Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჯის საათი სტალინის გამოსახულებით და მონუმენტის დადგმის საკითხი გორში


ფაშიზმზე გამარჯვების დღე გორში
ფაშიზმზე გამარჯვების დღე გორში
საბრძოლო დიდების მუზეუმთან „გაფრინდი, შავო მერცხალო“ გაისმა. ამ სიმღერის გაგონებაზე რამდენიმე ვეტერანმა თვალებზე ცრემლი მოიწმინდა და ერთმანეთს გადაულაპარაკა, ეს სიმღერა სტალინს უყვარდაო. ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავს გორის რაიონში 89 ვეტერანი შეხვდა. ადგილობრივმა და ცენტრალურმა მთავრობამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები უსაჩუქროდ არ დატოვა: მათ მაჯის საათები გადაეცათ, სტალინის გამოსახულებით. სტალინი მოგვპარესო, გულისტკივილით ჩაილაპარაკა გიორგი მამულაშვილმა, რომელიც 68 წლის წინ ბელორუსიის პირველ ფრონტზე იბრძოდა.

98 წლის იაკობ ცაბაძეს, ფინეთის ომიდან დაწყებული, ყველაფერი ახსოვს. მისი აზრით, ადრე უფრო დაფასებულები იყვნენ ომის ვეტერანები, დღეს კი ქვეყანაში ქაოსია და ომის მონაწილეებისთვის ვეღარ იცლიან.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ მიულოცა. მისი თქმით, მთავრობის განკარგულებით, ომის ვეტერანებს, დახმარების სახით, 200-200 ლარი გადაეცემათ.
მაჯის საათი სტალინის გამოსახულებით
მაჯის საათი სტალინის გამოსახულებით

გორელმა ვეტერანებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ქალაქში სტალინის მონუმენტის დადგმა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მონუმენტის მუზეუმის ტერიტორიაზე დადგმის ხარჯები მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია და ეს შეიძლება 21 დეკემბრამდე, სტალინის დაბადების დღემდე, მოესწროს. გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი კი აცხადებს, რომ ძეგლის დადგმის საკითხი ხელისუფლებისა და საზოგადოების შეთანხმებით უნდა გადაწყდეს.

ღონისძიების დასასრულს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ომის ვეტერანები რესტორანში სადილზე დაპატიჟა.
XS
SM
MD
LG