Accessibility links

პატიმრობა ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელებისათვის


საქალაქო სასამართლო

საქალაქო სასამართლო

16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე დაკავებულ ორ პირს. პროცესი ორი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, დაცვის მხარემ კი მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილს გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, რაზეც უარი მიიღო. 15 მარტს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ჯამალაშვილისა და ადვოკატ ირაკლი ფხალაძის მიერ უკანონო გზით მოპოვებული ფარული ვიდეოჩანაწერები გასავრცელებლად გაზეთ „ქრონიკა +“-ს გადაეცა. როგორც ამ გამოცემის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, მასალა ერთ-ერთი დეპუტატის პირად ცხოვრებას შეეხებოდა. ამ პროცესის პარალელურად, გამოძიება გრძელდება რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზეც.

ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილისა და ირაკლი ფხალაძის ადვოკატები მოითხოვდნენ ბრალდებულების 3 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას, თუმცა ორსაათიანი სხდომის შემდეგ მოსამართლემ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა სულ 5 პირის მიმართ დაიწყო. 15 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე კი პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით.

როგორც დაკავებულთა ადვოკატები აცხადებენ, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ფხალაძის ადვოკატმა ნანა ფილაურმა განაცხადა, არ არსებობს მტკიცებულება, რაც ირაკლი ფხაკაძის ბრალს დაადასტურებსო:

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ცხადია, გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდის გამოძიებას, მაგრამ ის დამნაშავე არ არის“.

სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივებს, ვამბობ, რომ ეჭვი მაქვს და მას შემდეგ ვისაუბრებ ამაზე, რაც დავამტკიცებ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს...

ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატი გიორგი ფოფხაძეც აცხადებს, რომ საქმის მასალები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ჯამალაშვილი სასამართლომ გაამტყუნოს.

სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს ჯამალაშვილის მეუღლე თეა ჯამალაშვილიც. მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეიცვალოს. ის გამორიცხავს, რომ მის მეუღლეს ფარულ ჩანაწერებთან რაიმე წვდომა ჰქონოდა და ეჭვი აქვს, ამ პროცესს პოლიტიკური სარჩულიც ჰქონდეს:

„სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივებს, ვამბობ, რომ ეჭვი მაქვს და მას შემდეგ ვისაუბრებ ამაზე, რაც დავამტკიცებ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს".

16 მარტის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ, განაცხადა, რომ ბრალდებულ ირაკლი ფხალაძის სახლის ჩხრეკის შედეგად ფარული ჩანაწერები ამოიღეს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბრალდებულთაგან არც ერთის მხრიდან არ იკვეთება ვიდეომასალის ატვირთვის ბრალეულობა. პროკურორმა ისიც თქვა, რომ ჯამალაშვილის შვილს, რომელიც ცნობილი ჰაკერია, ამ საქმესთან კავშირი არა აქვს.

ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან მივიღებთ ინფორმაციას რომელი ქვეყნის IP მისამართიდან აიტვირთა ამ სერვერებზე აღნიშნული ინფორმაცია...

მთავარი პროკურატურა პარალელურ რეჟიმში აწარმოებს გამოძიებას 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალების გამავრცელებელი პირების დადგენა-დაკავების მიზნით. შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა უცხოელ კოლეგებს იმის დასადგენად, თუ რომელი ქვეყნის IP მისამართებიდან აიტვირთა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 15 მარტს, კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ:

„ყველაფერი ატვირთულია „ფეისბუკზე“, “გუგლში“ და სერვერები, სადაც ეს ინფორმაციაა დაცული, უცხოეთში მდებარეობს. სწორედ ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან მივიღებთ ინფორმაციას რომელი ქვეყნის IP მისამართიდან აიტვირთა ამ სერვერებზე აღნიშნული ინფორმაცია“.

არასამთავრობო სექტორში მაინც ფიქრობენ, რომ სახელმწიფო უწყებებს, მიუხედავად ამ საკითხზე არაერთგზის მსჯელობისა, გააზრებული არ ჰქონდათ რეალური საფრთხე, რაც ამ კადრებთან დაკავშირებით არსებობდა და არც სახელმწიფო იყო მზად ამისათვის.

ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი

„კამპანია „ეს შენ გეხებამაც“ მოითხოვა სპეციალური ფორმატის შექმნა, სადაც უცხოელი ექსპერტები იქნებიან ჩართულები და ეს გამოძიების მიმართ სანდოობასაც გაზრდიდა და საგამოძიებო ჯგუფის უნარებსაც გააუმჯობესებდა. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ასეთი ფორმატი არის აუცილებელი. ამ საკითხს პრემიერის წინაშეც დავაყენებთ“, - განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა.

ფარული ჩანაწერების გავრცელების გამო შეშფოთებას გამოხატავს ელჩების სამუშაო ჯგუფი. უცხოელი დიპლომატების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება მომხდარის გამო და აღნიშნულია, რომ მსგავსი ქმედებები უგულებელყოფს დემოკრატიულ პრინციპებს.

„ვგმობთ მსგავსი ბოროტი განზრახვების ყველა ფორმას და მივესალმებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდასაჭერად გაკეთებულ მკაცრ განცხადებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ელჩების სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს, რომ "ეფექტური, გამჭვირვალე და დაჩქარებული გამოძიება ახლა უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ ეს საკითხი დასრულდეს“.

ამ გამოწვევას ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა გუნდმა პარლამენტში თითქმის ყველაფერი გააკეთა ამისათვის, საჭიროა აღმასრულებელი ხელისუფლების უფრო ქმედითი ნაბიჯები...

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელების მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში გადატანის ინიციატივას ემხრობა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია:

„დიახ, ვფიქრობ, ეს დანაშაული უნდა გადავიტანოთ მძიმე დანაშაულის კატეგორიაში და გავზარდოთ სანქცია. ვგულისხმობ იმას, რომ ამ ტიპის ამაზრზენი დანაშაულის დროს თავისუფლების აღკვეთის ვადა შეიძლება იყოს 10 წლამდე. მე, პირადად, დავუჭერ მხარეს, რომ ამ ცვლილების ინიცირება სწრაფად მოხდეს“.

ფარული ჩანაწერების საქმეს გამოეხმაურნენ 16 მარტის პარლამენტის სესიაზეც. „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, განცხადებით, ეს თემა პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა და ამ ფონზე ცოტა ვინმე თუ ლაპარაკობს იმაზე, თუ რამხელა საშიშროებას წარმოადგენს ეს საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. რესპუბლიკელების წევრმა თამარ კორძაიამ კი პარლამენტის ტრიბუნიდან აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართა, გადადგას ქმედითი ნაბიჯები:

„დღეს ხელისუფლება აღმოჩნდა იმ გამოწვევის წინაშე, რომ ადამიანი ერთ დღეში განადგურდა. მოსპეს მისი უფლება ისწრაფოდეს ბედნიერებისკენ. ამ გამოწვევას ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა გუნდმა პარლამენტში თითქმის ყველაფერი გააკეთა ამისათვის, საჭიროა აღმასრულებელი ხელისუფლების უფრო ქმედითი ნაბიჯები“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG