Accessibility links

logo-print

ჩანაწერები მტვრიანი პარლამენტიდან


პარლამენტის შენობის დასუფთავების პროცესი

პარლამენტის შენობის დასუფთავების პროცესი

პირველი, რაც ქუთაისის პარლამენტში შესვლისას თვალსა და ყელში გხვდება, ეს მტვერია. მტვერია ყველგან: ნაცრისფერ იატაკზე, თეთრ კედლებზე, მინის კონსტრუქციებზე, პარლამენტის შუშის სახურავზე - სახურავზე, რომელსაც, მიუხედავად ძლიერი ქარისა, უსაფრთხოების თოკებით დამაგრებული ბიჭები შეძლებისდაგვარად გულმოდგინედ წმენდენ. ქარი მართლა ძლიერია. შუშის სახურავზე ასულ ხელოსნებს იქ ფეხის მოკიდება უჭირთ. თუკი პარლამენტის შენობის ფოიეში დადგები და ჭერში აიხედავ, კარგად დაინახავ, როგორ ებრძვიან ქუთაისურ ძლიერ ქარს სწორედ შენს თავზე ჰაერში გამოკიდებული სახურავის მწმენდავები. არ ვიცი, ამ შემთხვევაში ვის უფრო გაუმართლა, სახურავის თუ იატაკის მწმენდავებს, რადგან ახლად აშენებულ საკანონმდებლო ორგანოში ისეთი მტვერი დგას, სუნთქვა ჭირს. პირბადეაფარებული ათობით ქალი იატაკის წმენდას ვერ აუდის, იატაკის ჯოხი და ტილო მოყვითალო მტვერს ვერ ერევა. სტუდენტი მარი წყლით სავსე ვარცლში ასველებს იატაკის ტილოს და მაგრად წურავს. ამბობს, რომ ამ სამუშაოში მას დამქირავებელი დღეში 20 ლარს გადაუხდის, თუმცა მარის მოწმენდილ იატაკზე მალევე ჩნდება სხვადასხვა ზომის მტვრიანი ნაფეხურები. სხვადასხვა ზომის ნაფეხურები დააჩნდა წითელ ხალიჩასაც, რომელმაც დაგებიდან რამდენიმე წუთში წითელი ფერი დაკარგა და მტვრისფრად იქცა.

ნაფეხურებს კი რა გამოლევს პარლამენტის შენობაში პირველი სხდომის გახსნამდე ერთი დღით ადრე: მუშა, ჟურნალისტი, აპარატის თანამშრომელი თუ დეპუტატი აქ ერთად ირევა. მათ საქმიან ხმაურს ერევა სამშენებლო ტექნიკის ათასნაირი ხმაც - კაკუნი, ბრახუნი... მიუხედავად გამალებული მუშაობისა, გიორგი კურცხალია, სამშენებლო კომპანია „მენო ინტერნეშენალის“ ხელმძღვანელი, გვეუბნება, რომ შენობაში ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და რომ შენობა მზად არის პირველი სხდომის ჩასატარებლად, ხოლო ის, რასაც ახლა ჟურნალისტები და დეპუტატები ხედავენ, ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც ამ ტიპის შენობის დასრულებას თან ახლავს. თუმცა, როგორც ჩანს, პირველი სხდომის ჩასატარებლად მხოლოდ სხდომათა დარბაზი არის მზად, რადგან ქუთაისის პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც მერვე მოწვევის 150 დეპუტატი 21 ოქტომბერს უნდა შეიკრიბოს, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ყველაზე მეტად მოწესრიგებული ტერიტორიაა შენობაში. 20 ოქტომბერს დეპუტატები სხდომათა დარბაზში კენჭისყრისათვის დამონტაჟებულ სპეციალურ ტექნიკას ამოწმებენ და საკანონმდებლო ორგანოს მრგვალ დარბაზში საკუთარ ადგილებს სინჯავენ. იქ მტვრის სქელი ნისლიც ნაკლებად აღწევს. ნაკლებად აღწევს იქ ჟურნალისტების მიკროფონები და ოპერატორებისა თუ ფოტოგრაფების კამერები. სხდომათა დარბაზის შესასვლელი კარი დახურულია.
დაბრუნდება თუ არა პარლამენტი თბილისში, ეს მხოლოდ უმრავლესობაზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია იმაზეც, თუ რას გადაწყვეტს უმცირესობა ...

ახალი უმრავლესობის წევრს, რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილს სახლი, სადაც ქუთაისში იცხოვრებს, ჯერ ვერ უპოვია. ძიების პროცესში ვარო, გვეუბნება ის. დიდი ხნით მოუწევს თუ არა მას და მის კოლეგებს ქუთაისში ბინის დაქირავება, ამის შესახებ პარლამენტი, მისი თქმით, ალბათ, იმსჯელებს. ანუ იგეგმება თუ არა, პარლამენტის კვლავაც დედაქალაქში დაბრუნება? კონსტიტუციით დადგენილი წესის მიხედვით, უახლოესი თვეების განმავლობაში პარლამენტი ქუთაისში იმუშავებს, ხოლო თუ რა ინიციატივები იქნება მომავალში, ამის შესახებ ჯერ, რა თქმა უნდა, ცნობილი არ არის, ამბობს დავით ბერძენიშვილი და იქვე ამატებს:

„დაბრუნდება თუ არა პარლამენტი თბილისში, ეს მხოლოდ უმრავლესობაზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია იმაზეც, თუ რას გადაწყვეტს უმცირესობა. ყოველ შემთხვევაში, ისინი ყურში ჩაგვჩურჩულებენ, პარლამენტის თბილისში დაბრუნება ჩვენც გვინდაო, მაგრამ მათი ხმების გარეშე ეს საქმე არ გამოვა.“

პარლამენტარის როლში პირველად დაესწრება საკანონმდებლო ორგანოს სხდომას ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე. პირველ ეტაპზე ის ქუთაისში ტყუბულიდან ივლის, ხოლო თუ რა მისიით ივლის ის პარლამენტში, ამ კითხვაზე ელისო ჩაფიძე ასე გვპასუხობს:

დასუფთავების პროცესი პარლამენტის შენობაში

დასუფთავების პროცესი პარლამენტის შენობაში

„ჩემი მისია იქნება იმ 23 ათასი ტყიბულელი ამომრჩევლის ინტერესების დაცვა, რომლებმაც მე ამირჩიეს. გარდა ამისა, მზად მაქვს საკანონმდებლო ცვლილებები მედიისათვის, რათა გაუმჯობესდეს ბეჭდური მედიის პირობები და თავისუფალი სიტყვის ამ ბასტიონმა შეძლოს გაძლიერება.“

რაკი სიტყვა ჟურნალისტებზე ჩამოვარდა, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ მედიაცენტრი, სადაც ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოში იმუშავებენ, 20 ოქტომბრის მონაცემებით, მხოლოდ თეთრი კედლებითა და ექვსი პლაზმური მონიტორით შემოიფარგლება. თუმცა, პარლამენტის პრესსამსახურის მტკიცებით, 21 ოქტომბერს სხდომის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს იქ მაგიდები და სკამები დახვდებათ.

რაც შეეხება ამ ამბის მთავარ მოვლენას, მერვე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, მას 21 ოქტომბერს, პირველ საათზე, საქართველოს პრეზიდენტი გახსნის, რის შემდეგაც ის სიტყვას პარლამენტის უხუცეს წევრს გადასცემს. 21 ოქტომბერსვე აირჩევა პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, შეიქმნება კომიტეტები. ამავე დღის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება უმრავლესობა-უმცირესობის ფორმირება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG