პრეზიდენტის პედაგოგიური ლანძღვა და კიდევ, რაც უკვე მთლად იდიოტიზმს ჩამოჰგავს, მაინცდამაინც იმ დასავლელი პოლიტიკოსების თავდაჯერებული განქიქება, რომლებიც ყველაზე თავგამოდებით და თანმიმდევრულად იცავენ საქართველოს...

ეს რაღა იყო, შვედმა მინისტრმა, რაკი პირადი მეგობარია, სააკაშვილი ამიტომ დაიცვაო.

აი, რატომაა რთული 32 წლის ასაკში საბედისწერო პრობლემებით დამძიმებული ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა!

“ელექტრას კომპლექსი” გამიგია, “ოიდიპოსის კომპლექსი” გამიგია (მოგეხსენებათ, ფართოდ გავრცელებულია საქართველოში), მაგრამ ეს “სააკაშვილის კომპლექსი” რაღაც ახლებური ნევროტული აკვიატებაა.

სააკაშვილი ნიჭიერი იყო თუ უნიჭო, მჩაგვრელი იყო თუ იდეალისტი, ახლა მისი ერთმნიშვნელოვანი (ან არაერთმნიშვნელოვანი) შეფასება საბოლოოდ მაინც ნაადრევი და სრულიად არააქტუალური მგონია, რადგან სააკაშვილის პრეზიდენტობა ახლა უკვე ისტორიაა, წარსულია, საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობამ მას პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა 2012 წელს და ამით მორჩა მასთან განსაკუთრებულ ვნებიან ურთიერთობას.

წააგო, დამთავრდა, წავიდა! როდემდე ვიმეოროთ?

ახალ მერს ირჩევენ და კაცი ჯერ თავის კაბინეტში არ შესულა, უკვე იმას ფიქრობს, რა მოშალოს იმ “9 წლის” აშენებულთაგან! ვის და სად უნახავს, ან მოწონებია არჩევისთანავე მოშლა-ნგრევაზე მოლაპარაკე ქალაქის თავი? ვინ უთხრა ამ ხალხს, რომ სწორია ასე თქმა?

სიყეყეჩეს, სიმთხლევეს და სინაცრისფრეს კიდევ აიტან (პირადად მე ყოველთვის ვოცნებობდი საქართველოს ნაცრისფერ და ჩვეულებრივ მმართველებზე, რადგან აფერისტი გმირები და ადვილად მოწყვლადი მესიები ყელში მყავდნენ ამოსული, იმდენადაც კი, რომ ქარიზმატულ-ექსცენტრული სააკაშვილით გათანგულს თვით გივი გუმბარიძეც კი შემომექო ერთ დროს), მაგრამ უკვე სხვანაირად იწყებ ფიქრს, როცა შესაძლოა “სინაცრისფრე” ქვეყნისთვის გახდეს სახიფათო.

ერთი იმასღა ვფიქრობ, ნეტა ეს წამოცდენები (იმავე შვედ მინისტრზე თუ სხვა), მხოლოდ დაუფიქრებლობის (არ მინდა ვთქვა, წამიერი უტვინობის) შედეგი იყოს და არა სხვა რამ.

როგორც დავით კლდიაშვილის გმირი იტყოდა, ყველამ გადასარევად იცის ყველაფერი, მით უმეტეს, დასავლეთში, ყველას მშვენივრად მოეხსენება, ვინ იყო და რას წარმოადგენდა საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მაგრამ როცა, ნუ გვეწყინება, ჩვენზე ასჯერ უფრო ჭკვიანი ხალხი (და ეს ხალხი რომ ჩვენზე ჭკვიანია, ეს მათ მიერ მართულ ქვეყნებს ეტყობა) დაუღალავად მოგვიწოდებს ერთსა და იმავეს, რომ შურისძიების აქტს არ დაემსგავსოს სამართლის აღსრულება, სულ ცოტა, მაინცდამაინც რუსეთის ევროპასთან კონფლიქტის დროს არ უნდა მოგვინდეს სააკაშვილის პუტინისთვის ზვარაკად შეწირვა.

თუ იქნებ ეს საქართველოს უჩინარი მმართველის დიდი “იგროკობაა” და, როგორც უკვე მას და ჩვენ გვჩვევია, მერეღა მივხვდებით სარისკო თამაშის პრაგმატულ გენიალურობას?

ჰოდა სწორედ ეს მიკვირს, დიდო იგროკებო, თუკი პრაგმატიზმზეა საუბარი, რატომ ვცდილობთ ამ ცივილიზაციურ კონფლიქტში უფრო ღონიერის წყენინებას?

მართალია, კრემლი ჩვენზე განუზომლად ძლიერია, მაგრამ ის განუზომლად სუსტია ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მთავარ გარანტთან, დასავლეთთან შედარებით.

XS
SM
MD
LG