Accessibility links

6 ნოემბერს პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის დროს, დეპუტატების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. საუბარია ინიციატივაზე, რომელიც დროებითი საგამოძიებო და დროებითი კომისიების წევრთა კვოტებსა და თავმჯდომარის პოსტს უკავშირდება. განსაკუთრებული კამათის საგანი გახდა საგამოძიებო კომისია, რომელმაც ძველი ხელისუფლების დროინდელი კანონდარღვევები უნდა გამოიძიოს.

6 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ მიეცა უფლება დროებით საგამოძიებო თუ დროებით კომისიაში უდიდესი სეგმენტი წარმოადგინოს და თავმჯდომარეც საკუთარი გუნდიდან წარადგინოს, უმცირესობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. საუბარია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რაც სამშაბათს საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილებოდა.

უმცირესობა უკმაყოფილო დარჩა. მაგალითად, მიღებული უარის უკან ოპონენტთა ”პოლიტიკური დევნის” სურვილს ხედავს უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი დავით საყვარელიძე; აკაკი ბობოხიძის აზრით, უმრავლესობა შეცდომების დაშვებისთვის ხელსაყრელ ნიადაგს იმზადებს, ხოლო მათი თანაგუნდელი პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ უმრავლესობამ წინასაარჩევნო დაპირებებს უღალატა:
როდესაც კონსტიტუცია შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან, ხელისუფლების განშტოებათა შორის ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების ქმედითი მექანიზმის შემოღებასთან ...

”საპარლამენტო უმრავლესობამ, პოლიტიკური მოტივაციით, უარი თქვა იმ წინადადებაზე, რომელიც მათ მიერვე იყო ჩაწერილი წინასაარჩევნო პროგრამაში, რომ საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი საპარლამენტო უმცირესობა, ხოლო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო უმცირესობის წარმომადგენელი.”

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე არ უარყოფს, რომ დროებით საგამოძიებო კომისიებში საპარლამენტო ოპოზიციის კვოტებისა და შესაძლებლობების გაზრდა გათვალისწინებული მართლაც იყო ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამაში, მაგრამ ამ დაპირების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა კონსტიტუცია დაიხვეწება:

”როდესაც კონსტიტუცია შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან, ხელისუფლების განშტოებათა შორის ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების ქმედითი მექანიზმის შემოღებასთან. იმის გამო, რომ დღეს სახელმწიფოს მეთაური და ძალიან ფართო კონსტიტუციური უფლებებით აღჭურვილი პრეზიდენტი იმავდროულად არის თავმჯდომარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“, რომელიც პარლამენტში წარმოადგენს უმცირესობას, ამ უმცირესობის უფლებების ასეთნაირად გაზრდა კიდევ უფრო გაზრდის დისბალანსს და შექმნის კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ რისკს, ვიდრე დღეს არის.”

ამასთან, ვახტანგ ხმალაძისთვის, უმრავლესობის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, აბსოლუტურად გაუგებარია, თუ როგორ უნდა დაინიშნოს უმცირესობის წარმომადგენელი იმ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ, რომელმაც თავისი გუნდის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოიძიოს. ყველაზე დიდი დაპირისპირება მხარეებს შორის 6 ნოემბრის სხდომაზე სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია. უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის დავით ბერძენიშვილის აზრით, თუკი საკუთარი თანაგუნდელების დანაშაულებათა გამოძიება სურთ, უმცირესობას ამის საშუალება ნამდვილად მიეცემა:
დღევანდელი პარლამენტი ხელმძღვანელობს სწორედ იმ რეგლამენტით, რომელიც 4 თვის წინ ამჟამინდელი უმცირესობის მიერ არის მიღებული, ხელისუფლებაში მათი ყოფნის პირობებში ...

”თქვენ გეყოლებათ იქ წარმომადგენლები, სოლიდურად იქნებით წარმოდგენილი - რაოდენობრივადაც და, ვვარაუდობ, კვალიფიკაციის თვალსაზრისითაც - და იკვლიეთ დანაშაულის ნიშნები თქვენი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის მიერ.”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თათული თოდუა სადისკუსიო თემად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ უმცირესობა, რომელიც წინა პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენდა, ახლა თავის მიერვე დამტკიცებული სამართლებრივი დოკუმენტის შეცვლას მოითხოვს.

”დღევანდელი პარლამენტი ხელმძღვანელობს სწორედ იმ რეგლამენტით, რომელიც 4 თვის წინ ამჟამინდელი უმცირესობის მიერ არის მიღებული, ხელისუფლებაში მათი ყოფნის პირობებში. ამიტომ დღეის გადმოსახედიდან ცოტათი უცნაურია, რამ გამოიწვია მათი მოსაზრებების ასეთი სწრაფი ცვალებადობა დროში”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თათული თოდუამ.

ინტერესთა კონფლიქტის გათვალისწინებით, მისთვის მიუღებელია, რომ პარტლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის პოსტი ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენელს დაუთმოს. თუმცა ამ საკითხს პრინციპულ საკითხად არ მიიჩნევს საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, კომისიის თავმჯდომარე, რომელი გუნდის წარმომადგენელიც უნდა იყოს ის, ვერ გაბედავს, რომ პარლამენტის წიაღში კარგად გამოძიებულ საქმეს პროკურატურისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობოს.

6 ნოემბერს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივამ, კენჭისყრის შედეგად, საკომიტეტო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, თუმცა, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, ინიციატორებს აქვთ სრული უფლება, რომ პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა მოითხოვონ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG