Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი პარაოლიმპიელები ლონდონში


29 აგვისტოს ლონდონში დაიწყება და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება მე-14 პარაოლიმპიური თამაშები, რომელშიც საქართველოდან ორი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. შოთა ომარაშვილი ძალოსნობის ერთ-ერთ სახეობაში - წოლჭიმში - შეეცდება თავის გამოჩენას, ნიკა თვაური კი საკუთარ ძალებს 100 მეტრზე ბრასით ცურვაში გამოცდის. საქართველო პარაოლიმპიურ თამაშებში პირველად 2008 წელს პეკინში გამოვიდა. მაშინ ძალოსანმა იაგო გორგოძემ წოლჭიმში მერვე შედეგი აჩვენა.

მეორე ჯგუფის ინვალიდობის მქონე 30 წლის შოთა ომარაშვილი სპორტით ბავშვობიდანაა გატაცებული. შოთას არაერთი ტურნირი აქვს მოგებული მკლავჭიდში, თუმცა ოლიმპიური ლიცენზია სპორტის იმ სახეობაში მოიპოვა, რომლითაც სამიოდე წლის წინ დაკავდა:

შოთა ომარაშვილი
შოთა ომარაშვილი
„წოლჭიმის სახეობაში 2009 წლიდან დავიწყე ვარჯიში. 2011 წელს იორდანიაში სალიცენზიო ტურნირზე მეოთხე ადგილი დავიკავე. ჩემს მეტოქეებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ. ზოგი ეტლით გამოდის, მაგრამ არიან საუკეთესო სპორტსმენები და ჩემთვის საამაყო და დიდი პატივია, რომ მათ ვეჯიბრები.“

ცხადია, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს თავად ქართველ სპორტსმენსაც. შოთა ომარაშვილის დედა, ზოია ომარაშვილი, იხსენებს:

„დაბადებისთანავე სამშობიაროში გაცივდა. სამი წლის რომ გახდა, ფეხი ვერ აიდგა. როცა აიდგა, ფეხის წვერებზე დადიოდა. ოთხი ოპერაცია გავუკეთეთ, რამაც ცოტა შედეგი გამოიღო.“

ზოია ომარაშვილის თქმით, შოთას სპორტსმენად ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა მტკიცე ხასიათმა და თანდაყოლილმა ფიზიკურმა ძალამ. 2012 წელს შოთამ დუბაის საერთაშორისო ტურნირში 135 კილოგრამი დაძლია. საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლევან ოდიშარია დარწმუნებულია, რომ ქართველი ოლიმპიელი ლონდონში უკეთეს შედეგს აჩვენებს:

პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლევან ოდიშარია
პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლევან ოდიშარია
„ძალიან მოწადინებულია, ყველაფერს აკეთებს, რომ საუკეთესო შედეგი აჩვენოს. მეტი შემართებით ვართ, მეტი იმედი გვაქვს. ჩვენი და სპორტსმენების უპირველესი მიზანი ისაა, რომ ვაჯობოთ საკუთარ თავს, ანუ გავაუმჯობესოთ პირადი რეკორდები.“

ლევან ოდიშარიას ვარაუდით, ლონდონის პარაოლიმპიადა ასევე წარმატებული იქნება ნიკა თვაურისთვის - უსინათლო სპორტსმენისთვის, რომელიც კარსმომდგარი სპორტული ფორუმისათვის „ოლიმპიკის“ საერთაშორისო სტანდარტის საცურაო აუზში ემზადება, რაც, გარკვეულწილად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანადგომის შედეგია. მინისტრ ლადო ვარძელაშვილის თქმით, პარაოლიმპიადა და პარაოლიმპიელები ისევე მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, როგორც ოლიმპიადა და ოლიმპიელები.

„კარგია ის, რომ საქართველო შეუერთდა მსოფლიოს იმ ქვეყნების რიგს, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენებს. ბიჭებმა უკვე დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ საქართველო ასახელონ ბევრ ჯანმრთელ ადამიანზე უკეთესად. ამიტომ ჩვენი სურვილია, ერთად გავამხნევოთ ჩვენი სპორტსმენები, რათა ოლიმპიადაზე საქართველო კიდევ ერთხელ ასახელონ.“

სპორტის წყალობით გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი, რომელთანაც დღემდე თბილი ურთიერთობა მაქვს. სპორტის გარეშე ამდენ მეგობარს ვერ შევიძენდი. ჩემს ცხოვრებაში რაც კარგი მქონია, ყველაფერი სპორტს უკავშირდება ...
შოთა ომარაშვილი
ეს განცხადება ლადო ვარძელაშვილმა „ბრავო რეკორდსის“ სტუდიაში, სპეციალურად ქართველი პარაოლიმპიელების გასამხნევებლად დაწერილი სიმღერის პრეზენტაციაზე გააკეთა. „უფრო ნათელი დღე“ - ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც ნინი ბადურაშვილი ლონდონში, მე-14 პარაოლიმპიური თამაშების გახსნაზე შეასრულებს. მომღერალი იმედოვნებს, რომ მისი შემოქმედება ქართველ სპორტსმენებს გამარჯვებაში დაეხმარება, თუმცა თავად სპორტსმენების თქმით, როგორც ჩვეულებრივ ოლიმპიურ თამაშებში, აქაც გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი მონაწილეობაა. საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, პარაოლიმპიელი შოთა ომარაშვილი ყველას სპორტთან დამეგობრებას ურჩევს:

„სპორტის წყალობით გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი, რომელთანაც დღემდე თბილი ურთიერთობა მაქვს. სპორტის გარეშე ამდენ მეგობარს ვერ შევიძენდი. ჩემს ცხოვრებაში რაც კარგი მქონია, ყველაფერი სპორტს უკავშირდება. ამიტომ სპორტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

ოფიციალური მონაცემებით, ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებში 4200 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ეს თამაშები 1948 წლიდან იმართება, საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი კი მხოლოდ 2003 წელს შეიქმნა. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ლონდონში საქართველო მხოლოდ ორი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG