Accessibility links

logo-print

24 ნოემბერს შედგა პროექტის პრეზენტაცია, რომლის სახელწოდებაცაა „პატიმარ, პრობაციონერ და ყოფილ მსჯავრდებულ ქალთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა“. პარალელურად გაიმართა პატიმარი და ყოფილი მსჯავრდებული ქალების ნამუშევრების გამოფენაც. როგორი შედეგებით დასრულდა ორწლიანი პროექტი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა?

მაია სამნიძე, ყოფილი მსჯავრდებული, მერვე წელია თექაზე მუშაობს. თექის შესწავლა მან 8 წლის წინ თბილისში, ქალთა ნომერ მეხუთე დაწესებულებაში, დაიწყო. საპატიმროდან 2013 წელს ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა, თუმცა პროექტმა, რომელიც სწორედ 2013 წელს პატიმარ, ყოფილ მსჯავრდებულ და პრობაციონერ ქალთა რესოციალიზაციისთვის შეიქმნა, მას საშუალება მისცა აქტიურად გაეგრძელებინა თექაზე მუშაობა და დღეს მაიას ნამუშევრები მისი შემოსავლის წყაროა. მაია პროფესიით მხატვარია. სიამაყით მათვალიერებინებს პანოებს, რომლებიც მან შექმნა როგორც პატიმრობისას, ისე გათავისუფლების შემდეგ. კლიმტისა და დეგას რეპროდუქციები, თექასა და ზეთის საღებავებში შესრულებილი, დამთვალიერებლის ყურადღებას იპყრობს. მაიასთვის ეს ხელობა ერთგვარ ბიზნესად იქცა:

„ციხიდან რომ გამოვედი, გამოვიტანე ძალიან ბევრი ნამუშევარი. დღემდე ვმუშაობ შეკვეთებზე, ვაბარებ საგამოფენო სივრცეებში. მართალია, დიდი ოჯახი მაქვს, სამი შვილი მყავს და არც ერთი არ მუშაობს, მაგრამ ეს შემოსავალი მეტ-ნაკლებად მყოფნის“.

მაია სამნიძე

მაია სამნიძე

ორწლიანი პროექტი, რომლის დახმარებითაც მაიამ მცირე ბიზნესი წამოიწყო, 2013 წელს ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა. პროექტს ეწოდა „პატიმარ, პრობაციონერ და ყოფილ მსჯავრდებულ ქალთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა კანონმორჩილი ცხოვრებისათვის“ და ის, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ერთად, განახორციელა ორგანიზაციამ „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ და ასოციაციამ „ქალი და ბიზნესი“. ორი წლის მანძილზე პროექტში 1 500 პატიმარი, პრობაციონერი და ყოფილი მსჯავრდებული ქალი ჩაერთო. ამ ხნის განმავლობაში მათ საშუალება ჰქონდათ ხელოვნების სხვადასხვა დარგები შეესწავლათ და, ასევე, გაევლოთ სტილისტობის შემსწავლელი კურსები, კომპიუტერული სასწავლო პროგრამები, კოსმეტოლოგიის კურსები და სხვა. ცირა ჭანტურია, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 52 ყოფილი მსჯავრდებული ქალის მცირე ბიზნესინიციატივა, რომლის მთავარი მიზანიც იყო განმეორებითი რისკის შეცირება:

„ამ ქალებმა დაიწყეს მცირე საწარმოების მართვა. ამ ნამუშევრების რეალიზაციაში კი მათ ეხმარებათ ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“, რათა ქალებს ჰქონდეთ წვდომა ბაზარზე, სადაც ისინი შეძლებენ გაყიდონ თავიანთი ნამუშევრები. პროექტის დასრულების შემდეგაც გავაგრძელებთ მათ დახმარებას, რათა გააგრძელონ მცირე ბიზნესის წარმოება და მიღებული შემოსავლის გამოყენება იმისათვის, რომ კანონმორჩილი ცხოვრება გააგრძელონ და აღარ მოხდეს დანაშაულის განმეორება“.

ცირა ჭანტურია

ცირა ჭანტურია

ამასთანავე, 12 ყოფილი მსჯავრდებული ქალისთვის შეიქმნა დროებითი თავშესაფარი, სადაც ის ქალები, რომლებსაც საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ არსად აქვთ წასასვლელი, სწორედ ამ შესაფარში დარჩებიან ექვსი თვის მანძილზე. ცირა ჭანტურიას თქმით, თავშესაფარში მოსახვედრად დადგენილია გარკვეული კრიტერიუმები:

„დადგენილია თავშესაფრის შინაგანაწესი, რომლის მიხედვითაც ვარჩევთ, თუ ვინ მოხვდება თავშესაფარში. ვიკვლევთ, თუ რა დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული, რამდენად შეუძლია მას მშვიდობიანი თანაარსებობა სხვა ადამიანებთან, რამდენად დგას კრიტიკული საჭიროება იმისათვის, რომ ის განთავსდეს თავშესაფარში. ექვსი თვის მანძილზე, სანამ ისინი თავშესაფარში იცხოვრებენ, მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ მათ მოახერხონ სამსახურის დაწყება, გაუჩნდეთ შემოსავალი, რაც მისცემს საშუალებას, რომ ბინა დაიქირავონ“.

თამარ ხულორდავა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მათი მიზანია მსჯავრდებულ ქალებს შეუქმნან რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა, ის დრო, რომელიც იქ აქვთ, გამოიყენონ ისე, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ მოახერხონ საზოგადოებასთან ინტეგრირება. სწორედ ამიტომ, თამარ ხულორდავას თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ყველა ის პროექტი, რომელიც პატიმარ ქალთა დასახმარებლად იქმნება:

თამარ ხულორდავა

თამარ ხულორდავა

„ბევრი ისეთი პროექტი განხორციელდა, რაც საშუალებას მისცემს ქალებს გარკვეული შემოსავალი მიიღონ ახლად შეძენილი უნარების გამოყენების შედეგად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პირდაპირ ემსახურება არა მარტო კონკრეტული ინდივიდების კარგად ყოფნას და მათ ინტერესებს, არამედ საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი ამგვარი პროექტების განხორციელება, რადგან დანაშაულის პრევენცია სწორედ ასეთი ტიპის აქტივობებითაა შესაძლებელი“.

თამარ ხულორდავასავე თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში შეიქმნა კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც უწყება მიიღებს უფლებას შეიძინოს დაწესებულებების შიგნით შექმნილი ნამუშევრები. ეს, მისი თქმით, იქნება დიდი სტიმული როგორც მსჯავრდებულებისათვის, ისე ბიზნესისთვის, რომ იზრუნონ სისტემის შიგნით საწარმოების გახსნაზე და ამით მსჯავრდებულ ქალთა რესოციალიზაციაზეც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG