Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პარტიზანი მებაღეების“ აქცია


„პარტიზანმა მებაღეებმა“ თბილისის მერიასთნ აქცია გამართეს. ისინი ქალაქის ხელისუფლებისგან ითხოვენ საბოლოო პასუხს ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის შესახებ. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მშენებლობის ნებართვა უკანონოდ არის გაცემული და მოითხოვენ, რომ მერიამ ინვესტორს ვაკის პარკში ნაყიდი მიწა თბილისში მისთვის მისაღებ სხვა ადგილზე მდებარე ნაკვეთში გაუცვალოს.

„პარტიზანი მებაღეების“ 30-მდე აქტივისტი მერიასთან აქციაზე ხმაურით მივიდა. ისინი იხსენებენ 2014 წლის 2 დეკემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაცემული მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული აქტების სამართლებრივი ხარვეზების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმს. ამ ოქმის მიხედვით, მიწის ნაკვეთი, სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს, გამწვანებული ზონის სიღრმეშია, აქედან გამომდინარე, იქამდე მისასვლელი გზა არასაკმარისი იქნება ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობისთვის, თუმცა გზის გასაფართოებლად ამ ადგილას ხეების მოჭრა დაუშვებელია.

„მოსახლეობას ვურიგებთ პეტიციას. დაახლოებით წლის და ორი თვის წინ დაიდო დასკვნა იმასთან დაკავშირებით და ამ ხნის განმავლობაში საბოლოო გადაწყვეტილება მერიას ჯერ არ მიუღია“, - ამბობს „პარტიზანი მებაღე“ სალომე კვარაცხელია.

აქტივისტებმა პეტიციის სამასი ასლი დაამზადეს, რომელიც მოსახლეობას უნდა დაურიგონ. მათი გეგმის მიხედვით, სამასმა ადამიანმა ეს განცხადება მერიაში 3 თებერვალს ერთდროულად უნდა შეიტანოს და ვაკის პარკში მშენებლობის შეჩერება მოითხოვოს.

ამ საკითხს 30 იანვარს თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა:

„ამ საკითხზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. ის გვიჩვენებს, რა გზით უნდა წავიდეს ინვესტორი. ჩვენი მხრიდან რამე გასაუქმებელი ან მისაღები გადაწყვეტილება არ არის“.

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიამ 2013 წელს გასცა. მშენებლობა 2013 წლის 21 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო და 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა აქტივისტებმა კომპანიას სამუშაოს დაწყების შესაძლებლობა არ მისცეს.

როგორც არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე ამბობს, ასეთი მასშტაბის მშენებლობა ვაკის პარკს დააზიანებს და მას სარეკრეაციო ზონის ფუნქციას დაუკარგავს:

„პარკს აქვს ისეთი ფუნქციები, როგორიც არის ძალების აღდგენისთვის, დასვენებისთვის, ბავშვების სათამაშოდ. ამას ემატება მოხუცების იქ ყოფნა. აი, ამ ყველაფრის საწინააღმდეგოა სასტუმრო, რომელიც იწვევს მანქანების მისვლა-მოსვლას, ხმაურს... მერიას შეუძლია ეს სულ მარტივად გადაწყვიტოს, რომ უნდოდეს და მერს ინვესტორების არ ეშინოდეს“.

ზურაბ ბაქრაძე მიიჩნევს, რომ როგორც თბილისის წინა მერმა მიიღო გადაწყვეტილება ვაკის პარკში სასტუმროს აშენების შესახებ, ასევე შეუძლია დავით ნარმანიას, როგორც თბილისის მერს, ეს გადაწყვეტილება გააუქმოს.

„პარტიზანი მებაღეები“ ამბობენ, რომ ეს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით ბოლო გამაფრთხილებელი აქციაა და, თუ მერიისგან პასუხს ვერ მიიღებენ, პირველი მარტიდან პერმანენტული აქციები დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG