Accessibility links

logo-print

ფარული მიყურადება: ერთის ნაცვლად „ორი გასაღები“


პარლამენტის სხდომათა დარბაზი

პარლამენტის სხდომათა დარბაზი

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს, 29 ოქტომბერს, პარლამენტში ფარული ინფორმაციის წვდომის ე.წ. „ორგასაღებიანი“ სისტემის ამოქმედების თაობაზე საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს. ისინი პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის საკანონმდებლო დარეგულირების 2015 წლის აპრილისთვის შესაძლო გადადებას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ინფორმაციასთან წვდომის უფლება კომუნიკაციების კომპანიებისა და სასამართლოს ხელში უნდა მოექცეს და ეს უფლება არ უნდა ეპყრას შინაგან საქმეთა სამინისტროს. კანონის ამოქმედების ვადის აპრილამდე გადაწევისთვის პარლამენტს 29 ოქტომბერს უნდა ეყარა კენჭი, მაგრამ სამუშაო დროის ამოწურვის გამო კენჭისყრა მომდევნო დღისთვის გადაიდო.

"საქართველოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება და შს სამინისტრო უარს ამბობს მნიშვნელოვანი პრინციპების დანერგვაზე, ის უარს ამბობს ადამიანის უფლებების დაცვაზე და, შესაბამისად, ისინი აპირებენ მომავალში იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას, რომელსაც ახორციელებდა წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება", - თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სადაც აღინიშნა, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა პარლამენტში დაარეგისტრირეს საკანონმდებლო წინადადება ფარული ინფორმაციის წვდომის ე.წ „ორგასაღებიანი“ სისტემის ამოქმედების თაობაზე.

ეს არის წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს. ეს არის ის საზღვარი, რომელიც არის ნათელი: აქეთ არის დემოკრატია, იქით არის ავტორიტარიზმი, აქეთ არის ევროპა და იქით არის საბჭოთა კავშირი. დღეს ჩვენ რაც გვაქვს, ეს არის საბჭოთა სისტემა...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ რადიო თავისუფლების დილის ეთერში განმარტა, თუ რას გულისხმობს მათი ინიციატივა:

„ეს ინიციატივა სწორედ იმ ევროპელი ექსპერტის რეკომენდაციების გათვალისწინებითაა დაწერილი, რომელმაც ბოლოს ორი გასაღების სისტემა შემოგვთავაზა, რომ ერთი იყოს კომუნიკაციების კომპანიების ხელში, მეორე -სასამართლოს. ჩვენ ეს დაწერილი კანონპროექტი დავარეგისტრირეთ პარლამენტში დღეს და იმედი გვაქვს, იურიდიული კომიტეტი ამ საკითხზე იმსჯელებს. საზოგადოებრივთან ერთად ამ კანონპროექტს პოლიტიკური მხარდაჭერაც ექნება“.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის საკანონმდებლო დარეგულირების 2015 წლის აპრილამდე შესაძლო გადადებას აპროტესტებენ. სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა, აღნიშნა:

„ეს არის წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს. ეს არის ის საზღვარი, რომელიც არის ნათელი: აქეთ არის დემოკრატია, იქით არის ავტორიტარიზმი, აქეთ არის ევროპა და იქით არის საბჭოთა კავშირი. დღეს ჩვენ რაც გვაქვს, ეს არის საბჭოთა სისტემა“.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და თუ პარლამენტი კენჭს უყრის კანონის ამოქმედების აპრილამდე გადადებას, ვეტო დაადოს მას.

გიორგი მარგველაშვილმა თავისი პოზიცია კანონპროექტთან მიმართებით 28 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ გამოხატა და თქვა, რომ მას მრავალი შეხვედრა ჰქონდა ამ თემაზე სამუშაო ჯგუფთან, კანონპროექტზე მომუშავე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრებთან და შეხვედრას გეგმავდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც, თუმცა, დაპირების მიუხედავად, ეს შეხვედრა არ შედგა:

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

„ეს საკითხი გასცდა საკანონმდებლო რეგულაციების დონეს და გახდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური. შესაბამისად, მე მას ვადევნებ თვალს ყურადღებით და ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ იმის შემდეგ, რაც ეს კანონპროექტი იქცევა კანონად. კანონზე შესაძლო ვეტო ეს არის ის, რაც ჩემს ვალდებულებას წარმოადგენს. ასეთი თემა, ბუნებრივია, განიხილებოდა, თუმცა არ მინდა წინმსწრებად კანონპროექტზე გამოვთქვა ჩემი პოზიცია“.

ცნობილია, რომ საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ დაუჭერს ფარული ინფორმაციის წვდომის ე.წ. გასაღების 2015 წლის აპრილამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დარჩენას, რაც მოხდება, თუკი პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის საკანონმდებლო დარეგულირების საკითხის განხილვა 2015 წლის აპრილისთვის გადაიდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძე კი სწორედ ამას მოითხოვს. აზრთა სხვადასხვაობაა მმართველ კოალიციაშიც. სამოქალაქო საზოგადოების მიერ შეთავაზებული კომპრომისული „ორგასაღებიანი“ სისტემის შემოღების საკითხზე დაფიქრებას ემხრობა „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი. პარლამენტში დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა თამარ კორძაიამ თქვა, რომ „სისტემა უნდა დაინგრეს“ და საკითხი აპრილამდე არ უნდა გადაიდოს:

„სისტემის დანგრევა, ბუნებრივია, გულისხმობს ახლის აშენებას. ჩვენი მხრიდან სისტემის დანგრევა არ გულისხმობდა მხოლოდ და მხოლოდ წინა ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც სუბიექტის, დემონტაჟს. სისტემის დანგრევაში იგულისხმებოდა მმართველობის იმ მანკიერ მეთოდებზე უარის თქმა, რაც ჰქონდა ჩვენს წინამორბედს, იმის წინამორბედს და იმის წინამორბედს... და უნდა ვთქვათ უარი ფარული სატელეფონო მოსმენების დღეს არსებულ სისტემაზე, ჩვენ უნდა ვთქვათ უარი ე.წ. ოდეერების სისტემაზე და ეს იქნება რეალური წყვეტა ძველ სისტემასთან, ეს იქნება გათავისუფლება წარსულისაგან“.

XS
SM
MD
LG