Accessibility links

logo-print

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ჩატარებული გამოკვლევა „მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობაში“ უჩვენებს, რომ სოფლის მოსახლეობის პასიურობა და საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ არაინფორმირებულობა ხელს უშლის მათ თანამშრომლობას თვითმმართველობასთან. ათი სოფლის 186 გამოკითხული მცხოვრებიდან უმრავლესობა ამბობს, რომ ვერ გრძნობს საკუთარი გადაწყვეტილების საჭიროებას ან ვერ წარმოუდგენია მის მიერ დაყენებული საკითხი ვინმემ პრიორიტეტულად მიიჩნიოს და მისი აზრიც გაითვალისწინონ. გამოკვლევის თანახმად, თემი აქტიურია მხოლოდ იმ სოფლებში, სადაც სათემო, საერთაშორისო და რომელიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია მუშაობს, მაგრამ ასეთი სოფლების რიცხვი ძალიან მცირეა.

„ჩვენი სოფელი სასაზღვროა. არც კი ვიცი, როგორ ვილაპარაკო. მე რომ ვაქტიურობ, სხვები მეუბნებიან, მაინც არა აქვს აზრი, ჯობს გაჩუმდე, თორემ პრობლემებს შეგიქმნიანო. საიდან აქვთ ასეთი დამოკიდებულება, არ ვიცი, მაგრამ აქვთ. დიდი დროა საჭირო, რომ საპირისპიროში დაარწმუნო“, - ამბობს სოფელ განმუხურის მკვიდრი, ერთ- ერთი იმ 186 ადამიანიდან, რომელთაც ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევაში მიიღეს მონაწილეობა და რომელთაც ჰკითხეს, თუ როგორი უნდა იყოს თვითმმართველობაში საზოგადოების ჩართულობა.

კვლევა საქართველოს რვა მუნიციპალიტეტის ათ სოფელში (ტირძნისი, კარალეთი, წინწყარო, ორსანტია, დვაბზუ, სანიორე, ლელიანი, კოკი, ზუგდიდი, ანაკლია) ჩატარდა და, როგორც ითქვა, მისი მიზანი იყო მოესმინათ ადგილობრივი მოსახლეობის შეფასება ადგილობრივ თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის მზაობის შესახებ, გამოერკვიათ რამდენად აქტიურად მონაწილეობს ხალხი ადგილობრივი პრობლემების მოგვარების პროცესში, როგორ აფასებენ სოფელში საზოგადოებრივი საბჭოს არსებობის იდეას, როგორია მათი დამოკიდებულება, მაგალითად, სოფლის საერთო ქონების მიმართ და ა.შ.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატთან თანამშრომლობის მაგალითები პრაქტიკულად არ არსებობს, ზოგან საერთოდ არ იციან, ვინ არის მათი დეპუტატი...

„გამოყენებითი კვლევების კომპანიის“ წარმომადგენელ ხათუნა ნაჭყებიას განცხადებით, გამოკვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის აქტიურობა მათივე სოფლის პრობლემების გადაჭრის საქმეში საშუალოზე დაბალია. თემის ჩართულობა წარმატებულად მხოლოდ იმ სოფლებში ხორციელდება, სადაც სოფლის რწმუნებული მოსახლეობასთან თანამშრომლობს, ხვდება და მათ აზრსაც ითვალისწინებს, თუმცა ეს წარმატებული პრაქტიკა სოფლებში საკმაოდ იშვიათია. სოფლების უმრავლესობაში ყველაზე გავრცელებული ტენდენციის თანახმად, თემი პასიურია და უკმაყოფილების ხარისხი - მაღალი.

„მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატთან თანამშრომლობის მაგალითები პრაქტიკულად არ არსებობს, ზოგან საერთოდ არ იციან, ვინ არის მათი დეპუტატი. რწმუნებული არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ გამგებლის დავალებებს ასრულებს და თემთან არა აქვს არანაირი თანამშრომლობა და ა.შ.“.

თემი ფიქრობს, რომ თუ აქტიური იქნება, მას ინტრიგანად ჩათვლიან, ეშინიათ, რომ მათ ამ აქტიურობისათვის დასჯიან...

სადაც ხალხსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა სუსტია, სოფლის კრებების ჩატარების ადგილსა და დროს სოფელში იმ დროს იგებენ, როცა ასეთი შეკრებები უკვე დანიშნულია. ამ მიზეზით კი, სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა ხშირად მისთვის უმნიშვნელოვანესი თემის განხილვას გამოაკლდება ხოლმე. ხალხის აზრით, ხშირად ასეთ შეხვედრებს იმის გამო არ ასაჯაროებენ, რომ ხალხი არ მივიდეს და ესა თუ ის გადაწყვეტილება მათ გარეშე, უხმაუროდ მიიღონ. გამოკვლევის ავტორები ასევე შენიშნავენ, რომ ხალხის პასიურობის მაჩვენებელი სხვადასხვა სოფელში იცვლება ხოლმე, თუმცა სოფლების უმრავლესობაში ეს პრობლემა დღემდე დგას. ხალხი არ არის ინფორმირებული - მათ არ იციან როგორ დასვან პრობლემა, როგორ გაერთიანდნენ მის გადასაწყვეტად და როგორ მიაწოდონ ის თვიმმართველობას:

„თემი ფიქრობს, რომ თუ აქტიური იქნება, მას ინტრიგანად ჩათვლიან, ეშინიათ, რომ მათ ამ აქტიურობისათვის დასჯიან - მაგალითად, ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ ადამიანებს, მათ ახლობლებს გაათავისუფლებენ და სხვა“.

სოფელ წინწყაროს ერთი მცხოვრები ამბობს: „ როგორც წესი, როცა მოსახლეობა რაიმე კითხვით მიმართავს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არაარგუმენტირებულ და აგდებულ პასუხს იღებენ. მაგალითად, წყალი არ არის იმიტომ, რომ წვიმა არ მოდის ან გვალვაა, ან ყინავს“. სოფელ ნაფარეულის მკვიდრი კი წუხს,“ რწმენა აქვს ხალხს დაკარგული, ნდობა აღარ აქვთ, მაინც არაფერი გამოვა და თავი რატომ აიტკიონ?“

თუმცა გვხვდება მოსახლეობის აქტიურობის წარმატებული მაგალითებიც. სოფელ ტირძნისში ბოლო ერთი წელია ხალხის გარკვეული ნაწილი გააქტიურდა, თუმცა ამას ხელი ერთ-ერთი ფონდის მიერ ინიცირებულმა პროექტმა და თემში არსებულმა არასახარბიელო სოციალურმა ფონმა შეუწყო.

პროცესში დარგობრივი სამინისტროების დაბალი ჩართულობა ან რიგი სამინისტროების ოპონირება რეფორმის ავტორებთან პროცესის დასაწყისშივე. ასევე ნეგატიურად შეფასდა რეფორმის ავტორების ამბიციური მიზანი - ბევრი საკითხის სწრაფად და ერთდროულად გადაწყვეტა, თავად რეფორმის ავტორთა გუნდის პოლიტიკური გამოუცდელობაც დასახელდა...

„აქტიურობამ, „თვითდახმარების ჯგუფებში“ გაერთიანებამ ჩვენ თვითონ შეგვცვალა. ბევრი რამ უკეთ დავინახეთ, კერძოდ, ის, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მოსახლეობას აქტიურობამ. ჩვენ ვისწავლეთ როგორ დავამყაროთ ურთიერთობა ადგილობივ ხელისუფლებასთან“, - ამბობს ტირძნისის ერთ-ერთი მცხოვრები.

საინტერესოა ისიც, რომ გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის საბჭოს შექმნის იდეას მიესალმება. ხათუნა ნაჭყებიას აზრით, ზოგიერთი ხსნას სწორედ ასეთი საბჭოს შექმნაში ხედავს, ოღონდ ხალხი მიიჩნევს, რომ ამ საბჭოს თავისი ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს, რომ, სულ ცოტა, განცხადების ამობეჭდვის ან ტრანსპორტირების ხარჯების პრობლემა არ შეექმნას და, რაც მთავარია, გამოიკვეთა აზრი, რომ მასში ერთი და იგივე ადამიანები არ უნდა შედიოდნენ დიდხანს, რომ ზედმეტად არ დაუახლოვდნენ ხელისუფლებას.

თვითმმართველობაში ჩართულობის შესახებ ხალხის მოსაზრებების პარალელურად, 5 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე შეკრებილმა საზოგადოებამ მოისმინა „რეგიონის განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც, კერძოდ, იმის თაობაზე, თუ როგორ აფასებენ ამ კუთხით თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობას თვითმმართველობის ექსპერტები (გია ჟორჟოლიანი, თენგიზ შერგელაშვილი, გიორგი ტოკლიკიშვილი, ვაჟა სალამაძე, გიორგი მესხიძე, დავით მელუა, დავით ლოსაბერიძე, ალექსანდრე სვანიშვილი, ირაკლი კობახიძე). ცენტრის წარმომადგენელ ლიზი სოფრომაძის თქმით, კვლევაში მონაწილე ექსპერტები დადებითად აფასებენ კანონზე მუშაობის პროცესს და ამბობენ, რომ რეფორმა ზოგადად სწორად დაიწყო, თუმცა იყო და რჩება ნაკლოვანებებიც:

„მაგალითად, პროცესში დარგობრივი სამინისტროების დაბალი ჩართულობა ან რიგი სამინისტროების ოპონირება რეფორმის ავტორებთან პროცესის დასაწყისშივე. ასევე ნეგატიურად შეფასდა რეფორმის ავტორების ამბიციური მიზანი - ბევრი საკითხის სწრაფად და ერთდროულად გადაწყვეტა, თავად რეფორმის ავტორთა გუნდის პოლიტიკური გამოუცდელობაც დასახელდა. ასევე თქვეს, რომ თვითმმართველობის სფეროში არ იყო სრული დიაგნოსტიკა ჩატარებული ყველა საკითხისა, რამაც, მათი აზრით, რეფორმას არასასურველი მიმართულება მისცა“.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ირაკლი კახიძის თქმით, თვითმმართველობის კოდექსის მიღების შემდეგ პირველი ცვლილება შვიდი ქალაქისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაბრუნება იყო, თუმცა მთავრობას წინ აქვს გარდამავალი დებულებებით დაკისრებული სხვა არაერთი ვალდებულება, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა შესრულდეს. მათ შორისაა სწორედ ადგილობრივ თვითმმარველობაში მოსახლეობის მეტად ჩართულობის საკითხიც.

ირაკლი კახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ასევე განუცხადა, რომ მზად არის მათთან სათანამშრომლოდ და მათგან დამატებით რეკომენდაციებს დაელოდება.

XS
SM
MD
LG