Accessibility links

logo-print
საქართველოს პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანის შემდეგ რუსთაველის რვა ნომერში მდებარე შენობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გასაყიდად აუქციონზე გაიტანს. პარლამენტის ყოფილი შენობა, რომელიც „მთავრობის სახლის“ სახელით არის ცნობილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი და მას კანონი იცავს, თუმცა შენობას, რომელიც დახუნძლულია საბჭოთა სიმბოლიკით, საფრთხეს უქმნის სხვა კანონი - „თავისუფლების ქარტია“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის მაისში მიიღო და რომლის ერთ-ერთი მიზანი საბჭოთა სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობებისა და იდეოლოგიის საშუალებების აღკვეთა-აღმოფხვრაა. რა ბედი ელის პარლამენტის ყოფილ შენობას და ხომ არ გაიზიარებს ის მეზობლად მდებარე „იმელის“ - ყოფილი მარქსიზ-ლენინიზმის ინსტიტუტის - შენობის სავალალო ბედს?

რუსთაველის რვა ნომერში მდებარე „მთავრობის სახლში“ საქართველოს პარლამენტი 1997 წელს გადავიდა. მანამდე, 1991 წლის 9 აპრილს, ანუ ვიდრე თბილისის ომში მნიშვნელოვნად დაზიანდებოდა, უზენაესმა საბჭომ სწორედ ამ შენობაში გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, თუმცა, როგორც კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი ამბობს, „მთავრობის სახლის“ დაცვა მხოლოდ ამ გარემოებათა გამო როდია მნიშვნელოვანი:
”იმელის” შენობის ფასადი

”იმელის” შენობის ფასადი


„მნიშვნელოვანია თავისი არქიტექტურით, მასზე არსებული სიმბოლიკით. შესაძლებელია ვინმეს მოსწონდეს სტალინური და საბჭოთა პერიოდის არქიტექტურა და ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ეს თავად ამ სტილსა და მიმდინარეობას არქიტექტურაში არც არაფერს მატებს და არც არაფერს აკლებს, იმიტომ რომ კულტურული მემკვიდრეობა - ეს არის არა გემოვნების საგანი, არამედ ეს არის ფაქტი, რომელიც არსებობს.“

„მთავრობის სახლის“ ზედა კორპუსი, რომლის არქიტექტორები ვ. კოკორინი და გ. ლეჟავა არიან, აშენდა 1938 წელს, 1946 წელს კი დაიწყო და 1953 წელს დასრულდა ქვედა კორპუსის მშენებლობა. ქართველი ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი მთავრობის სახლის დიდ, რეპრეზენტატულ ანსამბლს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიის საეტაპო ნაგებობად მიიჩნევს. მთავარი ფასადი რუსთაველის გამზირის მხრიდან წარმოადგენს მონუმენტურ თაღედს, მძლავრი ლავგარდნითა და თაღისებური ფრონტონით. შენობას, როგორც უკვე ვთქვით, იცავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მაგრამ მას, როგორც საბჭოთა სიმბოლოებით დახუნძლულ ძეგლს, საფრთხეს უქმნის „თავისუფლების ქარტია“, რომლის ერთ-ერთი ავტორი, გია თორთლაძე, ქვეყნის დეკომუნიზაციის ფარგლებში, აქტიურად ილაშქრებს საბჭოთა ნაგებობებზე გამოსახული სიმბოლოების წინააღმდეგ:

„სიმბოლიკა იდეოლოგიის ნაწილი იყო! ეს სიმბოლიკა ისე უბრალოდ, ჰაერში არ იყო ან, როგორც ზოგიერთები ამბობენ, შრომის იარაღებიაო... ისინიც კანონით უნდა მოიხსნას, თუ ხელოვნების ნიმუში არ არის. თუ ხელოვნების ნიმუშია, მაშინ გადავიტანოთ სხვაგან.“
”ორთაჭალჰესის” შენობა ბარელიეფის მოხსნამდე

”ორთაჭალჰესის” შენობა ბარელიეფის მოხსნამდე

”ორთაჭალჰესის” შენობა ბარელიეფის მოხსნის შემდეგ

”ორთაჭალჰესის” შენობა ბარელიეფის მოხსნის შემდეგ


„თავისუფლების ქარტიის“ საფუძველზე, სულ ახლახან საბჭოთა ბელადების ბარელიეფები მოხსნეს 1956 წელს აშენებულ ორთაჭალჰესის შენობაზე, ასევე ჩამოხსნეს ხუთქიმიანი ვარსკვლავი მეცნიერებათა აკადემიის შენობიდან. თბილისზე მზურნველთა გაერთიანების - „თბილისის ჰამქრის“ - ხელმძღვანელის ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პარლამენტის შენობამ „იმელის“ ბედი არ გაიზიაროს:

„ის, რაც დამართეს „იმელს“, ეს არის კატასტროფა და თითოეული ჩვენგანის სირცხვილი! ამ ქალაქის მოყვარული საზოგადოება უნდა დაირაზმოს და გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპს თვალყური მივადევნოთ, რადგანაც შენობა არ არის მარტო კარკასი. არაფერი არ უნდა შეიცვალოს, არ უნდა მოხდეს არსებითი ჩარევა და, პირველ რიგში, არ უნდა მოხდეს ამ შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის შეცვლა.“

თბილისზე მზუნველთა შეშფოთებას ისიც აძლიერებს, რომ იგეგმება პარლამენტის შენობის გასხვისება. ამ საკითხთან დაკავშირებით რადიო თავისუფლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თეა ბოლქვაძეს დაუკავშირდა:

„სხვადასხვა ფინანსურ ჯგუფებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ვინ შეიძლება შეიძინოს ეს შენობა. რომ გაიყიდება, ამის თქმა დაზუსტებით შეიძლება.“
პარლამენტის შენობის ერთ-ერთი კარი

პარლამენტის შენობის ერთ-ერთი კარი


გარკვეული ტიპის დემონტაჟი შენობაში უკვე დაწყებულია, თუმცა ვერც ეკონომიკის სამინისტროში და ვერც პარლამენტის აპარატში ვერ აზუსტებენ, ვინ და რა სამუშაოს ასრულებს. შენობის დემონტაჟს კატეგორიულად უარყოფს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე:

„შენობის დემონტაჟი, რა თქმა უნდა, არ ხდება და ეს შენობა დარჩება, როგორც იყო. რა თქმა უნდა, შენობა შეიცვლის ფუნქციას, რადგანაც ოქტომბრიდან პარლამენტი გადავა ქუთაისში, ამის გამო, ბუნებრივია, რომ ამ შენობაში აღარ იქნება ატრიბუტიკა, რომელიც უკავშირდება პარლამენტს.“

პარლამენტის შენობის დემონტაჟსა და მის რადიკალურ გადაკეთება-დაზიანებას ასევე კრძალავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რადგანაც „მთავრობის სახლი“ შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. კანონის თანხმად, განადგურებად მიიჩნევა ძეგლზე ან მის ნაწილზე იმგვარი ზემოქმედება, რომელიც ძეგლს უკარგავს იმ მახასიათებლებს, რისთვისაც მას მიენიჭა ძეგლის
ეს არის იგივე, რომ გერმანიაში ვხვდებოდეთ ფაშისტურ სიმბოლიკას ყოველ ნაბიჯზე. საბჭოთა სიმბოლიკა ისევე მოქმედებს ჩემზე, როგორც იმოქმედებდა გერმანელებზე ფაშისტური სომბოლიკა. ამის გამო ვერ წარმომიდგენია სვასტიკებით გადატვირთული ქუჩები ვიხილოთ გერმანიაში...

სტატუსი. დაზიანებად კი მიიჩნევა ძეგლის ან მისი ნაწილის იმგვარი სახეცვლილება, რომელიც აუარესებს ძეგლის მდგომარეობას ან აღქმას. კულტუროლოგ ცირა ელისაშვილის თქმით, ამჟამად სწორედ ამგვარი საფრთხე ემუქრება რუსთაველის რვა ნომერში მდებარე შენობას.

„ძეგლის დაზიანება არის არა მხოლოდ თავად შენობის ნგრევა, არამედ იმ სიმბოლიკის მოსპობა, რომლითაც ის არის მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, ფუნქციურად როგორ იქნება დატვირთული ეს შენობა (იქნება იქ პარლამენტი, ბიზნეს-ცენტრი, სასტუმრო თუ სხვა რამ), სიმბოლიკა უნდა იქნეს შენარჩუნებული. სიმბოლიკა, რომელმაც ნამდვილად დაკარგა ძალა და რომელიც ახლა არის მხოლოდ სიმბოლო და მეტი არაფერი. სიმბოლოებთან ბრძოლით რამე იდეოლოგიურ გამარჯვებას ვერავინ ვერ მიაღწევს“, - უთხრა ცირა ელისაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ცირა ელისაშვილის ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ იზიარებს ხათუნა ოჩიაური - პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:

„ეს არის იგივე, რომ გერმანიაში ვხვდებოდეთ ფაშისტურ სიმბოლიკას ყოველ ნაბიჯზე. საბჭოთა სიმბოლიკა ისევე მოქმედებს ჩემზე, როგორც იმოქმედებდა გერმანელებზე ფაშისტური სომბოლიკა. ამის გამო ვერ წარმომიდგენია სვასტიკებით გადატვირთული ქუჩები ვიხილოთ გერმანიაში. მოხდა ისე, რომ საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა ომში და მხოლოდ ეს არის მიზეზი, რომ არ გასამართლებულა კომუნისტური (ასევე დამნაშავე) საბჭოთა რეჟიმი ისე, როგორც გასამართლდა ფაშისტური რეჟიმი.“
ეს არის სრულიად კომკავშირული დამოკიდებულება! ისევე როგორც კომკავშირელები და კომუნისტები ანგრევდნენ ეკლესიებს, ხსნიდნენ ჯვრებს და მათ მაგივრად ვარსკვლავებს აკეთებდნენ, ზუსტად იგივე მეორდება და, თუ ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ კომუნისტური აზროვნება დღემდე ჩვენში არ არის აღმოფხვრილი, ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი, როგორ კომუნისტურად ვაზროვნებთ დღემდე, რომ ასეთი მეთოდებით ჩვენ გვინდა წავშალოთ ჩვენი ისტორია...

და მართლაც, 2009 წელს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაგმო ევროპის კომუნისტური, ნაცისტური და ფაშისტური რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულები, თუმცა, როგორც ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამბობს, როცა ლაპარაკია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და მის ხელყოფაზე, აუცილებელია საკითხის გადაწყვეტაში საზოგადოებისა და სპეციალისტების ღია ჩართულობა, რაც საქართველოში გამონაკლისის სახითაც კი არ ხდება და რის გამოც საბჭოთა მემკვიდრეობასთან ბრძოლა ემსგავსება ისტორიის წაშლის მცდელობას.

„ეს არის სრულიად კომკავშირული დამოკიდებულება! ისევე როგორც კომკავშირელები და კომუნისტები ანგრევდნენ ეკლესიებს, ხსნიდნენ ჯვრებს და მათ მაგივრად ვარსკვლავებს აკეთებდნენ, ზუსტად იგივე მეორდება და, თუ ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ კომუნისტური აზროვნება დღემდე ჩვენში არ არის აღმოფხვრილი, ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი, როგორ კომუნისტურად ვაზროვნებთ დღემდე, რომ ასეთი მეთოდებით ჩვენ გვინდა წავშალოთ ჩვენი ისტორია“, - უთხრა ლაშა ბაქრაძემ რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG