Accessibility links

logo-print

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრეზიდენტს ურჩევს მეტი სიხშირით გამოსცეს შეწყალების განკარგულება, რომელიც, წინა წლების პრაქტიკის მიხედვით, ხშირად ემთხვეოდა რელიგიურ თუ საერო დღესასწაულებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ასევე მიიჩნევენ, რომ ცვლილება უნდა შევიდეს შეწყალების წესში და სავალდებულო გახდეს პატიმართან გასაუბრება.

არასამთავრობო ორგანიზაციების - „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის", „მსჯავრდებულთა დახმარების ცენტრისა" და "ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის" - წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ, რომელიც 2014 წლის 27 მარტს გამოიცა, აძლევს საშუალებას პრეზიდენტს მეტი სიხშირით შეიწყალოს პატიმრები.

როდესაც შედის განცხადება კომისიის აპარატში მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ, უნდა იქნეს გამოკვლეული თითოეული მსჯავრდებული ფსიქოლოგების, კომისიის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ჩართულობით...

"მსჯავრდებულთა დახმარების ცენტრის" დამფუძნებლის მამუკა ტუსკაძის თქმით, 2012 წლის 1 ოქტომბრამდეც კი უფრო ხშირად გამოიცემოდა შეწყალების განკარგულება.

„მაშინაც კი იცოდნენ პატიმრებმა, ვიცოდით მათი უფლებების დამცველებმა და ოჯახის წევრებმა, რომ მინიმუმ რელიგიურ დღესასწაულებსა და დიდ საერო დღესასწაულებზე, წელიწადში 5 ან 6-ჯერ იყო შეწყალება. ბოლო ექვს თვეში მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა შეწყალების კომისია, ისიც არარეგილიურ და არასაერო დღესასწაულზე, 31 ივლისს. არადა, 28 აგვიტოს არის ისეთი დღესასწაული, მარიამობა, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო შეწყალება. ამ დღეს ტოტალიტარული მმართველობის დროსაც კი გამოიცემოდა შეწყალების აქტი, მაგრამ ახლა ასე არ ხდება“, უთხრა მამუკა ტუსკაძემ რადიო თავისუფლებას.

მამუკა ტუსკაძის თქმით, ასევე უნდა შეიცვალოს პატიმართა შეწყალების სტანდარტი, რომელიც, მოქმედი წესის მიხედვით, არ ითვალისწინებს პატიმრებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას:

„როდესაც შედის განცხადება კომისიის აპარატში მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ, უნდა იქნეს გამოკვლეული თითოეული მსჯავრდებული ფსიქოლოგების, კომისიის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ჩართულობით. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს არიან ჩართულები, გარკვეულ საიმიჯო საქმედ მიიჩნევენ და ქმედით მუშაობას არ ეწევიან. ისინი არ შედიან ციხეებში და შეწყალების მთხოვნელ პატიმრებთან არ ატარებენ გასაუბრებას, ამით კი არ ხდება მათი ფსიქოლოგიისა და მდგომარეობის შესწავლა“.

არასამთავრობო ორგანიზაციების ამ კრიტიკის პასუხად, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ამბობს, რომ შეწყალების განკარგულების გამოცემა პრეზიდენტის დისკრეციაა და ის მაშინ იღებს გადაწყვეტილებას, როცა საჭიროდ თვლის. რაც შეეხება განკარგულების გამოცემის სიხშირეს, ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ ამ კუთხით პრეზიდენტის კრიტიკა უსაფუძვლოა, რადგანაც ტემპი მაღალია.

ზვიად ქორიძე

ზვიად ქორიძე

„მიმაჩნია, რომ 4 შეწყალების აქტი 7 თვის განმავლობაში საკმაოდ დიდი ოდენობაა, მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, მსჯავრდებულთა რა რაოდენობა შეიწყალა პრეზიდენტმა. ასე რომ, მიბმა რაიმე საერო ან საეკლესიო დღესასწაულებთან არ მიაჩნია პრეზიდენტს მიზანშეწონილად. თავად შეწყალების ბუნება არის სიურპრიზი, ის უნდა მიიღონ როგორც წყალობა პრეზიდენტისგან და მუდმივი მოლოდინი იმისა, რომ რაიმე კალენდარში ჩაჯდება შეწყალება, არასწორია“, უთხრა ზვიად ქორიძემ რადიო თავისუფლებას.

შეწყალების როგორი პრაქტიკა იყო მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს? შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე ამბობს, რომ შეწყალების წესის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებაში ჩაწერილი იყო, რომ შეწყალების კომისია იკრიბებოდა წელიწადში ორჯერ.

„ბრძანებულებაში ასე ეწერა, მაგრამ სიტყვიერი, ზეპირი მოლაპარაკებით გადავწყვიტეთ, რომ თუ ჩავთვლი საჭიროდ, რომ ჩავატარო სხდომა, პრეზიდენტს მივმართავდი წერილით და ის ყოველთვის ადებდა დადებით რეზოლუციას. შეწყალების კომისიის სხდომები ტარდებოდა დღესასწაულებზე, იქნებოდა ეს რელიგიური თუ ცივილური. შესაბამისად, წელიწადში ვატარებდით 5-6 სხდომას“, უთხრა ელენე თევდორაძემ რადიო თავისუფლებას.

რაც შეეხება იმ პატიმრებთან ინდივიდუალურ მუშაობასა და გასაუბრებას, რომლებმაც პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართეს, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ამგვარი პრაქტიკის შემოღების წინააღმდეგია, მით უფრო, რომ მოქმედი მექანიზმი პრაქტიკულად გამორიცხავს არასამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას:

„არის ძალიან ბევრი მექანიზმი: პირველ რიგში, ის განცხადება, რომელიც მოდის თავად მსჯავრდებულისგან. ეს არის საქმის მასალები, რომლებსაც ეცნობიან კომისიის წევრები. ეს არის ის დახასიათება და სხვა ტიპის ცნობები, რომლებიც მოდის საპატიმრო დაწესებულებებიდან. ეს არის ახსნა თავად მსჯავრდებულის მხრიდან, თუ როგორ გაიაზრა მან თავისი დანაშაული და რატომ მიიღო გადაწყვეტილება მიმართოს პრეზიდენტს შეწყალებისთვის. ეს არის ის დოკუმენტები, რომლებსაც სხვადასხვა ინტენსივობით აწვდიან შეწყალების კომისიას მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები“.

არ გაითვალისწინონ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მიღებული დარღვევა, რომელიც მსჯავრდებულს პირად საქმეში უწერია და მოჰყვება დღემდე. ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება ამ საქმეების გაუქმების შესახებ...

კიდევ ერთი ინიციატივა, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა პრეზიდენტს მიმართა, შეეხება წინა ხელისუფლების პირობებში პატიმრებისათვის გაფუჭებულ პირად საქმეებს. ,,მსჯავრდებულთა დახმარების ცენტრის" დამფუძნებლის მამუკა ტუსკაძის კომენტარი:

„არ გაითვალისწინონ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მიღებული დარღვევა, რომელიც მსჯავრდებულს პირად საქმეში უწერია და მოჰყვება დღემდე. ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება ამ საქმეების გაუქმების შესახებ. შესაბამისად, როცა კომისია ჩაიხედება პირად საქმეში და ნახავს ე.წ. დარღვევას, რომელიც მიღებული აქვს ხმაურისთვის, შიმშილობისთვის, უფლებების დაცვისთვის და ა.შ., გამოიტანს უარყოფით დასკვნას“.

მამუკა ტუსკაძის პასუხად, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ამბობს, რომ 2012 წლიდან ლამის ორი წელი გავიდა, შეიცვალა ციხეების ადმინისტრაციები, სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობა და, შესაბამისად, შეიცვალა მიდგომა მსჯავრდებულების მიმართ, თუმცა, ზვიად ქორიძის თქმით, საპატიმროებიდან მიღებული დადებითი დახასიათება კვლავ რჩება შეწყალების ერთ-ერთ მთავარ პირობად.

„იყო თუ არა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ესა თუ ის პატიმარი განსაკუთრებული პრესინგის ქვეშ და აისახება თუ არა დღეს ყოველივე ეს მის დახასიათებაში? გარწმუნებთ, რომ მე ასეთი დახასიათება არ მინახავს. არადა, უკვე 8 თვეა ვარ კომისიის წევრი. ძირითადად ვიღებ დახასიათებებს, რომლებშიც მსჯავრდებულები ხასიათდებიან იმ მაჩვენებლებით, რომლითაც თავი ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოიჩინეს“, უთხრა ზვიად ქორიძემ რადიო თავისუფლებას.

XS
SM
MD
LG