Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა 24 ივლისის რიგგარეშე სესიაზე საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წარდგენილი ორი რეზოლუციიდან „ქართული ოცნების“ ვერსიას დაუჭირა მხარი და, შესაბამისად, ჩააგდო „ნაციონალური მოძრაობის“ რეზოლუციის პროექტი. უმრავლესობის რეზულუციის პროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არავინ წასულა. „ნაციონალური მოძრაობის“ ვარიანტს კი 15 მომხრე ჰყავდა და 50 წინააღმდეგი.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეზულუციას - 15 მომხრე, 50 წინააღმდეგი. „ქართული ოცნებისას“ – 82 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი“, - გამოაცხადა 24 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის ბოლოს გამართულ კენჭისყრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. შეჯერებული ვარიანტი ვერ, თუმცა რუსეთის ქმედებების საწინააღმდეგო რეზოლუცია საკანონმდებლო ორგანომ მაინც მიიღო. ამ გადაწყვეტილებას წინ დებატები და კრიტიკული გამოსვლები უძღოდა.

„ნაციონალური მოძრაობისათვის“ „ქართული ოცნების“ ვარიანტი სადღეგრძელოს ჰგავდა, „ქართული ოცნებისათვის“ კი მათ მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტი „დიპლომატიური ენითაა დაწერილი“. რაც მმართველი ძალისათვის ხისტ და რადიკალურ მოთხოვნებად მიიჩნევა, ეფექტური და მძლავრი პოლიტიკური ნაბიჯებია „ნაციონალური მოძრაობისათვის“ - ასე აფასებდნენ პარლამენტში 24 ივლისს წარმოდგენილ რეზოლუციებს უმრავლესობა და უმცირესობა. აზრთა ამ სხვადასხვაობის გამო განიხილავდა პარლამენტი არა ერთ შეთანხმებულ, არამედ ორ რეზოლუციას.

ჩვენი რეზოლუციის არსი სწორედ ის არის, რომ პარლამენტმა, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელმა ორგანომ, დაავალოს მთავრობას გადადგას კონკრეტული პოლიტიკური და არა ძალადობრივი ნაბიჯები იმისათვის, რათა აღდგეს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტითსაქართველოს მთავრობისგან მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას; მიმართავს მთავრობას აღადგინოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ განლაგებული ყველა გაუქმებული და შემცირებული პოლიციური დანაყოფი; მოითხოვს გაუქმდეს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი და მეტი აქცენტი გაკეთდეს ჟენევის ფორმატზე. რეზოლუციას „ნაციონალური მოძრაობა“ აფასებს როგორც უფრო პრინციპულ ტექსტს, რომელიც მთავრობას კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას ავალდებულებს და რომლის მიზანიც რუსეთზე საერთაშორისო პოლიტიკური წნეხის აღდგენაა. სწორედ ამას სთხოვს ამ რეზოლუციით „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას:

“ჩვენი რეზოლუციის არსი სწორედ ის არის, რომ პარლამენტმა, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელმა ორგანომ, დაავალოს მთავრობას გადადგას კონკრეტული პოლიტიკური და არა ძალადობრივი ნაბიჯები იმისათვის, რათა აღდგეს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე. უმრავლესობის რეზოლუციის პროექტი კი, მე ვიტყოდი, რომ რაღაც სადღეგრძელოა“.

„ნაციონალური მოძრაობა“, თავისი რეზოლუციით „რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევის თაობაზე“, მთავრობისგან მოითხოვს:

„მოახდინოს ცივილიზებული სამყაროს ყურადღების მობილიზაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მიმართ, მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, მიმართოს ყველა ზომას, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიზეზებში მოხვდეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ხოლო მოთხოვნებში - დეოკუპაცია; აღადგინოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდიბარედ განლაგებული ყველა გაუქმებული თუ შემცირებული პოლიციური დანაყოფი, გააუქმოს აბაშიძე-კარასინის ფორმატი“, - რეზოლუციის პროექტის ტექსტი უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა ჩაიკითხა. მისი თანაგუნდელის, უმცირესობის კიდევ ერთი წევრის, აკაკი მინაშვილის, სიტყვებით, დღეს, როდესაც რუსეთის მხრიდან აგრესია კვლავაც გრძელდება, ენის მოჩლექის დრო არ არის:

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას ინტენსიურად გააგრძელოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პოზიციის გაზიარებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნებში, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატშიც, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში...

„რუსეთის ფედერაციასთან ასე ენის მოჩლექით საუბარი კიდევ უფრო წააქეზებს მას და კვლავ შეტევაზე გადმოვა“.

ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტით კი პარლამენტი მოუწოდებს მთავრობას გააგრძელოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციის გასაზიარებლად საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. ამავე რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი გმობს რუსეთის ქმედებებს და მიმართავს მთავრობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან განიხილოს ოკუპირებული ტერიტორიების მთელ პერიმეტრზე პატრულირების გაძლიერებისა და ასევესაერთაშორისო თანამეგობრობისთვის ყოველდღიურად ინფორმაციის მიწოდების საკითხები. უმრავლეოსობა ერიდება რადიკალურ მოთხოვნებსა და გამონათქვამებს ტექსტში და არც აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეწყვეტის არგუმენტაციას იზიარებს. რეზოლუციის ტექსტი 24 ივლისს პარლამენტს გიორგი ვოლსკიმ წარუდგინა, სათაურით „საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული მორიგი პროვოკაციული ქმედებების შესახებ“, რომელშიც ნათქვამია:

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას ინტენსიურად გააგრძელოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პოზიციის გაზიარებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნებში, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატშიც, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან განიხილოს მითითებული ტერიტორიების მთელ პერიმეტრზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებული პატრულირების გაძლიერების, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისა და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ყოველდღიური ინფორმაციით უზრუნველყოფის საკითხი“.

დებატების დროს „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატი მომავალში შესაძლოა გადაიხედოს, თუმცა მისი მყისიერად დახურვა სწორ გზად არ მიაჩნია. რაც შეეხება თავად რეზოლუციას, დოლიძის თქმით, პათოსი ორივე დოკუმენტს იგივე აქვს, თუმცა მის გაკვირვებას ის იწვევს, რომ შეჯერებულ კონსოლიდირებულ ვარიანტზე ორი პოლიტიკური ძალა ვერაფრით თანხმდება. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ამჯობინეს არც ერთი რეზოლუციისათვის არ დაეჭირათ მხარი. საბოლოოდ კი, როგორც უკვე ითქვა, პარლამენტმა, 82 მხარდამჭერით, რეზოლუციის „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ვარიანტი აირჩია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG