Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეშვიდე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია


პარლამენტის სხდომათა ახალი დარბაზი
პარლამენტის სხდომათა ახალი დარბაზი
2008 წლის მოწვევის პარლამენტმა ბოლო საშემოდგომო სესია 4 სექტემბერს ბიუროს სხდომით გახსნა. სხდომის მსვლელობისას ინიცირებულ იქნა პრეზიდენტის რამდენიმე ინიციატივა, მათ შორის, ცვლილება საარჩევნო კოდექსში, თუმცა, მაღალი ალბათობით, ამ ინიციატივის განხილვა შემდეგ - მერვე მოწვევის - პარლამენტს მოუწევს, რადგანაც, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პლენარული სხდომების ციკლი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე წყდება. აუცილებლობის შემთხვევაში, სხდომის მოწვევა შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარეს.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყოველი წლის სექტემბრის პირველ სამშაბათს საშემოდგომო სესია იხსნება. მეშვიდე მოწვევის პარლამენტმა თავისი უკანასკნელი სესია 4 სექტემბერს ბიუროს სხდომით გახსნა. ვიცე-სპიკერმა რუსუდან კერვალიშვილმა პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის ჩაკითხვას ხუთიოდე წუთი მოანდომა:

„საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ინიციატორი - საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი. ინიციატორი - საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს მთავრობასა და მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება. ინიციატორი - საქართველოს პრეზიდენტი...“
შესაბამისად, ჩვენ დღეს ბიუროს სხდომით გავხსენით საშემოდგომო სესია და, იმავდროულად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ, თუ გადაუდებელი საჭიროება არ იქნება, პლენარული სხდომები საპარლამენტო არჩევნებამდე აღარ ჩატარდება....
ხათუნა გოგორიშვილი

კანონში შესატანი ცვლილებების ინიცირება არ ნიშნავს იმას, რომ დეპუტატები მის განხილვას დაუყოვნებლივ დაიწყებენ. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ხათუნა გოგორიშვილის განმარტებით, საკითხი რეგულირდება პარლამენტის რეგლამენტის 128-ე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე თვითმმართველობის, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომები არ იმართება.

„შესაბამისად, ჩვენ დღეს ბიუროს სხდომით გავხსენით საშემოდგომო სესია და, იმავდროულად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ, თუ გადაუდებელი საჭიროება არ იქნება, პლენარული სხდომები საპარლამენტო არჩევნებამდე აღარ ჩატარდება. ცვლილებების ინიცირება კი არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც სესიის გამართვა-არგამართვასთან დაკავშირებული არ არის. ამ მოწვევის პარლამენტსაც ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა წინა მოწვევის პარლამენტიდან გადმოჰყვა და, შესაბამისად, ახლაც ამ სამ ნორმატიულ აქტს, რომელიც დღეს იქნა დარეგისტრირებული, შემდეგი მოწვევის პარლამენტი ჩვეულებრივი პროცედურით განიხილავს“, - უთხრა ხათუნა გოგორიშვილმა რადიო თავისუფლებას.

პარლამენტის ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი, ისევე როგორც დეპუტატები, 1 ოქტომბრისათვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას, თუმცა, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი განმარტავს, კანონი დეპუტატებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, თანამდებობიდან გადადგომას არ ავალდებულებს:
ჩიორა თაქთაქიშვილი
ჩიორა თაქთაქიშვილი

„საქართველოს კანონმდებლობთი არის დარეგულირებული იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელთაც აქვთ ვალდებულება დატოვონ თანამდებობები. ასეთი თანამდებობებია: მთავრობის წევრები როგორც ცენტრალურ, ასევე ავტონომიების დონეზე - ყველა მინისტრი, რომელიც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიაში, გადამდგარია თანამდებობიდან, ისევე როგორც ყველა თანამდებობის პირი, რომელსაც შეუთავსებლობა ჰქონდა. ჩვენ ყველანი ვემორჩილებით საარჩევნო კოდექსს, რომლითაც დადგენილია ვალდებულებები. საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს წევრებისათვის ასეთი ვალდებულება დადგენილი არ არის.“

საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, მომავალი - მერვე მოწვევის - პარლამენტი თბილისის ნაცვლად ქუთაისში, საგანგებოდ პარლამენტისათვის აშენებულ შენობაში, შეიკრიბება. საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, ამის მიზეზი რეგიონების განვითარებისთვის ხელშეწყობა და ხელისუფლების დეკონცენტრაციაა. პარლამენტამდე რეგიონებში გადატანილ იქნა საკონსტიტუციო სასამართლო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია. ასევე იგეგმება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გორში გადატანა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG