Accessibility links

logo-print

ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტის გარშემო დავა და დისკუსია არ წყდება. მეტიც, გაიზარდა იმ კანონპროექტების რაოდენობა, რომელიც ე.წ. გასაღების საკითხს ეხება. ამჯერად ერთის ნაცვლად საკანონმდებლო ორგანოში სამი კანონპროექტის განხილვა მოუწევთ. ვის ხელში უნდა იყოს გასაღები და, საერთოდ, რამდენი გასაღები უნდა იყოს? ეს ის კითხვებია, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად ისმის როგორც კანონპროექტზე მომუშავეთა წრეებში, ისე ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანების მხრიდან. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თუ სასამართლო და კავშირგაბმულობის ოპერატორი კომპანიები? ან იქნებ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია? - ეს ის უწყებებია, რომლებსაც სამი სხვადასხვა კანონპროექტის ავტორები გასაღების შესაძლო მფლობელებად ასახელებენ.

ერთ-ერთი კანონპროექტი, რომელიც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა უნდა განიხილოს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილსა და გედევან ფოფხაძეს ეკუთვნით. სწორედ მათ მიერ დაჩქარებულ ვადებში შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, უნდა დარჩეს კვლავაც შსს-ს ხელში ფარული მოსმენების ერთი გასაღები, მეორე გასაღები კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა, თუმცა მოსმენის უფლებას სასამართლო გასცემს. კანონპროექტის არსს მისი ერთ-ერთი ავტორი, ეკა ბესელია, განმარტავს:

„ორი გასაღების მოდელი იქნება შეთავაზებული - შსს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, მაგრამ პრინციპი არის ის, რომ ორივეს ერთდროულად და ერთმანეთის გარეშე, იმავდროულად, არ ჰქონდეთ შესაძლებლობა ამ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისა. სასამართლო იქნება ამ ყველაფერში მთავარი ინსტიტუცია, რომელიც გასცემს მიყურადების ნებართვას“.

ლაშა ტუღუში

ლაშა ტუღუში

„ძალოვანი უწყების ხელში რომ არ უნდა იყოს ე.წ. გასაღები, ეს ცალსახაა“, - ასე ფიქრობს ლაშა ტუღუში, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი და ფარული მიყურადების შესახებ დაწერილი სამი კანონპროექტიდან ერთ-ერთ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრი. მისი სიტყვებით, შსს-ს ხელში გასაღების დატოვების მსურველი თავად შსს-ა და ამ უწყების სურვილს უმრავლესობის დეპუტატები ფორმალურად ახმოვანებენ:

„გასაგებია, რომ შსს-ს ეს სურვილი აქვს და გასაგებია, რომ მას არ სურს ამ ბერკეტის დათმობა. მე მიმაჩნია, რომ გასაღები არ უნდა დარჩეს შსს-ს ხელში, რადგან ამ შემთხვევაში მათ ხელში ეს ბერკეტები არის ძალიან დიდი რისკი და ძალიან დიდი საფრთხე, რომ დაირღვევა ადამიანის უფლებები და დაირღვევა მასობრივი სახით“.

ლაშას მსგავსად ფიქრობს ეკა გიგაურიც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი და არასამთავრობო სექტორის მიერ შემუშავებული ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტის კიდევ ერთი ავტორი. მათ მიერ შექმნილი კანონპროექტის თანახმად, აუცილებლად უნდა ამუშავდეს ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, თუმცა ერთი გასაღები უნდა იყოს სასამართლოს ხელში, მეორეს კი კავშირგაბმულობის ოპერატორი კომპანიები უნდა ფლობდნენ. ეკა გიგაურის თქმით, ახალი კანონპროექტების გაჩენა მეტყველებს იმაზე, რომ ამ საკითხზე ხედვის ჩამოყალიბებას, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას და სცენარზე შეთანხმებას არ სჭირდებოდა დიდი დრო და გადაწყვეტილების მისაღებად სულაც არ იყო ის ექვსთვიანი ვადა საჭირო, რომელიც უმრავლესობამ გასული თვის ბოლოს მოითხოვა, რამაც შექმნა საშიშროება, რომ ფარული მიყურადების გასაღები კიდევ ექვსი თვით შსს-ს ხელში დარჩენილიყო.

ორი გასაღებია თუ სამი გასაღები, ისინი უნდა არსებობდნენ ისეთ ხელში, რომელსაც შეეძლება რეალურად დააბალანსოს სისტემა და გამორიცხოს ამგვარი საშუალების ბოროტად გამოყენება...

რაც შეეხება თავად უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ შეთავაზებულ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც, ერთი გასაღები შსს-ს ხელში უნდა დარჩეს და მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა გადაეცეს, ამ ვარიანტთან დაკავშირებით, ეკა გიგაურს რამდენიმე კითხვა აქვს:

„პირველი კითხვაა: რატომ ვუტოვებთ გასაღებს შსს-ს? მეორე კითხვა შეეხება იმას, თუ რატომ გადავცემთ გასაღებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რადგან ინსპექტორის მთავარი ფუნქცია არის ის, რომ მან უნდა შეამოწმოს სხვა უწყებები როგორ იცავენ პერსონალურ მონაცემებს და ხომ არ არღვევენ კანონს. შესაბამისად, ამ ფუნქციის მასთან გადატანა ნიშნავს იმას, რომ მისი შემმოწმებელი ორგანოც უნდა დავნიშნოთ. მაშინ ის უკვე შემსრულებელი ხდება ამ ყველაფრის და, შესაბამისად, მასზეც უნდა განხორციელდეს მონიტორინგი და გაუგებარია, რა მექანიზმებით აპირებენ ისინი ამის გაკეთებას“.

თავის მხრივ, უმრავლესობას აქვს კითხვები და პრეტენზია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან და ისინი კავშირგაბმულობის ოპერატორი კომპანიებისთვის გასაღების გადაცემის წინააღმდეგ გამოდიან. მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ მობილური ოპერატორები უცხო ქვეყნის კომპანიები არიან და მათ ხელში გასაღების არსებობა საფრთხის შემცველია.

საკანონმდებლო ორგანომ უნდა განიხილოს ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტის კიდევ ერთი ვარიანტი. ის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს ეკუთვნის. მის მიერ შექმნილი კანონპროექტის თანახმად, ფარული მოსმენების "გასაღები" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში გადადის. სწორედ კომუნიკაციების კომისიაში იქნება დაცული ელექტრონული კომუნიკაციების ე.წ. მაიდენტიფიცირებელი მონაცემებიც. ამავე პროექტის მიხედვით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ღიად რჩება საკითხი მეორე "გასაღებთან" დაკავშირებით.

ისევე როგორც მისი სხვა კოლეგები, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძეც, თვლის, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები, რათა ფარული მოსმენის სისტემა არ დარჩეს ისეთივე მანკიერი, როგორიც წლების განმავლობაში იყო.

„ორი გასაღებია თუ სამი გასაღები, ისინი უნდა არსებობდნენ ისეთ ხელში, რომელსაც შეეძლება რეალურად დააბალანსოს სისტემა და გამორიცხოს ამგვარი საშუალების ბოროტად გამოყენება“, - ამბობს გიორგი ბარამიძე.

რიჩარდ ნორლანდი

რიჩარდ ნორლანდი

ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტების გარშემო შექმნილ დისკუსიას 19 ნოემბერს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი. მისი განცხადებით, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვის ხელში იქნება ე.წ. გასაღები, არამედ ის, არსებობს თუ არა დამოუკიდებელი დამცავი საშუალებები, რათა ის მიზნობრივად იქნეს გამოყენებული.

გასული თვის ბოლო დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო იმ ცვლილებებს ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონში, რომელიც პარლამენტმა 30 ოქტომბერს შეიტანა და რომლის თანახმადაც შსს-ს მომავალი წლის თებერვლამდე გაუხანგრძლივდა კანონიერი ფარული მიყურადების უფლება. იმავე დღეს კი, რამდენიმე საათში, გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, ნაცვლად მომავალი წლის 28 თებერვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონიერი ფარული მიყურადების უფლება პირველ დეკემბრამდე უნარჩუნდება. კანონპროექტების განხილვა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფს უმოკლეს დროში მოუწევს. საკანონმდებლო ორგანომ პირველ დეკემბრამდე უნდა გაარკვიოს და დაამტკიცოს, ვის დარჩება გასაღები ფარული მიყურადების შესახებ.

XS
SM
MD
LG