Accessibility links

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დაიწყო მსჯელობა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ. პარლამენტს კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართა 2013 წლის 14 მაისს დაფუძნებულმა „სახალხო მოძრაობამ“, რომლის რეზოლუციის მიხედვით, აუცილებელია, ცალკეული მაღალი თანამდებობის პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების გარდა, მოხდეს საკუთრივ სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური გასამართლება.

რეზოლუციას, რომელიც „სახალხო მოძრაობამ“ მიიღო და რომლის საფუძველზეც ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, ხელს აწერს 11 ათასამდე ადამიანი, მათ შორის, თორნიკე მოლაშვილი, ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული ყოფილი პატიმარი, რომელიც ცალკეულ პირთა სამართლებლივ დევნას არასაკმარისად მიიჩნევს:

„სისხლის სამართლის საქმეც უნდა აღიძრას და პოლიტიკური შეფასებაც უნდა მიეცეს. დიდი მადლობა, რომ პოლიტპატიმრები გამოგვიშვით, მაგრამ ჩნდება კითხვა: რატომ გამოგვიშვით? „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ უნდა ლაპარაკობდეს!“.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ არ ილაპარაკოს, ამისათვის მისი მმართველობის პერიოდის სამართლებლივი შეფასებაა საჭირო, - ასე ფიქრობს ნანა კაკაბაძე, რომელიც სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჭიანურების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. კაკაბაძის თქმით, საქმის დასაძრავად მმართველი პარტიის პოლიტიკური ნებაა საჭირო:

10 წლის განმავლობაში დახვრეტილი იქნა 25 კაცი, შეიზღუდა თავისუფალი მედია, სასამართლო თითქმის არ არსებობდა და ყველაფერი ეს დაკვალიფიცირდა როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული...
„ჩვენ გვაინტერესებს, არის თუ არა პოლიტიკური ნება იმისა, რომ დღეს პარლამენტმა დაიწყოს შეფასება... იყვნენ პოლიტპატიმრები, იყო პოლიტიკური დევნა, ვნახეთ წამების ამსახველი კადრები, იყო ტოტალური თვალთვალი და მიყურადება. ფაქტია, რომ ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორი გაქცეულია, შს მინისტრი კი -დაპატიმრებული, ანუ გვაქვს ისეთი გარემოება, რომელიც არ შეიძლება, რომ არ შეფასდეს“.

„სახალხო მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დეპუტატების დასარწმუნებლად საერთაშორისო გამოცდილებაც მოიშველიეს. რეზო რეხვიაშვილმა პარალელი გაავლო მიხეილ სააკაშვილისა და პერუს ყოფილი პრეზიდენტის, ალბერტო ფუხიმორის, მმართველობებს შორის:

„10 წლის განმავლობაში დახვრეტილი იქნა 25 კაცი, შეიზღუდა თავისუფალი მედია, სასამართლო თითქმის არ არსებობდა და ყველაფერი ეს დაკვალიფიცირდა როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. პერუს პრეზიდენტს დასდეს ბრალი წამებისა და მკვლელობების წახალისებაში და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 25 წლით“.

„სახალხო მოძრაობის“ წარმომადგენელთა ამ სულისკვეთებას მმართველი კოალიციის წარმომადგენლებიც იზიარებენ. დეპუტატ ომარ ნიშნიანიძის თქმით, პარლამენტში აუცილებლად უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში მომხდარი დანაშაული სამომავლოდ არ განმეორდეს:

რაც შეეხება პოლიტიკურ და მორალურ შეფასებას, ეს არის მნიშვნელოვანი და საჭირო. ამიტომ ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ და ვიფიქროთ, რათა ასეთი შეფასება თავმოყრილი იყოს ერთ შემაჯამებელ დოკუმენტში...
„აუცილებლად უნდა მოხდეს რეჟიმის პოლიტიკური შეფასება, თორემ მსგავსი რამ შეიძლება კიდევ დაგვემართოს, ასეთი დიდი სირცხვილი. მინდა ამ თემაზე წიგნი დავწერო. მე ვარ ლევან სანიკიძის გაზრდილი და მინდა დავწერო წიგნი, სათაურით „საქართველოს 310-ე სირცხვილი“, მაგრამ თუ ამას პარლამენტი გააკეთებს, მე ამას მივესალმები“.

მისცემს თუ არა პარლამენტი შეფასებას „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიან მმართველობას, ჯერჯერობით უცნობია. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, სამართლიანობის აღდგენაზე მუშაობს ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის, პარლამენტიც, თუმცა არის თუ არა საჭირო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, ეს საკითხი დეტალურ განხილვას საჭიროებს:

„სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებას ვერ ჩავატარებთ. ეს არის პროკურატურისა და გამოძიების საქმე. ჩვენ უნდა განვახორციელოთ საპარლამენტო კონტროლი იმაზე, თუ რამდენად ადეკვატურ ტემპებში მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება პოლიტიკურ და მორალურ შეფასებას, ეს არის მნიშვნელოვანი და საჭირო. ამიტომ ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ და ვიფიქროთ, რათა ასეთი შეფასება თავმოყრილი იყოს ერთ შემაჯამებელ დოკუმენტში“.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომასა და საკითხის განხილვას ოპოზიციის წარმომადგენლები არ დასწრებიან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნანა კაკაბაძის ინიციატივით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პოლიტიკური დევნის ნაწილად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG