Accessibility links

„ფარავანჰესის“ მშენებლობაზე პრობლემების მოგვარებას ითხოვენ


ასპინძის მუნიციპალიტეტში მშენებარე „ფარავანჰესის“ ქართველი მუშახელი სამსახურში არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვს. მათ კომპანიის ხელმძღვანელებს სამი მოთხოვნა წაუყენეს: ანაზღაურების დროულად ჩარიცხვა, ნორმალური კვებითა და სამუშაო ტანსაცმლით უზრუნველყოფა. ჰესზე მომუშავე ქართველი პერსონალის თქმით, ხელფასები მუდმივად გვიანდება. გარდა ამისა, არაქართველ თანამშრომლებს გაცილებით მეტი ანაზღაურება და პრივილეგია აქვთ, ვიდრე ადგილობრივებს.

ჰესზე მომუშავე პერსონალის მტკიცებით, სასადილოში, სადაც ჰიგიენური ნორმები დაცული არ არის, მხოლოდ თურქული კერძები მზადდება. ამიტომ თანამშრომლები მენიუში ქართული კერძების შეტანას ან კვებისთვის განკუთვნილი თანხის ხელფასზე დამატებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ხელმოწერები შეაგროვეს, რომელსაც, წერილობით მოთხოვნასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნიან. იმ შემთხვევაში, თუ მათი პირობები არ დაკმაყოფილდება, ისინი თურქული კომპანიის მენეჯერის კაბინეტის კარების აჭედვით იმუქრებიან.

ამ დროისათვის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას „ჯორჯიან ურბან ენერჯის“ კონტრაქტორი კომპანია „ნუროლი“ ხელნმძღვანელობს. ჰესზე ქართველი მუშახელის დასაქმებას შპს „ჯი-თი-ა“ უზრუნველყოფს. „ნუროლის“ ქვეკონტრაქტორ კომპანია „ჯიემსი ჯგუფს“, რომელიც მომსახურე პერსონალის ხარჯებს ანაზღაურებდა, მიმდინარე წელს კონტრაქტი გაუუქმეს. „ჯი-თი-ას“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ თანამშრომლებს პრობლემა სწორედ მასთან ჰქონდათ. ხელფასების დაგვიანების გამო ჰესის თანამშრომლებმა აქციები გასულ წელსაც არაერთხელ გამართეს. შპს „ჯი–თი–ას“ წარმომადგენლის ჯამბულ ხოზრევანიძის თქმით, შეთანხმება მიღწეულია და პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება.

კომპანიაში დასაქმებული მუშები, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციების გამართვით იმუქრებიან. კომპანია „ჯორჯიან ურბან ენერჯის“ ინვესტირებით, „ფარავანჰესის“ მშენებლობა 2009 წელს დაიწყო. სამუშაოებს ჰიდროელექტროსადგურზე ქართულ მხარესთან ერთად თურქული კომპანიები ახორციელებენ. თავდაპირველად მშენებლობა აქ მეზობელი ქვეყნის კომპანია „ილ-ჯიმ“ ჩაიბარა, რომელმაც, ფინანსური პრობლემების გამო, კონტრაქტი 2012 წლის ბოლოს შეწყვიტა. ახალმა კომპანიებმა სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის 5 იანვარს განაახლეს. ამ დროისათვის ჰესის მშენებლობაზე 90 ქართველი და 500–მდე თურქი თანამშრომელია დასაქმებული. „ფარავანჰესი“ ექსპლუატაციაში 2015 წელს უნდა შევიდეს.
XS
SM
MD
LG