Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მატარებელი არსაით


მატარებლის სპეციალური, ციხის ვაგონი
მატარებლის სპეციალური, ციხის ვაგონი
„გრინპისის“ დაპატიმრებული აქტივისტების მურმანსკიდან მოულონდელად წაყვანამ და ხანგრძლივმა გაურკვევლობამ „პუსი რაიოტის“ დაპატიმრებული წევრის, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას, ადგილსამყოფლის გარშემო რუსეთში პატიმრების ეტაპირების პრაქტიკის მიმართ ინტერესი გააძლიერა.

ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა დილაუთენია, წინასწარ გაფრთხილების გარეშე, „გრინპისის“ აქტივისტები მურმანსკის საპატიმროდან წაიყვანეს მატარებლის სპეციალურ, ციხის ვაგონში, სხვა ქალაქში მათი ეტაპირების მიზნით. არც ადვოკატები და ნათესავები გაუფრთხილებია ვისმე. ნათელი არ იყო, სად მიჰყავდათ დაკავებულები. ნათელი არ იყო, როდის ჩავიდოდნენ დანიშნულების ადგილას.

რუსეთში დაკავებულთა გადაყვანის, ანუ ეტაპირების, ამ ისტორიაში, რომელიც 11 ნოემბრით თარიღდება, უჩვეულო არაფერია. ერთადერთი, რაც სხვა შემთხვევებისაგან განსხვავდებოდა, იყო ის, რომ გამომძიებლებმა მოგვიანებით განმარტეს, რომ „გრინპისის“ აქტივისტები გადაჰყავდათ წინასწარი დაკავების ცენტრში, სანკტ-პეტერბურგში. ასეთი განმარტება სტანდარტული პროცედურიდან გადახვევას ნიშნავდა.
თავად ის ფაქტი, რომ ადამიანი, შეიძლება ითქვას, ქრება ნათესავების, უფლებედამცველების მხედველობის არიდან, აღმაშფოთებელია! განსაკუთრებით თანამედროვე პირობებში. ახლა აღარ არის გულაგის ეპოქა. ეს პრაქტიკა კი გულაგის ნამდვილი რუდიმენტია...
ვალერი სერგეევი

რუსეთში ეტაპირება დღეები, კვირები, ზოგჯერ თვეები შეიძლება გაგრძელდეს. და, როგორც „პუსი რაიოტის“ დაპატიმრებული წევრის, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას მაგალითი მოწმობს, სამართალდამცველებს კანონი არ ავალდებულებს, გასცენ ინფორმაცია დაკავებულის ადგილსამყოფლისა და ეტაპირებისას მისი მდგომარეობის შესახებ.

ტოლოკონიკოვას ადგილსამყოფელი საიდუმლო რჩებოდა 21 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე, ანუ მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ მიმდინარეობდა მისი ეტაპირება ქალთა მე-14 კოლონიიდან, რომელიც მორდვეთის რესპუბლიკაში მდებარეობს. დანიშნულების ადგილზე ინფორმაცია 12 ნოემბერს გავრცელდა: პატიმრობის დარჩენილ ვადას ტოლოკონიკოვა ციმბირში, კრასნოიარსკის მხარეში დაყოფს. ამის შესახებ გამოაცხადა რუსეთის სახალხო დამცველის ოფისმა, სასჯელაღსრულების მაკონტროლებელი სახელმწიფო სააგენტოსაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„პუსი რაიოტის“ წევრის ადგილსამყოფლის გასაიდუმლოებამ გაზარდა ინტერესი რუსეთში ეტაპირების გაუმჭვირვალე პრაქტიკის მიმართ, როცა პატიმრები ათწლეულების წინ დამზადებული ვაგონებით, უზარმაზარი მანძილების გავლით გადაჰყავთ სასჯელაღსრულების ერთიდან მეორე დაწესებულებაში. ეტაპირების პროცესი მოიცავს „სატრანზიტო ციხეებსაც“, რომლებშიც პატიმრებს სძინავთ, რომლებშიც ზოგჯერ რამდენიმე დღე უწევთ დარჩენა შემდეგი მატარებლის მოლოდინში. მარშრუტი გასაიდუმლოებულია, პატიმართან დაკავშირება - შეუძლებელი.

„თავად ის ფაქტი, რომ ადამიანი, შეიძლება ითქვას, ქრება ნათესავების, უფლებედამცველების მხედველობის არიდან, აღმაშფოთებელია! განსაკუთრებით თანამედროვე პირობებში. ახლა აღარ არის გულაგის ეპოქა. ეს პრაქტიკა კი გულაგის ნამდვილი რუდიმენტია“, - ამბობს მოსკოვში დაფუძნებული „ციხის რეფორმის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ვალერი სერგეევი. ის პირქუშ სურათს აღწერს დაკავებულებისთვის შექმნილ პირობებზე საუბრისას.

12 პატიმარს ათავსებენ კუპეში, რომელიც, ჩვეულებრივ, სამგზავრო მატარებელში ოთხი კაცისთვის არის განკუთვნილი. ტუალეტში მთელი დღის განმავლობაში ორჯერ უშვებენ, ორჯერ აძლევენ სასმელ წყალს. კუპეებში ფანჯრები არ არის და უვარგისი ვენტილაციის გამო აუტანელი სუნი დგას...
ჩვენი აზრით, ეს საოცრად ხანგრძლივი ეტაპირება, ნადეჟდას სრულ იზოლაციასთან ერთად, არის ერთგვარი სასჯელი, რომელსაც რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემა იყენებს ნადეჟდას დასასჯელად იმ დიდი ყურადღებისათვის, რომელიც მისმა წერილებმა მიაპყრო ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევას...
პიოტრ ვერზილოვი

ნადეჟდა ტოლოკონიკოვას „პუსი რაიოტის“ კიდევ ორ წევრთან, მარია ალიოხინასა და ეკატერინა სამუცევიჩთან, ერთად 2012 წლის აგვისტოში მიუსაჯეს ორი წლით პატიმრობა „რელიგიური სიძულვილით მოტივირებული ხულიგნობისათვის“. სამი ახალგაზრდა ქალი 2012 წლის მარტში დააპატიმრეს, მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში პუტინის საწინააღმდეგო ლოცვა-პერფორმანსის ჩატარების შემდეგ.

სამუცევიჩი 2012 წლის ოქტომბერში თავდებით გამოუშვეს ციხიდან. ტოლოკონიკოვას და ალიოხინას მომავალი წლის მარტში ამოეწურებათ პატიმრობის ვადა.

წელს, სექტემბერში, ტოლოკონიკოვამ შიმშილობა გამოაცხადა მორდვეთის კოლონიაში პატიმრობისათვის შექმნილი მძიმე პირობების გასაპროტესტებლად და სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში გადაყვანა მოითხოვა. ტოლოკონიკოვას ბრალდებები დაადასტურა კომისიამაც, რომელიც ამ კოლონიაში გაგზავნა პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭომ. სკანდალმა ყურადღების ცენტრში მოაქცია საკითხი, რომელიც, ჩვეულებრივ, არ იწვევს ხოლმე საზოგადოების ინტერესს.

შიმშილობით დასუსტებული ტოლოკონიკოვა საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მოგვიანებით ისევ მორდვეთის კოლონიაში დააბრუნეს. მან ისევ დაიწყო შიმშილობა. ამის შემდეგ გადაწყდა მისი ეტაპირება - სხვა კოლონიაში გადაყვანა.

ნადეჟდა ტოლოკონიკოვას ქმარი, პიოტრ ვერზილოვი, დარწმუნებულია, რომ სასჯელაღსრულების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა განზრახ გააჭიანურეს: „ჩვენი აზრით, ეს საოცრად ხანგრძლივი ეტაპირება, ნადეჟდას სრულ იზოლაციასთან ერთად, არის ერთგვარი სასჯელი, რომელსაც რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემა იყენებს ნადეჟდას დასასჯელად იმ დიდი ყურადღებისათვის, რომელიც მისმა წერილებმა მიაპყრო ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევას“.
XS
SM
MD
LG