Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს „გასაღებს“ არ კარგავს


საქართველოს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტთა პაკეტს, თუმცა კვლავ ღიად ტოვებს მთავარ საკითხს, თუ რომელ სუბიექტს უნდა ჰქონდეს პირდაპირი წვდომა სატელეფონო მოსმენებზე - შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებს. პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტმა მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა მიიღოს ელექტრონულ კომუნიკაციათა კომპანიების მეშვეობით განხორციელებული საუბრების ჩანაწერების მოპოვების წესი. კერძო კომპანიებისათვის ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომის გადაცემას ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტრო ეწინააღმდეგება.

დიდი იმედი გვაქვს, რომ კომისიის დასკვნითაც „გასაღები“ გადავა კერძო კომპანიების ხელში, თუმცა თუკი ასე არ მოხდება, მაშინ ჩვენ ისღა დაგვრჩენია კვლავ გავაგრძელოთ კამპანია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ!..
გიორგი გოცირიძე

საქათველოს პარლამენტის წევრთა ნაწილი და კამპანიაში „ისევ გვისმენენ“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, მობილურ ოპერატორებს უნდა ჰქონდეთ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელ გიორგი გოცირიძის თქმით, ასეთი პრაქტიკაა განვითარებული დემოკრატიის ბევრ ქვეყანაში.

„ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობაში მიყურადების „გასაღები“ არის კერძო საკომუნიკაციო კომპანიების ხელში და, შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობის დახვეწისას ეს მიდგომა უნდა იყოს გაზიარებული: კერძო საკომუნიკაციო კომპანიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ სამართალდამცავებს მისცენ კომუნიკაციაზე წვდომა, როცა წარუდგენენ სასამართლოს განჩინებას, ან, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება იყოს პროკურორის დადგენილება, ანუ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჰქონდეს სამართალდამცავ ორგანოებს წვდომა სატელეფონო საუბრებზე“, უთხრა გიორგი გოცირიძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა პირველი მოსმენით განხილვისას, რომელიც მიმდინარე წლის მაისში შედგა, პარლამენტმა სატელეფონო საუბრების ჩანაწერების მოპოვების არსებული წესი დროებით უცვლელად დატოვა. არადა, მასშტაბური ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში. სატელეფონო საუბრების ჩანაწერების მოპოვების წესი არც 30 ივლისს, კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით განხილვისას, შეცვლილა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიწვეული შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ამბობს:

ლევან იზორია
ლევან იზორია

„გადაწყდა, რომ 1 ნოემბრამდე უნდა მოხდეს ამ საკითხზე მსჯელობა. შეიქმნება კომისია და, შესაბამისად, ყველას (შსს-ს, ექსპერტებს, დეპუტატებს და ა.შ.) ექნება მსჯელობის, განხილვის შესაძლებლობა და საბოლოო გადაწყვეტილებაც ძალიან დაბალანსებული იქნება. ჩვენი პოზიცია ასეთია: ერთგვარ საფრთხეს ვხედავთ იმაში, რომ მხოლოდ პროვაიდერებში, ანუ კერძო კომპანიებში, იყოს ე.წ. ‘გასაღები’“.

ლევან იზორია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ახალმა რეგულაციამ, სათანადო გათვლების გარეშე, შესაძლოა ზიანი მიაყენოს ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებას, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ საფრთხის შემცველია სწორედაც რომ ფარული მოსმენების მოქმედი პრაქტიკა. საპარლამენტო უმცირესობის წევრ ტარიელ ლონდარიძის თქმით, საჭიროა როგორც ცვლილებების მომხრე დუპუტატების კონსოლიდაცია, ასევე სპეციალური საპარლამენტო კომისიის ეფექტიანი ამუშავება:

„ამ დროისთვის კომისია შექმნილი არ არის და არ მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და, შესაბამისად, კანონმდებლობაში ეს ცვლილება არ არის შეტანილი, რაც წარმოქმნის გარკვეულ პრობლემებს და კვლავაც რჩება შეკითხვები მოსმენებთან დაკავშირებით, ანუ კვლავ ექნება შეუზღუდავი წვდომა მოქალაქეთა საუბრებზე შს სამინისტროს“.

შედარებით ოპტიმისტურად არის განწყობილი ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია:

თამარ კორძაია
თამარ კორძაია

„კანონმა განსაზღვრა პრიორიტეტად ის, რომ შს სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებს არავითარ შემთხვევაში შეუზღუდავი წვდომა არ ექნებათ პერსონალურ მონაცემებთან და საკომუნიკაციო საშუალებებთან, მაგრამ ამ გარდამავალი ეტაპისათვის კომისია თუ შექმნის მისაღებ მოდელს, ძალიან კარგი იქნება, თუ არადა გარდამავალი დებულებები ძალას რომ დაკარგავს, ავტომატურად „გასაღები“ გადავა მობილური ოპერატორების ხელში“.

გარდამავალ ეტაპზე, ანუ 1 ნოემბრამდე, იმოქმედებს პარლამენტის მიერ შექმნილი კომისია, რომელშიც უცხოეთიდან მოწვეული მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტებიც იმუშავებენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე იმედოვნებს, რომ კომისია პარლამენტს შესთავაზებს მკაფიო რეგულაციას პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის როგორც მოპოვების, ისე მათი შენახვისა და განადგურების კუთხით.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ კომისიის დასკვნითაც „გასაღები“ გადავა კერძო კომპანიების ხელში, თუმცა თუკი ასე არ მოხდება, მაშინ ჩვენ ისღა დაგვრჩენია კვლავ გავაგრძელოთ კამპანია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ!“ და სხვა სახის აქტიურობა, რათა ფარული მოსმენების „გასაღები“ გადავიდეს კერძო კომპანიების ხელში“, უთხრა გიორგი გოცირიძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG