Accessibility links

logo-print

რა გარემო ხვდება ყოფილ პატიმარს, როდესაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებს? არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციით არის დაკავებული, თუმცა ამავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვითარების შესაცვლელად ეს საკმარისი არ არის.

ორი წლის წინ პატიმრების წამების ფაქტებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა არჩევნებზე და დღეს საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს. რა მდგომარეობაში არიან ისინი, ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებას ახლა ტოვებს და საზოგადოებაში თავის დამკვიდრება ხელახლა უწევს?

წამების მსხვერპლთა სამედიცინო და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელი ლელა ცისკარიშვილი ამბობს, რომ ციხეებში წამება მართლაც სისტემური ხასიათის იყო და, შესაბამისად, ყოფილი პატიმრების დიდი ნაწილი ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას საჭიროებს. მათგან ბევრია აგრესიული, დეპრესიული, სუიციდისკენ მიდრეკილიც კი:

„იმისთვის, რომ პატიმრის რესოციალიზაცია მოხდეს, აუცილებელია ეს პროცესი დაიწყოს სასჯელაღსრულების დაწესებულების შიგნით და არა მაშინ, როცა პატიმარი გარეთ გამოდის. უნდა იყოს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური მიდგომა, ჯგუფებად მაინც უნდა დაიყონ, მათი რესურსებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. დაწესებულების შიგნით უნდა არსებობდეს პროფესიული გადამზადების საშუალება, ხელობის შემსწავლელი კურსები. სისტემა უნდა იყოს აწყობილი ისე, რომ პატიმარი უკან ციხეში არ შებრუნდეს. ამას ახლა იდეალურ ვარიანტს ვამბობ, რა თქმა უნდა. ჩვენთან ასე არ არის“.

ერთი არის პატიმრობის სტრესი, რაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ემართება პატიმარს და მეორეა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა -სისტემატურად არაჰუმანური მოპყრობის ქვეშ იყვნენ...

წამების მსხვერპლთა სამედიცინო და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრმა გამოსცა წიგნი, სადაც ყოფილი პატიმრები საკუთარ ისტორიებს იხსენებენ. ეს წამების ისტორიებია. ამ წიგნში ადამიანები ჰყვებიან, როგორ გაუტეხეს ცემისგან შუბლის ძვალი, როგორ ჰყავდათ შიშველი დამწყვდეული ყინვაში. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში გრძელდებოდა:

„ერთი არის პატიმრობის სტრესი, რაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ემართება პატიმარს და მეორეა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა - სისტემატურად არაჰუმანური მოპყრობის ქვეშ იყვნენ. აქ შეიძლება აგრესიაზე ვისაუბროთ, უიმედობაზე, ალკოჰოლის მომეტებულ მოხმარებაზე...“

მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე მუშაობს. ერთ-ერთი მათგანი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრია, რომლის ბაზაზეც მოქმედებს კრიზისური ინტერვენციის სახელმწიფო პროგრამა. მისი ხელმძღვანელი ლაშა კილაძე ამბობს, რომ ამნისტიით გამოშვებულ პატიმართაგან ბევრს დასჭირდა დახმარება:

ლაშა კილაძე

ლაშა კილაძე

„განსაკუთრებით ეს მაინც ამნისტიას უკავშირდება. ბევრი მათგანი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს დიდი დოზით მოიხმარდა“.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი იმ ორგანიზაციებიდან ერთ-ერთია, რომელსაც პატიმრების საზოგადოებაში ადაპტირება ევალება.

ცენტრის ხელმძღვანელი ჯონი კვინიკაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მათი პრობლემა ის არის, რომ პატიმრების მომართვიანობა დაბალია:

„ჩვენ ვეხმარებით ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში, სოციალური უნარების ამაღლებაში, პროფესიულ გადამზადებაში და შემდეგ უკვე დასაქმებაში. შეიძლება რეკომენდაცია გავუწიოთ ან თავად მოვუძებნოთ სამსახური. ჩვენ გვაქვს ბაზა პოტენციური დამსაქმებლების და ასევე ჩვენი ბენეფიციარების. როდესაც ეს ორი ერთმანეთს ემთხვევა, შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანს“.

დასაქმების პროექტში მივიღე მონაწილეობა, რომლის შემდეგაც საჯარო რეესტრის სააგენტოში დავიწყე მუშაობა. საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე გვანდეს...

მაგრამ ცენტრს ბევრი არ მიმართავს. ჯონი კვინიკაძე მიზეზად იმას ასახელებს, რომ ყოფილ პატიმრებს მაშინვე დასაქმება უნდათ. რეალურად კი ცენტრი უნდა დარწმუნდეს, რომ თავისუფლებაზე გამოსულ ადამიანს ფსიქიკა ნორმალური აქვს და არც რეციდივისკენ მიდრეკილებით გამოირჩევა.

თინა ქაცანაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც გადაწყვიტა ბედი ეცადა და გაუმართლა კიდეც. სასჯელის მოხდის შემდეგ მან დანაშაულის პრევენციის ცენტრს მიმართა:

„დასაქმების პროექტში მივიღე მონაწილეობა, რომლის შემდეგაც საჯარო რეესტრის სააგენტოში დავიწყე მუშაობა. საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე გვანდეს - საქართველოს მასშტაბით უძრავი ქონების დოკუმენტაციის დაარქივება“.

თინა ქაცანაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტებზე მუშაობა თავად ამ სამსახურში ასწავლეს და, რომ არა ეს პროგრამა, ის სამსახურს ვერ იშოვიდა.

XS
SM
MD
LG