Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებას კონტროლის პალატა შეისწავლის


ლევან ბეჟაშვილი, ნათია მოგელაძე
ლევან ბეჟაშვილი, ნათია მოგელაძე
საქართველოს კონტროლის პალატაში პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის პრეზენტაცია გაიმართა. 30 დეკემბერს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში. კანონის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს საქართველოს კონტროლის პალატა განახორციელებს. კონტროლის პალატის ვებგვერდზე განთავსებულია ყოველწლიური ”ფინანსური დეკლარაციის” პროექტი, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკურ პარტიებს ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება 2012 წლის თებერვლამდე განესაზღვრა.
საარჩევნო კამპანიის განმავლობაში პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს ექნებათ ვალდებულება სამ კვირაში ერთხელ წარმოადგინონ საარჩევნო კამპანიის ფონდიდან განხორციელებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია...

პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მიზანი იქნება უზრუნველყოს პოლიტიკური კორუფციის პრევენცია და პოლიტიკური პარტიების ფინანსური გამჭვირვალობა, განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, კონტროლის პალატის ხელმძღვანელმა, მას შემდეგ, რაც კონტროლის პალატაში შეკრებილ ჟურნალისტებს პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მოგელაძე წარუდგინა. ჟურნალისტებმა დღეს ვერ მიიღეს ინფორმაცია ნათია მოგელაძის ბიოგრაფიის შესახებ, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ნათია მოგელაძე პროფესიით იურისტია და მთავარ პროკურატურაში პროკურორად მუშაობდა.

პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური იმ საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე შეიქმნა, რომელიც ძალაში ზუსტად ერთი კვირის წინ ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შევიდა. როგორც ლევან ბეჟაშვილი განმარტავს, ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს კონტროლის პალატა ვებგვერდზე განათავსებს და პერიოდულად განაახლებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა და საზოგადოებისათვის საინტერესო დეტალურ ინფორმაციას. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 3 იანვარს საქართველოს კონტროლის პალატასა და ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს პოლიტიკურ პარტიებთან, პოლიტიკურად აქტიურ პირებსა და ორგანიზაციებთან დაკავშირებული ფინანსური ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას კონტროლის პალატისთვის:

”ჩვენ ასევე ინფორმაციის მიღების ალტერნატიული წყარო გვექნება კომერციული ბანკებიდან ეროვნული ბანკის მეშვეობით. საარჩევნო კამპანიის განმავლობაში პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს ექნებათ ვალდებულება სამ კვირაში ერთხელ წარმოადგინონ საარჩევნო კამპანიის ფონდიდან განხორციელებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია და, გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ვალდებულება ყოველწლიურად წარმოადგინონ ბალანსი თავიანთი ფინანსური საქმიანობის შესახებ”, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
პირველი ნოემბრიდან განხორციელებული ყველა ტრანზაქცია ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს...

როგორც ლევან ბეჟაშვილი ამბობს, კონტროლის პალატას არ ევალება პოლიტიკური პარტიების საქმიანობის პირდაპირი აუდიტი. კანონის შესაბამისად, აუდიტს განახორციელებენ პოლიტიკური პარტიების მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი აუდიტორები, თუმცა, მისივე თქმით, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კონტროლის პალატა უფლებამოსილია განახორციელოს პოლიტიკური პარტიის დამატებითი აუდიტი.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია პარტიამ სამი დღის ვადაში უნდა წარუდგინოს საქართველოს კონტროლის პალატას. თუ შემოწირულების მიღებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია თანხა თავის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან 3 დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს; წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება. აქვე გეტყვით, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიას შემოწირულების მიღება ეკრძალება იურიდიული პირებისგან, ხოლო რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, პოლიტიკური პარტიებისათვის მათგან წელიწადში მხოლოდ 60 000 ლარის მიღებაა დასაშვები.
თანახმა ვარ კონტროლის პალატამ შეამოწმოს ყველაფერი, თითოეული ფურცელი, ოღონდ თამაშის წესები იყოს ყველასთვის თანაბარი...

პოლიტიკურ პარტიებს ფინანსური საქმიანობის წარდგენის ბოლო ვადად 2012 წლის პირველი თებერვალი განესაზღვრათ. როგორც კონტროლის პალატაში აცხადებენ, პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი არიან საფინანსო საქმიანობის ზუსტად ერთწლიანი ანგარიში წარადგინონ, რომელიც მოიცავს პერიოდს 2011 წლის პირველი იანვრიდან 2012 წლის პირველ იანვრამდე. თუმცა კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი მათთვის საინტერესო კიდევ ერთ თარიღს მიუთითებს:

”საინტერესო საანგარიშო პერიოდად ასევე იგულისხმება 2011 წლის პირველი ნოემბრიდან მოყოლებული ერთწლიანი საარჩევნო პერიოდი. ამიტომ, ბუნებრივია, პირველი ნოემბრიდან განხორციელებული ყველა ტრანზაქცია ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს”, - მიუთითებს ლევან ბეჟაშვილი.

რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი უარყოფითს ვერაფერს ხედავს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის შესწავლაში, თუმცა ის პრობლემას სხვაგან აღმოაჩენს: კონტროლის პალატის განსაკუთრებული ინტერესის სფეროში 2011 წლის პირველი ნოემბერი ექცევა, ანუ თარიღი, როდესაც ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა.
თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

”კანონი პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან არაფერ კავშირში არ არის. იმ პერიოდისათვის არ იყო მოქმედი. რატომ პირველი ნოემბერი? როგორ დაადგინეს? ეს ის პერიოდია, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში. მე თანახმა ვარ კონტროლის პალატამ შეამოწმოს ყველაფერი, თითოეული ფურცელი, ოღონდ თამაშის წესები იყოს ყველასთვის თანაბარი”, - ამბობს თინა ხიდაშელი.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი თვეა საქართველო ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებს და ყველანაირ ცვლილებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს, მე არ ვაპირებ, მიმდინარე მოვლენებს ასე შევხედო, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მემარჯვენე მამუკა კაციტაძე პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის შესახებ საუბრისას, თუმცა ამბობს, რომ კონტროლის პალატასთან არსებული პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის საშუალებით პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კონტროლი ერთი, მმართველი გუნდის ხელში აღმოჩნდება:
ფაქტობრივად, პარტიათა ფინანსური საქმიანობის კონტროლი გადადის ერთი კონკრეტული პარტიის ხელში, ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის ხელში...


”კონტროლის პალატა არის ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლების ხელში. ფაქტობრივად, პარტიათა ფინანსური საქმიანობის კონტროლი გადადის ერთი კონკრეტული პარტიის ხელში, ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის ხელში. ამიტომ ჩვენ, მემარჯვენეები, ვფიქრობთ, რომ კონტროლი უნდა იყოს, გამჭვირვალობა უნდა იყოს, მაგრამ ამის განხორციელება უმჯობესი იქნებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რადგან იქ მეტად პლურალისტური გარემოა, ვიდრე კონტროლის პალატაში”, - მიაჩნია მამუკა კაციტაძეს.

როგორც კონტროლის პალატაში განმარტავენ, პირველ რიგში ინტერესის სფეროში ექცევიან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ასეთი პარტიების რიცხვი ჩვიდმეტია. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის ნათია მოგელაძის თქმით, პოლიტიკურ პარტიებს 4 იანვრიდან დაეგზავნებათ შესაბამისი წერილები და დაევალებათ, გამოყონ პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირები პარტიის ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG