Accessibility links

logo-print
ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე დედოფალმა ელისაბედმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა მე-14 პარაოლიმპიური თამაშები, რომელიც 29 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე გასტანს. საზეიმო გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა 3 000-ზე მეტი შემსრულებელი, რომელთა უმრავლესობა, სპორტსმენების მსგავსად, ინვალიდები იყვნენ. პარაოლიმპიურ თამაშებში ორი ქართველი სპორტსმენიც ღებულობს მონაწილეობას.

ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გამოსვლით გაიხსნა ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე პარაოლიმპიური თამაშები, რომელიც მაყურებელს არანაკლებ მიმზიდველ სანახაობას ჰპირდება, ვიდრე ოლიმპიადა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ასევე ლონდონმა უმასპინძლა:

„ლონდონის 2012 წლის პარაოლიმპიურ თამაშებს გახსნილად ვაცხადებ.“

ლონდონის ოლიმპიური სტადიონი ოვაციებით შეხვდა 84 წლის ჩემპიონ მარგარეტ მოენს, რომელმაც დაანთო მთავარი ოლიმპიური ჩირაღდანი. იგი პირველი ბრიტანელი სპორტსმენია, რომელმაც 1960 წელს მშვილდოსნობაში რომის პარაოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიგო.

29 აგვისტოს ლონდონში პარაოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიაში, სხვა ინვალიდი მსახიობებისა და მომღერლების გარდა, მონაწილეობდა ასევე ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი სტივენ ჰავკინი, რომელსაც მოტონეირონის დაავადება აქვს და ცხოვრების დიდი ნაწილი ინვალიდის ეტლში გაატარა.

ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებში, რომელიც 11 დღეს გასტანს, 160 ქვეყნის 4200-ზე მეტი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არის ორი ქართველი სპორტსმენი. შოთა ომარაშვილი ძალოსნობის ერთ-ერთ სახეობაში - წოლჭიმში - შეეცდება თავის გამოჩენას, ნიკა თვაური კი საკუთარ ძალებს 100 მეტრზე ბრასით ცურვაში გამოცდის.

როგორც პარაოლიმპიური თამაშების დაწყებამდე უთხრა პარაოლიმპიელმა შოთა ომარაშვილმა რადიო თავისუფლებას, ოლიმპიური თამაშები მისთვის ადამიანებთან დამეგობრების საუკეთესო საშუალებაა:

„სპორტის წყალობით გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი, რომელთანაც დღემდე თბილი ურთიერთობა მაქვს. სპორტის გარეშე ამდენ მეგობარს ვერ შევიძენდი. ჩემს ცხოვრებაში რაც კარგი მქონია, ყველაფერი სპორტს უკავშირდება. ამიტომ სპორტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

29 აგვისტოს პარაოლიმპიელებს გზა დაულოცა ოლიმპიური თამაშების თავმჯდომარემ, სებასტიან კოემ, რომელმაც მაყურებლებს მოუწოდა მოემზადონ ამაღელვებელი სანახაობისათვის და უგულშემატკივრონ სპორტსმენებს.“

და მართლაც, პარაოლიმპიურ თამაშებს, რომელიც 1948 წლიდან იმართება, სულაც არ აკლია აზარტი, მომხიბვლელობა და დასწრების მსურველთა რაოდენობა. პარაოლიმპიური თამაშების მასპინძელთა ინფორმაციით, უკვე 2.4 მილიონი ბილეთია გაყიდული.

რაც შეეხება პარაოლიმპიური თამაშების ფავორიტებს, ასეთად, ერთსულოვანი შეფასებით, ჩინეთის ნაკრები ითვლება. 2008 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე პეკინში მასპინძელი ქვეყნის - ჩინეთის -ინვალიდმა სპორტსმენებმა 211 მედალი მოიპოვეს, ბრიტანელებს კი 106 მედალი ერგოთ.

ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ 30 აგვისტოს, პარაოლიმპიური ასპარეზობის პირველ დღეს, პირველი ოქრო სწორედ ჩინელ სპორტსმენ ქალს, პნევმატური შაშხანიდან მსროლელ ცუიპან ჩჟანს ხვდა წილად.
XS
SM
MD
LG