Accessibility links

logo-print

კითხვები ქუთაისში მომხდარი ნგრევის ფაქტზე კვლავაც უპასუხოა


7 ივნისს ქუთაისში, ხარაჩოს ჩამონგრევას ადგილზე მომუშავე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავტორი: newpress.ge

7 ივნისს ქუთაისში, ხარაჩოს ჩამონგრევას ადგილზე მომუშავე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავტორი: newpress.ge

7 ივნისს ქუთაისში, ახლად აშენებული პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი დამხმარე შენობის ხარაჩოს ჩამონგრევას ადგილზე მომუშავე ერთი ადამიანი, რეზო ნებიერიძე, ემსხვერპლა. საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, ჩამოინგრა სწორედ ხარაჩო და არა თავად შენობა, მუშებიდან კი სხვა არავინ დაშავებულა. ადგილობრივი მედია წერს, რომ ნგრევის შედეგად 20-მდე მუშამ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო, რასაც არც ერთი ადგილობრივი საავადმყოფოს ადმინისტრაცია არ ადასტურებს. მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ მშენებლობაზე პასუხისმგებელ ყველა პირზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.

ქუთაისში 7 ივნისს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მალევე გაჩნდა კითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მედიას დღემდე არ მიუღია. რა ჩამოინგრა ახალი პარლამენტის ტერიტორიაზე - შენობის ნაწილი, რომლის ნანგრევებშიც მუშები მოჰყვნენ, თუ ხარაჩო, რომელზეც ისინი იდგნენ და მუშაობდნენ? რამდენი ადამიანი დაიღუპა რეალურად და რამდენი დაშავდა? - ეს კითხვები დარჩა მას შემდეგ, რაც გავრცელდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სპეციალური განცხადება, რომელშიც წერია, რომ ”7 ივნისს პარლამენტის შენობისა და მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობის ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად ობიექტზე მომუშავე ერთი ადამიანი, რეზო ნებიერიძე, გარდაიცვალა და რომ ”მომხდარი შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა და არ გარდაცვლილა არც ერთი ადამიანი, გარდა ზემოთ ხსენებული ერთი პიროვნებისა. ასევე, შემთხვევის შედეგად არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისათვის”. ჯანდაცვის სამინისტრო წერს, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია სხვა დაშავებულების არსებობის შესახებ სიცრუეა. ამასვე იმეორებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული ლაშა მაქაცარია: ”ჩათვალეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი სწორედ ის კომენტარია, რომელსაც მეც ვადასტურებ, ანუ ის, რომ, სამწუხაროდ, დაღუპულია ერთი ადამიანი, ჩამონგრეულია პარლამენტის შენობისგან მოშორებული დამხმარე ნაგებობის ხარაჩო, რომელშიც მოჰყვა ეს ერთი ადამიანი და სხვებს, არავის, ნაკაწრიც კი არა აქვს.”

რადიო თავისუფლება: ხარაჩოზე ან ახლოს ამ დროს სხვა მუშები არ იყვნენ, მხოლოდ ეს ერთი მუშა იყო?

რაც შეეხება დაზარალებულებს, რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ვერსია გვაქვს. პირველი ციფრი, რომელიც ყველაზე ახლოს დგას სიმართლესთან, ჩვენი ინფორმაციით, არის 20 დაშავებული ...

ლაშა მაქაცარია: „მთელი დღე იქ ვიყავი და გეუბნებით, რომ ასეა. დანარჩენი კი, იდგნენ თუ არ იდგნენ... მოკლედ, არ იდგნენ, იყო მხოლოდ ეს ერთი ადამიანი.”

არც შემთხვევის ადგილზე და არც ქუთაისის საავადმყოფოებში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ, გვეუბნება www.newpress.ge-ს პროექტის დირექტორი, ჟურნალისტი ია ბობოხიძე. საავადმყოფოების ადმინისტრაციების წარმომადგენლები არც ნგრევის შედეგად დაშავებული ადამიანებისათვის დახმარების გაწევის ფაქტს ადასტურებენ.

ია ბობოხიძე აცხადებს, რომ ოფიციალური წყაროები ამ დრომდე არ იძლევიან დაზუსტებულ და სრულყოფილ ინფორმაციას. სხვა წყაროებზე, მათ შორის თვითმხილველებზე დაყრდნობით კი, ჟურნალისტი ამბობს, რომ ქუთაისში მომხდარი ინციდენტის დროს მეტი ადამიანია დაშავებული, თუმცა მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

ია ბობოხიძე: ”რაც შეეხება დაზარალებულებს, რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ვერსია გვაქვს. პირველი ციფრი, რომელიც ყველაზე ახლოს დგას სიმართლესთან, ჩვენი ინფორმაციით, არის 20 დაშავებული, თუმცა, ცხადია, სხვადასხვა სიმძიმით. მათი დიდი ნაწილი დაშავდა, მაგრამ მსუბუქად, და თავად დატოვეს ტერიტორია.“

რადიო თავისუფლება: ია, ვინ გიდასტურებთ ამ ინფორმაციას?

ია ბობოხიძე: „ამას ლაპარაკობს ადგილობრივი მოსახლეობა და თვითმხილველები, ვისაც ჩვენ ადგილზე გავესაუბრეთ. ოფიციალურად ამაზე არავინ საუბრობს. ასევე ვეცადეთ ქუთაისის სამივე მთავარ საავადმყოფოში გადაგვემოწმებინა ეს ინფორმაცია, მაგრამ ყველას აკრძალული აქვს კომენტარის გაკეთება და ყველა ყველაფერს უარყოფს.”
არ ვიცი საიდან მოიტანეს, მაგ ამბავში რატომ გამრიეს. მე მაგ ადგილიდან 200 მეტრის დაშორებით ვმუშაობ, სულ სხავ საქმეზე. ხელი დილით დავიზიანე, გამეკაწრა ...

ია ბობოხიძე ასევე ამბობს, რომ გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რასაც ჯერჯერობით ასევე არავინ ადასტურებს. www.newpress.ge-მ უკვე გაავრცელა ფოტორეპორტაჟი ნგრევის ადგილიდან და ასევე მოკლე ვიდეოინტერვიუ შემთხვევის ადგილზე მომუშავე ნოდარ სიორდიასთან. კადრში ჩანს, რომ მას ხელი აქვს შეხვეული, თუმცა ამბობს, რომ საკუთარი შეცდომის გამო დაშავდა. ჩვენ გადავამოწმეთ, იმყოფებოდა თუ არა სიორდია სწორედ იმ დროს და იმ ადგილას, სადაც ხარაჩო ჩამოინგრა, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ის ამ ადგილიდან დაახლოებით ორასი მეტრის დაშორებით, სხვა სამუშაოს ასრულებდა, ხელი კი დილით დაიზიანა:

”არ ვიცი საიდან მოიტანეს, მაგ ამბავში რატომ გამრიეს. მე მაგ ადგილიდან 200 მეტრის დაშორებით ვმუშაობ, სულ სხავ საქმეზე. ხელი დილით დავიზიანე, გამეკაწრა და ბიჭებმა მითხრეს, ინფექცია არ შეგეჭრასო და საავადმყოფოში წავედი, შემიხვიეს და მერე სამსახურში აღარ დავბრუნებულვარ, ჩემს სიმამრთან წავედი, ვსვამდით, მერე დავიძინე და მერე ჟურნალისტებიც მოვიდნენ, მეკითხებოდნენ ნგრევის დროს დაშავდიო? და არ იყო ეგრე, მე საავადმყოფოში დილის ათზე თუ თერთმეტზე მივედი...”

7 ივნისს, საღამოს, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დაშავებული მუშების ნაწილი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ზუგდიდის საავადმყოფოს მენეჯერმა პაატა ადამიამ არც ეს ფაქტი დაადასტურა:

”ჩვენთან ქუთაისიდან არავინ მოუყვანიათ, ჩვენ სამეგრელოს რეგიონს ვემსახურებით და თუ განსაკუთრებული დახმარება სჭირდება ავადმყოფს, პირიქით, ქუთაისში ვუშვებთ ხოლმე.”

სწრაფად, სწრაფად, როცა არ უნდა შეგეხედა, მუშაობდნენ. ამ სისწრაფეში კიდევ სულ პატიოსანი ხალხი ზარალდება. გავიფიქრე კიდეც, რომ თუ ვინმეს რამე მოუვიდოდა, ეს მუშა იქნებოდა ...

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მომხდარს იმავე საღამოს გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ეს საკითხი ძალიან აწუხებს და რომ მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან. 8 ივნისს კი სააკაშვილი ქუთაისში ჩავიდა და შემთხვევის ადგილი დაათვალიერა.

”ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, როდესაც პარლამენტის მშენებლობას ამთავრებდნენ, ყოველდღე ვურეკავდი რამაზ ნიკოლაიშვილს, იმიტომ კი არა, რომ მეშინოდა, ვერ დაამთავრებდნენ, არა, ეს ზუსტად ვიცოდი, არამედ იმიტომ, რომ ვეუბნებოდი უსაფრთხოებისათვის მაქსიმალური ყურადღება მიექციათ, თუმცა ნიკოლაიშვილი ასად ვერ გაიჭრება. აი, პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მომხდარი ამბავიც, სადაც ღამე მუშაობდნენ, განათება არ იყო, ღობე არ იყო და მუშა დაიღუპა, ამის დასტურია, რომ ყველა პასუხისმგებელ პირზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.”

პარლამენტის შენობის ახლოს მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები ფარნაოზ სინატაშვილი საკუთარი ფანჯრებიდან აკვირდებოდა, თუ რამდენად დაჩქარებული ტემპით აშენებდნენ პარლამენტის შენობას:

”სწრაფად, სწრაფად, როცა არ უნდა შეგეხედა, მუშაობდნენ. ამ სისწრაფეში კიდევ სულ პატიოსანი ხალხი ზარალდება. გავიფიქრე კიდეც, რომ თუ ვინმეს რამე მოუვიდოდა, ეს მუშა იქნებოდა... 24 საათში, მგონი, 28 საათი მუშაობდნენ. მე ისიც არ მგონია, რომ ხარაჩო ჩამოიშალა, იმიტომ რომ ტექნიკა შემთხვევის ადგილზე დიდხანს დარჩა და წმენდნენ იქაურობას.”

ურბანისტი ნიკო კახეთელიძე კი განმარტავს, რომ დაჩქარებული ტემპი - ეს არის ყველაზე ცუდი ტენდენცია ნებისმიერი მშენებლობის დროს.

პარლამენტის მშენებლობის პროექტის მენეჯერმა, კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტის" წარმომადგენელმა კობა გელაძემ კი გვითხრა, რომ შემთხვევის ადგილზე ხარაჩო დაიშალა, თუმცა კითხვაზე, თუ რა გახდა ამის მიზეზი, პასუხი ვერ გაგვცა. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ დეტალებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG