Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ ფარცხალაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა


ოთარ ფარცხალაძე
ოთარ ფარცხალაძე
საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ, პროკურორის ოფისის ვებსაიტით გაავრცელა განცხადება, სადაც ის იტყობინება, რომ თავს ვალდებულად თვლის, დატოვოს მთავარი პროკურორის თანამდებობა. „ბოლო დროს საზოგადოებაში დასმული კითხვების გამო, რომლებიც გაჩნდა ჩემს ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, თავს ვალდებულად ვთვლი, პატივი ვცე და გავითვალისწინო საზოგადოების აზრი და დავტოვო მთავარი პროკურორის თანამდებობა“, წერს ფარცხალაძე და საზოგადოებას თავის აზრს უზიარებს „დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ჩემს ყოფნას არ გააჩნია სამართლებრივი პრობლემები, არ მინდა ეჭვქვეშ დადგეს იმ საქმეების გამოძიების ლეგიტიმაცია, რომელსაც ამ დროისთვის აწარმოებს მთავარი პროკურატურა. გარდა ამისა, ჩემი თანამდებობაზე ყოფნით არ მინდა ჩრდილი მიადგეს პრემიერ-მინისტრს და იმ პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მთავარია ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება“, წერს ოთარ ფარცხალაძე, რომელის გარშემო ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის გერმანიაში იყო ნასამართლები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ღირსეულ ნაბიჯად და სწორ გადაწყვეტილებად“ მიიჩნევს მთავარი პროკურორის განცხადებას გადადგომის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა ეს შეფასება გამოთქვა ჟურნალისტებთან საუბრისას და იქვე აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორის გერმანიაში ნასამართლოების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ფარცხალაძე თვითონვე მივიდა ღარიბაშვილთან და გამოთქვა მზადყოფნა, გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობიდან. პრემიერ-მინისტრმა ჯერ დეტალებში გარკვევა მოისურვა, რასაც მოგვიანებით მოჰყვა მთავარი პროკურორის მიერ გადადგომის თაობაზე განცხადების დაწერა. „ვინაიდან საზოგადოების წუხილი არსებობდა ამ ფაქტის ირგვლივ და, ზოგადად, გაჩნდა კითხვები, დაისვა კითხვები, ამდენი მითქმა-მოთქმა, რომ მისი ბიოგრაფიიდან ამ ეპიზოდს შესაძლოა, რაიმე ჩრდილი მიეყენებინა სამართლიანობის აღდგენის პროცესისთვის, სამართლიანობის დამკვიდრების პროცესისთვის, სწორედ ამიტომ მან გადადგა ეს ნაბიჯი და ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოთარ ფარცხალაძის თხოვნა თანამდებობიდან გადაყენების, გადაგომის თაობაზე, დავაკმაყოფილოთ“, - უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის გადადგომასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG