Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ უნდა გამოასახლოს ფართის უკანონოდ მოსარგებლე?


პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა რამდენიმე კანონში იმ ცვლილებათა პროექტს, რომელთა მიზანიცაა საპოლიციო გამოსახლების მექანიზმის გაუქმება და გამოსახლების მხოლოდ სასამართლოს ნებართვით განხორციელება. ცვლილებებს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიურო, თავად დეპუტატთა ნაწილი და სახალხო დამცველიც ეწინააღმდეგება. ისინი მიიჩნევენ, რომ პროექტში წარმოდგენილი ცვლილებებით საკუთრების უფლება ილახება.

დღეს არსებული კანონის თანახმად, ქონების მესაკუთრეს შეუძლია პოლიციის ძალით გამოასახლოს მის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მცხოვრები პირი, რამდენიმე კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად კი, ქონების მესაკუთრეს თავისი უფლებების დასაცავად აუცილებლად სასამართლოში ჩივილი მოუწევს, რაც, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის იოსებ ბაღათურიას განმარტებით, უკან გადადგმული ნაბიჯია სამართლებრივადაც და ეკონომიური თვალსაზრისითაც:

„ვფიქრობთ, რომ პრობლემებს შექმნის საკუთრების უფლების რეალიზაციის ფარგლებში, ვერ მოხდება მესაკუთრის უფლებების სწრაფი და ეფექტური დაცვა, რითაც გარკვეული პრობლემები შეექმნება სახელმწიფოსაც და მესაკუთრესაც“.

საპოლიციო გამოსახლების მექანიზმი კანონმდებლობაში 2007 წელს გაჩნდა. მანამდე გამოსახლების უფლებას სასამართლო გასცემდა. როგორც სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი ეკა ფოფხაძე ამბობს, მესაკუთრეს ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვა მოუწევს და, სავარაუდოდ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში დავის წარმოება მოუხდება, რადგან ასეთი საქმეები დროში საკმაოდ იწელება ხოლმე. შესაბამისად, სახალხო დამცველის ოფისში ფიქრობენ, რომ ეს ცვლილება მესაკუთრეებზე დადებითად არ აისახება და საკუთრების დაცვის კუთხით უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება. მით უფრო, ეკა ფოფხაძის განცხადებით, არავის დაუსაბუთებია, რომ საპოლიციო გამოსახლების მექანიზმი სამართლებრივი დარღვევებით წარმოებდა:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მესაკუთრეზე იმ ტვირთს გადატანა, რომ წავიდეს სასამართლოში, იდავოს, გაიაროს პროცედურები და ამით დაიბრუნოს საკუთრება, ლახავს მესაკუთრის უფლებებს, მაშინ როცა მას დღეს არსებული საპოლიციო გამოსახლების მექანიზმით შეეძლო პოლიციისთვის მიემართა და მაშინ როცა ვიღაც კანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობდა მის ქონებას, სწრაფად და ეფექტურად გამოეთხოვა ეს ქონება ამ მფლობელისგან პოლიციის ძალით. ახლა ყველა ასეთი საქმე წავა სასამართლოში“.

ეკა ფოფხაძის თქმით, ამ ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, უსახლკაროების მიმართ, რომლებიც შეჭრილები არიან სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებაში, შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, მაშინ როცა, საპოლიციო გამოსახლების წესის არსებობის შემთხვევაში, საკითხი მხოლოდ მათი გამოსახლებით სრულდებოდა.

მედიასთან საუბარში ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ამ ცვილებისთვის არც ბიზნესია მზად და არც ეკონიმიკა:

„ჩვენ ვფიქრობთ, ეს დღევანდელ სიტუაციაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური აღსრულების მექანიზმი იყო და მისი გაუქმებისთვის ეკონომიკა მზად არ არის“.

ცვლილებებს ეწინააღმდეგება საბანკო სექტორიც, ვინაიდან იპოთეკარებთან ურთიერთობაში სწრაფი და ქმედითი მექანიზმები გამოეცლებათ ხელიდან. საკანონმდებლო ცვლილებებს ეწინააღმდეგება დეპუტატთა ნაწილიც, თუმცა, მმართველი კოალიციის წარმომადგენელი დეპუტატის გედევან ფოფხაძის თქმით, სასამართლო აღსრულების მექანიზმი გაცილებით მაღალი სტანდარტია:

„სადავო გადაწყვეტილება კი იქნება და ბიზნესისთვისაც არ არის მისაღები, მაგრამ სასამართლო პროცედურის გათვალისწინება უფლებრივად ზრდის ისეთი მოქალაქეების მდგომარეობას, რომლებიც გამოსახლების დროს შეიძლება დაზარალდნენ“.

საქართველოს ბიზნესასოციაციის ანალიტიკური მიმართულების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ნანუაშვილი ამბობს, რომ საუბარი მხოლოდ საკუთრების უფლების დაცვის სტანდარტის შემცირებაზე კი არ არის, არამედ იმაზეც, რომ საქართველოში საკუთრების უფლების დაცვის გარანტიები და მექანიზმები მცირდება:

„როდესაც კონსტიტუციით სახელმწიფო იღებს გარანტიას, რომ საკუთრების უფლება ხელშეუხებელია, აქვე აუცილებლად უნდა ვიგულისხმოთ და იგულისხმება კიდეც, რომ სახელმწიფო გვთავაზობს მის მოქალაქეებს ამ საკუთრების უფლების დაცვის გარანტიის შესაბამის მექანიზმებსაც, რომ ჩვენი საკუთრების უფლება ეფექტურად განვახორციელოთ. თუ ჩვენ საშუალოდ ერთწლიანი დავა მოგვიწევს ჩვენი საკუთრების უფლების დასაცავად და ჩვენს უნებართვოდ მცხოვრები პირის გამოსასახლებლად და თუ ჩვენ მოგვიწევს დამატებით ფინანსური ხარჯები, ეს, ბუნებრივია, ძალიან გაართულებს საკუთრების უფლებით ეფექტურად სარგებლობას“.

საკანონმდებლო ინიციატივას, სავარაუდოდ, წინააღმდეგობა შეხვდება, თუმცა ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პირველი მოსმენით უკვე მხარდაჭერილია.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG