Accessibility links

„საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე 4 აპრილს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს. საპროცედურო საკითხთა, რეგიონალური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების მიერ ორგანიზებულ მოსმენაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა, რაც სამეურვეო საბჭოს წევრთა დათხოვნისა და შერჩევის წესებს უკავშირდება. მართალია, საკანონმდებლო წინადადებათა ერთიანი ვერსია ჯერ არ არსებობს, მაგრამ მიღებულია გადაწყვეტილება პროცესის დაჩქარების თაობაზე.

საპარლამენტო უმცირესობა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მუშაობით სრულიად კმაყოფილია და ეს არაერთხელ აღინიშნა 4 აპრილის საკომიტეტო მოსმენაზეც. შესაბამისად, ”ნაციონალური მოძრაობა” აბსოლუტურად ვერ ხედავს ძირეული ცვლილებების საჭიროებას და, მცირედი ცვლილებების დაშვების ალბათობის მიუხედავად, საერთო ჯამში, სტატუს კვოს შენარჩუნებას ცდილობს. ამის შესახებ ხუთშაბათის სხდომაზე ყველაზე ვრცლად დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ილაპარაკა:

”დაუშვებელია, რომ ბორდის მოქმედ შემადგენლობას შეუწყდეს უფლებამოსილება ვადის ამოწურვამდე. მეორე, შესაძლებელია, განხილულ იქნეს საკითხი ბორდის წევრების 15-დან 9-მდე შემცირებასთან დაკავშირებით. მესამე, დაუშვებელია, იმ 9 წევრს, რომელიც 6 წევრისთვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ დარჩება, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს, - ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა. სამომავლო გეგმებში ჩემთვის არ არის მისაღები შერჩევის პროცესიდან მთლიანად იქნეს გამორიცხული პრეზიდენტის ინსტიტუტი”.

თუკი ამ ეტაპზე 15-წევრიანი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ბერკეტები დიდწილად სწორედ პრეზიდენტის ხელშია, სამომავლოდ ეს ასე აღარ იქნება, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ პარლამენტში რამდენიმე თვის წინ შეტანილი კანონპროექტის მიხედვით. ბევრი თვლის, რომ პროცესი გაჭიანურდა და ამის შესახებ 4 აპრილის საკომიტეტო მოსმენაზე გარკვეული გულისწყრომა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემაც გამოთქვა. მაგრამ მისთვის კიდევ უფრო მიუღებელია ის ფაქტი, რომ მედიის განვითარებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი კანონპროექტიდან ყველაზე წინა პლანზე ამჟამინდელი სამეურვეო საბჭოს გადარჩენის თემაა წამოწეული:

”ეს არ არის ქვაკუთხედი ამ კანონპროექტის და ვინც აქცევს მას ქვაკუთხედად, მისი ინტერესია, რომ ამ პოლიტიკური ანგაჟირების საბჭო შეინახოს, რომ შემდეგ მართოს ადვილად ეს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად პოლიტიკური კომპონენტი იყოს გამორიცხული, მაქსიმალურად პარტიული დიქტატი იყოს გამორიცხული და ასეთი „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მივიღოთ”.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტის შემუშავებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“. თუმცა საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის შემდეგ, სულ რამდენიმე დღის წინ, ორგანიზაციამ განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს დათხოვნისა და დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და მისი სამეურვეო საბჭოს მუშაობის შესახებ მეტად უარყოფითი აზრის მიუხედავად, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” მაინც ეტაპობრივი ცვლილებების მომხრედ რჩება და ამ მოსაზრებას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც უერთდებიან.

”ვფიქრობთ, რომ საქართველოს პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესის განხილვისას უნდა გაითვალისწინოს გარდამავალ პერიოდში სამეურვეო საბჭოს ეტაპობრივად ჩანაცვლების შესაძლებლობა. მით უმეტეს, რომ, როტაციის პრინციპის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში საბჭოში 6 ვაკანტური თანამდებობა იქნება, რომელთა შესავსებად უკვე დაკომპლექტების ახალი წესები შეიძლება იქნეს გამოყენებული. ასეთი მიდგომის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება თავიდან აიცილებს საბჭოს დაშლის ნეგატიურ პრეცედენტს, უზრუნველყოფს სამეურვეო საბჭოს დამოუკიდებლობის მეტ ხარისხს და შეასრულებს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ეუთოს რეკომენდაციებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”, - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ 3 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე უმთავრეს საზრუნავს სამეურვეო საბჭოს დეპოლიტიზება წარმოადგენს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გაერთიანდება კანონპროექტის საერთო ვერსიაში პარლამენტში თავმოყრილი განსხვავებული მოსაზრებები და ინიციატივები. თუმცა, როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რეფორმირების პროცესში მკვეთრი მოქმედებების დროა:

”სიმკვეთრე არ არის თავსებადი ჭაობის ვითარების შენარჩუნებასთან, რასაც გვთავაზობთ, რომ ხელი არ ვახლოთ წინა ხელისუფლების მიერ საკუთარი პოლიტიკური შეკვეთის შედეგად დანიშნულ ადამიანებს. ასე რეფორმა არ იქნება”.

საკამათო თემებისა და მოსაზრებების სიმრავლის მიუხედავად, პარლამენტში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეფორმირების პროცესის დაჩქარების გადაწყვეტილებაა მიღებული. როგორც 4 აპრილს საკომიტეტო მოსმენაზე ითქვა, „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პარლამენტი მომავალ კვირაში განიხილავს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG