Accessibility links

logo-print

პარაოლიმპიელი ვარსკვლავის ტრაგედია


ოსკარ პისტორიუ

ოსკარ პისტორიუ

სამხრეთ აფრიკაში სასამართლომ მკვლელობის ბრალდება წაუყენა გამოჩენილ სპორტსმენს, პარაოლიმპიელ ჩემპიონ ოსკარ პისტორიუსს. მას მეგობარი ქალის, 30 წლის რივა სტინკამპის მკვლელობაში ადანაშაულებენ.

„სამართებელზე მორბენალი“ (Blade Runner) - ასე უწოდებენ მსოფლიო მედიაში სამხრეთაფრიკელ ათლეტს, პარაოლიმპიელ ვარსკვლავს, 26 წლის ოსკარ პისტორიუსს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპორტსმენს. მას ორივე ფეხი მუხლქვემოთ ამპუტირებული აქვს და პროტეზებით დარბის, პარაოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონია, ხოლო შარშან ისტორიაში შევიდა როგორც მსოფლიოში პირველი სპორტსმენი, რომელმაც, ამპუტირებული კიდურების მიუხედავად, ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა. ახლა მის სახელს ტრაგედია დაუკავშირდა.

ხუთშაბათს პრეტორიაში, პისტორიუსის სახლში, მოკლული იპოვეს მისი მეგობარი ქალი, 30 წლის მოდელი, რივა სტინკამპი. პოლიციის ცნობით, სტინკამპს ოთხჯერ ესროლეს. ოსკარ პისტორიუსი ადგილზე იქნა დაკავებული. პროკურორები მომხდარს „განზრახ მკვლელობად“ მიიჩნევენ, მაგრამ პისტორიუსის ოჯახმა პარასკევს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ის გადაჭრით უარყოფს ბრალდებას.
იმედი მაქვს, მე რომ მგონია, ისე ცუდად არ არის საქმე, რადგან ოსკარი ძალიან სასიამოვნო ადამიანია... იმდენი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის! ...

პარასკევს სასამართლოში, როცა პისტორიუსს მკვლელობის ბრალდებას უკითხავდნენ, მას ცრემლები წასკდა. ახლა სასამართლომ სამშაბათამდე უნდა გადაწყვიტოს, შეუფარდებს თუ არა გირაოს ცნობილ ათლეტს. პისტორიუსი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რომელიც მალევე გავრცელდა რივა სტინკამპის მკვლელობის დადგენის შემდეგ, ხუთშაბათ დილით მეზობლებს ჩხუბის და კივილის ხმა მოესმათ პისტორიუსის რეზიდენციიდან. იყო ვერსია, რომ სპორტსმენმა შეცდომით ესროლა მეგობარ ქალს - ის მძარცველი ეგონა. მოგვიანებით პოლიციამ უარყო ცნობა, თითქოს ეს ვერსია მისი გავრცელებული ყოფილიყო.

სამხრეთაფრიკელები, რომლებისთვისაც ოსკარ პისტორიუსი ნამდვილი ეროვნული გმირია, გაოგნებულები არიან.

„იმედი მაქვს, მე რომ მგონია, ისე ცუდად არ არის საქმე, რადგან ოსკარი ძალიან სასიამოვნო ადამიანია... იმდენი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის! მაგრამ ისე, თუ იცი, რომ რაღაც მართლაც ძალიან ცუდი მოხდა, საქმე კანონით უნდა მოგვარდეს“, ამბობს იოჰანესბურგის მკვიდრი, ბონისვლა ტელე.

მომხდარის დაჯერება უჭირს იოჰანესბურგში მცხოვრებ შაი ჰანიელსაც: „ძალიან ბევრ ვარაუდს გამოთქვამენ. უბრალოდ, უნდა დაველოდოთ, რას იტყვის პოლიცია და რა მტკიცებულებები იქნება. ყველას შეუძლია თქვას, რომ მისი ბრალია, რომ დაიმსახურა, რაც დაემართა, ან რომ არ დაუმსახურებია. წარმოდგენა არა მაქვს, რა ხდება“.

სამხრეთ აფრიკის მედიაში ბოლო დღეები სტინკამპის მკვლელობის საქმე დომინირებს. სტატიები, რეპორტაჟები ასახავს შოკს, რომელიც სამხრეთაფრიკელებში მოჰყვა პისტორიუსისათვის ბრალის წაყენებას. პარაოლიმპიელი სპორტსმენი დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობის ყველა ჯგუფში, რაც იშვიათობაა ქვეყანაში, სადაც რასობრივი დაპირისპირება ჯერაც არ გამქრალა, აპართეიდისათვის ბოლოს მოღებიდან 19 წლის შემდეგაც.
XS
SM
MD
LG