Accessibility links

logo-print
იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი ”საერთო სასამართლოების შესახებ” პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწუნა და მას ”სასამართლოს დამოუკიდებლობის დასამარების კანონპროექტი” უწოდა. სააკაშვილმა პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდა გაითვალისწინონ, ერთი მხრივ, ვენეციის კომისიის, მეორე მხრივ კი, მისი რეკომენდაცია და გადადონ კანონპროექტის იმ ვარიანტის განხილვა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია შესული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

რა გამოხმაურება მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას პარლამენტში და რა საპასუხო ნაბიჯებს გეგმავს საპარლამენტო უმრავლესობა?

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის მიმართ ვეტოს უფლების გამოყენების გადაწყვეტილება, თუკი პარლამენტი მას არსებული ფორმით დაამტკიცებს, 20 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაახმაურა. მიხეილ სააკაშვილის ინტერპრეტაციით, ამ კანონის თანახმად, იუსტიციის საბჭო და სასამართლო ხელისუფლება მთლიანად მოექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ:

”მოსამართლეებმა რომც მოინდომონ წინააღმდეგობის გაწევა პროკურატურისადმი, პრემიერ-მინისტრისა თუ იუსტიციის სამინისტროსადმი, ამის ფორმალური საშუალებაც აღარ ექნებათ. ვენეციის კომისიამ, როგორც ცნობილია, ამ კანონპროექტის განხილვის გადადება მოითხოვა. თუ კანონპროექტი დარჩება დღევანდელი სახით, მე გამოვიყენებ ვეტოს უფლებას და ამ კანონპროექტს დავადებ ვეტოს, რადგან ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლოს ინსტიტუტის დასამარება ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში”.

კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ” გააკრიტიკა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმაც, რომელმაც მოსალოდნელ ცვლილებებს „სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული” უწოდა.
პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს ვეტოს უფლება და წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები, თუ რას აპირებს. ამის შემდეგ პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს პრეზიდენტის შენიშვნებს და თუ არ მიიღო, მაშინ უკვე კენჭი ეყრება ვეტოს დაძლევას ...

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 20 დეკემბერს, პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ცვლილებები შედის "საერთო სასამართლოების შესახებ", "საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინარული სამართალწარმოების შესახებ", "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ" კანონებში და "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“.

პარლამენტის უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი სააკაშვილის ”ვეტოთი მუქარას” იმით ხსნის, რომ ახალი კანონით სასამართლო დამოუკიდებელი ხდება, რაც, დავითაშვილის შეფასებით, არ შედის პრეზიდენტის ინტერესებში.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ პრეზიდენტს კანონით აქვს დასაბუთებული ვეტოს გამოყენების უფლება, პარლამენტს კი, თავის მხრივ, აქვს ამ ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა. კერძოდ, პროცედურები შემდეგნაირია:

”პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს ვეტოს უფლება და წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები, თუ რას აპირებს. ამის შემდეგ პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს პრეზიდენტის შენიშვნებს და თუ არ მიიღო, მაშინ უკვე კენჭი ეყრება ვეტოს დაძლევას. ამას სჭირდება გარკვეული უმრავლესობა, რომელიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობას არ ჰყავს, ხოლო თუ მას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის ნაწილმა, მაშინ ვეტო ვერ იქნება დაძლეული”.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ პრეზიდენტის ხელმოწერას ფასი დაეკარგება. ასეთი აზრი გამოთქვა 21 დეკემბერს ზაქარია ქუცნაშვილმაც. მისი თქმით, პარლამენტის 90 წევრი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, კანონს კი ხელს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოაწერს.

თუმცა ამისათვის უმრავლესობას დამოუკიდებელ მაჟორიტართა ფრაქციის წევრების ხმები დასჭირდება. კონსტიტუციის თანახმად, კანონი მიღებულად მაშინ ჩაითვლება, თუკი მას მხარს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი დაუჭერს. დღეს პარლამენტში 147 დეპუტატია (ნაძალადევის, სამტრედიისა და ბაღდათის მაჟორიტარული მანდატები მომავალ შუალედურ არჩევნებამდე ვაკანტურია), მათგან 83 პარლამენტარი უმრავლესობის წევრია. თუ მათ მხარს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული მაჟორიტარებიც დაუჭერენ, მაშინ პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება. 21 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთმა, ამბროლაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ დატოვა. მან განცხადებით უკვე მიმართა პარლამენტის ბიუროს. საპარლამენტო უმრავლესობა ელის, რომ ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ რამდენიმე წევრი დატოვებს.

პრეზიდენტის ვეტოს ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტზე საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძეც გამოეხმაურა. მან თქვა, რომ თუ პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი დაძლევს, ეს ფაქტი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს. დავით დარჩიაშვილიც, საპარლამენტო უმცირესობიდან, მიიჩნევს, რომ პარლამენტმა უნდა მოუსმინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას და კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ დაამტკიცოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG