Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი მუშაობას პირველი სექტემბრიდან განაახლებს


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

საქართველოს პარლამენტის საზაფხულო არდადეგები დასრულებულია. ბიუროს სხდომა პირველ სექტემბერს გაიმართება, 2 სექტემბერს კი საშემოდგომო სესიებს პლენარული სხდომა გახსნის. პირველივე საკითხი, რომელსაც პარლამენტი მიუბრუნდება, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე დადებული ვეტო იქნება. საპარლამენტო უმრავლესობას ეჭვი არ ეპარება, რომ კანონში ცვლილებებზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება. უცვლელია უმცირესობის აზრიც: ისინი ეროვნული ბანკისათვის ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევას ეწინააღმდეგებიან.

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე დადებული ვეტოს დაძლევა, "პროკურატურის შესახებ" კანონპროექტი და "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები - შემოდგომის სასესიო კვირა პირველი სექტემბრიდან სწორედ ამ საკითხების განხილვით გაიხსნება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას, სესიების დღის წესრიგი უფრო დეტალურად, ტრადიციულად, ბიუროს სხდომაზე დაიგეგმება.

ამ ცვლილებებს ჯერ კომიტეტებში განვიხილავთ, შემდეგ პლენარულ სხდომაზე და, ბუნებრივია, მოგვიწევს ვეტოს დაძლევა. როდის მოხდება ეს, ოთხშაბათს თუ პარასკევს, ამას ბიურო დაადგენს...
მანანა კობახიძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კი აცხადებს, რომ პარლამენტი იმსჯელებს „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონთან დაკავშირებულ იმ ცვლილებებზე, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტს გაუგზავნა და რომელსაც გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო:

„ამ ცვლილებებს ჯერ კომიტეტებში განვიხილავთ, შემდეგ პლენარულ სხდომაზე და, ბუნებრივია, მოგვიწევს ვეტოს დაძლევა. როდის მოხდება ეს, ოთხშაბათს თუ პარასკევს, ამას ბიურო დაადგენს“.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა ემოციური და გაუაზრებელი და ვეტოს დაძლევით საპარლამენტო უმრავლესობა ამას კიდევ ერთხელ დაადასტურებს. საკუთარ აზრზე რჩება საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხე არ უნდა დაემუქროს. ასე ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი:

„ყველა გავლენიანმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი. თუ უმრავლესობამ ეს მაინც არ გაითვალისწინა, ეს იქნება სერიოზული გზავნილი ინვესტორებისათვის, რომ საქართველოში პრობლემებია და გამორიცხული არც ის არის, საფინანსო ინსტიტუტებმა საერთოდ შეაჩერონ პროექტები“.

ვიქტორ დოლიძე
ვიქტორ დოლიძე

ეროვნული ბანკის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებიც. მათ შორის არის ვიქტორ დოლიძეც:

„ის, რაც დღეს ხდება, ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის, წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და მეტი არაფერი“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ორგანული კანონის პროექტს, რომელიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფას ითვალისწინებს, 31 ივლისს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG