Accessibility links

logo-print

პარლამენტის ყოფილ შენობას საპარლამენტოდ ამზადებენ


პარლამენტის ძველი სხდომათა დარბაზი თბილისში

პარლამენტის ძველი სხდომათა დარბაზი თბილისში

პარლამენტის თბილისში დაბრუნებას კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა სჭირდება, რის გაკეთებაც საპარლამენტო უმრავლესობას დამოუკიდებლად არ შეუძლია, თუმცა, ამის მიუხედავად, პარლამენტის აპარატმა მაინც გამოაცხადა ტენდერი თბილისში, რუსთაველის 8 ნომერში მდებარე შენობის რემონტსა და დარბაზების რეკონსტრუქციაზე. რა მასშტაბის სამუშაო უნდა ჩატარდეს პარლამენტის ყოფილ შენობაში და რა წინაპირობა არსებობს საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დასაბრუნებლად?

საქართველოს პარლამენტის აპარატმა ტენდერი პარლამენტის ყოფილი შენობის სარემონტო სამუშაოებზე მიმდინარე წლის იანვარში გამოაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად ძიძიგურის თქმით, სატენდერო კომისიამ გამარჯვებული 21 კომპანიას შორის ამოარჩია:

„სატენდერო პირობები ასევე არის შედგენილი რუსთაველის 8-ში მდებარე დარბაზების რეკონსტრუქციისათვის. შესყიდვის ღირებულება არის 5 მილიონი. სერიოზული ტენდერია და, ვფიქრობ, სერიოზული ორგანიზაციები დაინტერესდებიან. ტენდერის მიხედვით არის განსაზღვრული პროექტი, ანუ ის, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი, როგორი უნდა იყოს მოსმენების დარბაზი, კინოდარბაზი და ა.შ.“ .

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეასრულოს მოწყობის სამუშაოები პარლამენტის ყოფილი შენობის A, B და C კორპუსებში, რაც ითვალისწინებს კედლების გალესვა-შეღებვას, იატაკისა და კარების გამოცვლას, თუმცა, სამუშაოს შესრულების ვადისაგან განსხვავებით, უცნობია, როდის შეძლებს პარლამენტი თბილისში დაბრუნებას. საქმე ის არის, რომ ქუთაისი პარლამენტის სამყოფლად განსაზღვრულია კონსტიტუციით, რომლის შესაცვლელად დეპუტატთა ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო. უმრავლესობას ხმები არ ჰყოფნის, უმცირესობა კი, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის თქმით, თბილისში დაბრუნების წინააღმდეგია:

„ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ აქვს ოცნება დაბრუნდეს თბილისში, მაგრამ არ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გაუჭირდებათ ამ საკითხის გატანა. ამიტომ რასაც ისინი აკეთებენ, არის ფულის ფუჭად ყრა ისეთ რამეში, რაც შეიძლება ვერ განხორციელდეს, ანუ ეს ოცნება არ აუსრულდეთ“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი კი დარწმუნებულია, რომ, საბოლოო ჯამში, საღი აზრი გაიმარჯვებს და პარლამენტი ძველ მისამართზე - თბილისში, რუსთაველის 8 ნომერში - დაიდებს ბინას, რითაც შემცირდება დეპუტატების, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტის ახალი შენობის შენახვისათვის საჭირო გაუმართლებელი ხარჯები.

„მუშაობის ამ ხუთმა თვემ გვაჩვენა, რომ არის უამრავი ხარვეზი და, ხშირ შემთხვევაში, გადაულახავი წინაღობა, რაც პარლამენტის მუშაობას აფერხებს და აძნელებს. ჩვენ ტაქტიკურად განვსაზღვრავთ კენჭისყრის თარიღს. არსად გვეჩქარება, ვადებში შეზღუდული არ ვართ. საყოველთაო განხილვები ამ საკითხისა დამთავრებულია. ამ შეხვედრებზე მოქალაქეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ქუთაისელების გამოკლებით, გამოხატა უკმაყოფილება პარლამენტის ქუთაისში გადატანის გამო. ვფიქრობ, რომ არა იმდენად უმცირესობასთან უნდა ვიმუშაოთ, არამედ ქუთაისელებთან, რათა მათ ავუხსნათ, რომ ქუთაისში პარლამენტი, უბრალოდ, ვერ იმუშავებს. ეს არის წარმოუდგენელი და ცუდი, მათ შორის, ქუთაისისთვისაც“, უთხრა გია ცაგარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

გია ცაგარეშვილის თქმით, იმერეთსა და ქუთაისს პარლამენტის ნაცვლად სჭირდება დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც იოლად განხორციელდება პარლამენტის შენობის შენახვისათვის საჭირო თანხების გამოთავისუფლებით. პარლამენტის ყოფილი შენობის რეკონსტრუქციის დაწყებას იწონებს ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელიც, რომლის თქმითაც, რუსთაველის 8 ნომერში მდებარე საბჭოთა არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლი არ უნდა განადგურდეს ისე, როგორც მარქსიზმ-ლენინიზმის ყოფილი ინსტიტუტის შენობა.

„ვფიქრობ, რომ საბჭოთა არქიტექტურა და საბჭოთა მემკვიდრეობა უნდა ასევე დავიცვათ და შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანი იყო შენობას შეენარჩუნებინა თავისი ფუნქცია, თუმცა ახლა სხვა მოცემულობა გვაქვს და თუ პარლამენტი არ იქნება გადმოტანილი, მაშინ კარგი იქნება, თუ სხვა ადეკვატურ ფუნქციას შეიძენს, მაგალითად, გადმოიტანენ მუზეუმს. შეიძლება ვიფიქროთ ადაპტაციაზე, თუმცა შენობის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია ყველა შემთხვევაში აუცილებელია, რადგანაც ეს შენობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და, შეიძლება ითქვას, სიმბოლოც კი, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს არის აშენებული“, უთხრა თამარ ამაშუკელმა რადიო თავისუფლებას.

საპარლამენტო უმრავლესობას კი სჯერა, რომ ადრე თუ გვიან შეძლებენ ოპოზიციის დარწმუნებას და კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისთვის საჭირო 100 ხმას ოპონენტების დახმარებით შეავსებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG