Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატარა საქართველო ავღანეთში


ქართველი ჯარისკაცები ნატოს საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე ქართულ სალოცავში
ქართველი ჯარისკაცები ნატოს საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე ქართულ სალოცავში

დღევანდელი ჩვენი სიუჟეტი მომზადდა ავღანეთში ჩვენი ერთკვირიანი მივლინების განმავლობაში და მთლიანად ეძღვნება ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მყოფ ქართველ სამხედროებს, კაცებს და ქალებს, მათ რთულ, სახიფათო, მრავალფეროვან და მრავალწლიან სამშვიდობო მისიას, რომელიც 7 წლის განმავლობაში 15 ათასმა ქართველმა სამხედრომ გაიარა.

საქართველოდან ავღანეთში გაგზავნილი 861 სამხედრო მოსამსახურე ქაბულის, ბაგრამისა და მაზარ-ი-შარიფის მრავალეროვნულ ბაზებზეა გადანაწილებული.

ნატოს მთავარი შტაბი და მისი ქართული დაცვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების 42-ე ბატალიონის „ალფას“ ასეულს ქაბულის მწვანე ზონაში მდებარე ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მთავარი შტაბისა და აქ ჩასული სტუმრების - როგორც ამერიკელმა ოფიცერმა უწოდა, ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრების -დაცვა ევალება.

ამ ბასტიონს რამდენიმე ფენად აქვს შემოვლებული ბეტონის ფილებით აგებული მაღალი გალავანი, რომელმაც, თვითმკვლელი მოიერიშის თავდასხმის შემთხვევაში, 900 კილოგრამამდე ტროტილის ეკვივალენტის აფეთქებას უნდა გაუძლოს.

დაბრკოლების ზოლი
please wait

No media source currently available

0:00 1:00:00 0:00

სხვათა შორის, 20 აპრილს ნატოს მთავარი შტაბიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომანქანით მოაწყო მძლავრი აფეთქება, რომელსაც, სულ ცოტა, 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

თამარ კიკნაძე, კახა შპეტიშვილი
თამარ კიკნაძე, კახა შპეტიშვილი

​„ჩვენი სათვალთვალო კოშკიდან ვხედავდი, მაშველებს ნანგრევებიდან როგორ გამოჰყავდათ დაჭრილები, როგორ აგროვებდნენ დახოცილთა სხეულის ნაწილებს. ჩვენმა მებრძოლებმა სასწრაფოდ გააძლიერეს დაცვა შტაბის გარე პერიმეტრზე“, – მიყვება საქართველოს შეიარაღებული ძალების 42-ე ბატალიონის „ალფას“ ასეულის მეთაური, კაპიტანი კახა შპეტიშვილი.

სერჟანტი, 200-ზე მეტი პატრულის სტაჟით

თუმცა ოპერატიული ვითარება და, შესაბამისად, ამოცანებიც განსხვავებული აღმოჩნდა ბაგრამში მდებარე ნატოს კოალიციური ძალების მთავარ საავიაციო ბაზაში, სადაც სრული შემადგენლობით იმყოფება შეიარაღებული ძალების 52-ე ბატალიონი, ანუ ხუთასი ჯარისკაცი. ქვედანაყოფის 50 პროცენტი სამშვიდობო მისიით ორ-სამჯერ არის ნამყოფი.

ლევან მალიაშვილი
ლევან მალიაშვილი

სერჟანტ ლევან მალიაშვილისათვის კი აპრილიდან მეოთხე მისია დაიწყო. გამოცდილი სამხედროს ნამსახურების ნუსხაშია 230-მდე ბაზისგარე საბრძოლო პატრულში მონაწილეობა. ჯარისკაცი ოცნებობს იმ დროზე, როდესაც საერთაშორისო კოალიციაც ისე დადგება საქართველოს გვერდით, როგორც ქართველი ჯარისკაცები დგანან მათ გვერდით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში.

რატომ იზიდავს ექსტრემისტებს ბაგრამის ბაზა

გასული საუკუნის 80-იან წლებში, ჯერ კიდევ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში აგებული საავიაციო ბაზა 2001 წლიდან ამერიკის სარდლობით მოქმედმა ნატოს კოალიციამ კიდევ უფრო გააფართოვა, უზრუნველყო ულტრათანამედროვე ლოგისტიკით, აღჭურვა დაზვერვის რადარული, მიწისზედა და საჰაერო (დირიჟაბლების) სისტემით, შემოავლო 800 კილოგრამი ტროტილის აფეთქებაზე გათვლილი რკინა-ბეტონის კედლები და 25 კილომეტრი რადიუსის მქონე ტერიტორია, სადაც 20 ათასზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი მსახურობს, კოალიციური ძალების მთავარ საავიაციო ბასტიონად აქცია. სხვათა შორის, სწორედ ბაგრამის ბაზაზე მდებარეობს საიდუმლო ციხე, რომელშიც საშიში დამნაშავეები, ტერაქტებში ბრალდებული ექსტრემისტები და მათთან კავშირში ეჭვმიტანილი პირები არიან იზოლირებული.

ჩვენი სათვალთვალო კოშკიდან ვხედავდი, მაშველებს ნანგრევებიდან როგორ გამოჰყავდათ დაჭრილები, როგორ აგროვებდნენ დახოცილთა სხეულის ნაწილებს. ჩვენმა მებრძოლებმა სასწრაფოდ გააძლიერეს დაცვა შტაბის გარე პერიმეტრზე...
კახა შპეტიშვილი

შესაბამისად, თალიბანის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეც სწორედ ბაგრამის ბაზა და მასზე განლაგებული ნატოს სამხედრო ავიაციაა. ჩინური თუ რუსული წარმოების ყუმბარები, რომლებსაც ექსტრემისტები თვითნაკეთი დანადგარებიდან უშენენ, ბაგრამის ბაზას პრაქტიკულად არანაირ ზიანს არ აყენებს. მაგრამ ბაზისგარე პატრულირების დროს მახლობლად მდებარე ბაღებში ექსტრემისტები ხშირად აწყობენ ჩასაფრებებს, უშენენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ცეცხლს სამხედრო პატრულს. სწორედ ასეთი ჩასაფრების დროს დაიღუპა 2015 წლის სექტემბერში რიგითი ყულჯანიშვილი, მეტსახელად „სმაილა“, რომელიც დაჭრილი თანამებრძოლის, სერჟანტ როსტბაიას გადარჩენას ცდილობდა.

ნატოს საავიაციო ბაზაზე ქართული ქვედანაყოფის შტაბის წინ კი დარჩა მემორიალური ქვა, წარწერით. „ვასილ ყულჯანიშვილმა თავი გაწირა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და ამით უკვდავყო საკუთარი სახელი“, - გვამცნობს მარმარილოს სადა ქვაზე ინგლისურად გაკეთებული წარწერა. ასეთი მემორიალებით მოფენილია არა მხოლოდ ბაგრამის, არამედ ნატოს კოალიციური ძალების ქაბულის, მაზარ-ი-შარიფის, ჰერათის, ლაგრამისა და ყუნდუზის ბაზები. ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი (ISAF) თუ „მტკიცე მხარდაჭერის“ (RSM) მისიების განმავლობაში მრავალეროვნულმა ძალებმა 4 000-მდე ჯარისკაცი დაკარგეს.

კახა გაზდელიანი
კახა გაზდელიანი

გასული წლის დეკემბერში თალიბანის ალყაში აღმოჩნდა ამერიკული სამხედრო პატრული. ბაგრამის საავიაციო ბაზიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მოძრავ კოლონას თავს დაესხა თვითმკვლელი. რამდენიმე ამერიკელი სამხედრო ადგილზე დაიღუპა. იყო საშიშროება, რომ დაჭრილებს იერიშზე გადასული თალიბები დახოცავდნენ. ბაგრამის საავიაციო ბაზის ხელმძღვანელობამ შემთხვევის ადგილისაკენ გასვლა საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ჯგუფს დაავალა, გვიამბობს ამ ჯგუფის სამხედრო თარჯიმანი, უმცროსი სერჟანტი კახა გაზდელიანი.

კახა გაზდელიანთან ინტერვიუ ბაგრამში იმ დროს ჩავწერეთ, როდესაც ის და მისი თანამებრძოლები სამშობლოში გამგზავრების წინ, სამხედრო თვითმფრინავის მოლოდინში, ბოლო წუთებს ითვლიდნენ.

მანუჩარ ბარბაქაძე
მანუჩარ ბარბაქაძე

ეროვნული გვარდიელების ჯგუფთან ერთად, 29 აპრილს, ავღანეთში 7 თვის მისიის დასრულების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი. როტაციის დასრულებას რამდენიმე დღე დასჭირდა. ბოლო ასეულთან ერთად სულ ბოლოს ავღანეთი დატოვა ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მანუჩარ ბარბაქაძემ.

ქართველი მედდები ბაგრამის ბაზაზე

ამჯერად ბაგრამში, როგორც ზემოთ ითქვა, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში სამშვიდობო მისიას 52-ე ბატალიონი ასრულებს. ქვედანაყოფში რამდენიმე ქალი მსახურობს. მათ შორის არის სამხედრო მედდა, სვეტლანა ლაფაჩი, რომელიც ქართული შტაბის მახლობლად მდებარე მცირე სამედიცინო პუნქტში მუშაობს თავის კოლეგებთან ერთად.

სვეტლანა ლაფაჩი
სვეტლანა ლაფაჩი

ეს ახალგაზრდა ქალი სამი ჯარისკაცის დედაა. ხოლო მისი უფროსი შვილი, თავის ქვედანაყოფთან ერთად, ზუსტად ერთი თვის წინ დაბრუნდა შინ ავღანეთიდან. ფაქტობრივად, დედამ შვილი ჩაანაცვლა ბრძოლის ველზე.

სვეტლანა ლაფაჩთან ერთად ბაგრამის ბაზაზე მდებარე ქართული ქვედანაყოფის პოლიკლინიკაში შევხვდი კიდევ ერთ სამხედრო ქალს, კაპიტან მაკა ყურფარაშვილს, რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკაში ღებულობს პაციენტებს და ორი კვირის განმავლობაში უკვე 60-ზე მეტ ქართველ ჯარისკაცს თუ ბაზაზე დასაქმებულ ადგილობრივ ავღანელს ჩაუტარა მკურნალობა.

მაკა ყურფარაშვილი
მაკა ყურფარაშვილი

ჩვენი საუბრიდან რამდენიმე საათში მაკა გაეშურა ბაგრამის ბაზაზე ქართველი ჯარისკაცების ხელით აშენებულ წმინდა გიორგის სახელობის მართლმადიდებელ ეკლესიაში, რათა სააღდგომო წირვის ჩატარებაში დახმარებოდა ქვედანაყოფის სამხედრო მოძღვარს მამა ზაქარიას.

გენერალ კაპანაძის მისია

30 აპრილია, საღამოს 7 საათი. ქაბულიდან პოლკოვნიკ ალექსანდრე კიკნაძისაგან ვღებულობთ ცნობას, რომ ამ დღესასწაულის მოსალოცად ჩამოვიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც თავად დაესწრება წირვასა და ლიტანიობას ქართულ ეკლესიაში. სხვათა შორის, აღდგომას დაემთხვა საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების 25-ე წლისთავი.

ვახტანგ კაპანაძე
ვახტანგ კაპანაძე

გენერალი ვახტანგ კაპანაძე, დელეგაციასთან ერთად, სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ქაბულში, ბაგრამსა და მაზარ-ი-შარიფში, სადაც სამი ქართული ქვედანაყოფი ასრულებს სამშვიდობო მისიას. გენერალი კაპანაძე ბაგრამში, სადაც ყველაზე მეტი, 500 ქართველი ჯარისკაცი იმყოფება, 30 აპრილს დაესწრო სააღდგომო წირვას.

დრო ვიხელთე და გენერალს ვთხოვე შეეფასებინა უსაფრთხოების გარემო ავღანეთში, სადაც პატარა საქართველოს ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს აშშ-ის შემდეგ, რაც, ზოგიერთი პროდასავლელი მიმომხილველის თვალში, ზედმეტად ექსტრავაგანტურ ნაბიჯად აღიქმება.

სამხედრო მოძღვარი ბაგრამის ბაზაზე

სამხედრო მოძღვარი აპრილის დასაწყისში ჩამოჰყვა საქართველოს შეიარაღებული ძალების 52-ე ბატალიონს, რომელიც ნატოს ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობს. მამა ზაქარია ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს ანაფორას ატარებს, ბაზის ტერიტორიაზე კი, ჩვეულებრივ, საველე სამხედრო ფორმა აცვია, რომელიც საკმაოდ უხდება. როგორც გაირკვა, ყოველდღიური ლოცვების გარდა, სამხედრო მოძღვარი ჯარისკაცებთან ერთად ვარჯიშობს, დარბის საშუალოდ 5-10 კილომეტრს და სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში, მათ შორის, ფეხბურთისა და კალათბურთის ამხანაგურ მატჩებშიც მონაწილეობს. სამხედრო მოძღვარი ფიქრობს, რომ ფიზიკური ვარჯიში და ღვთისმსახურება არათუ არ გამორიცხავს, არამედ ჰარმონიულად ავსებს ერთმანეთს.

სამხედრო მოძღვარი მამა ზაქარია
სამხედრო მოძღვარი მამა ზაქარია

მამა ზაქარიამ 30 აპრილს, შუაღამის 12 საათზე, სააღდგომო ლოცვა და ლიტანიობა ჩაატარა ნატოს საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე ქართულ სალოცავში, სადაც აღდგომის ღამით ანთებული სანთლებით ერთმანეთის გვერდით იდგნენ ქართველი, ამერიკელი, ჩეხი, სერბი და რუმინელი მართლმადიდებელი ჯარისკაცები.

ქართველმა სამხედრო მოძღვარმა სააღდგომო ლოცვის დროს, ტრადიციულად, მოიხსენია ყველა, 31-ვე, ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც სამშვიდობო მისიის დროს დაიღუპნენ ავღანეთის მიწაზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG